იტალიასაზოგადოება

იტალიაში ველოსიპედების და „მონოპატინების“ შესყიდვის წამახალისებელი ბონუსი ოფიციალურად დამტკიცდა

იტალიის მთავრობის მიერ დამტკიცებული Decreto Rilancio-ს საკანონმდებლო პაკეტის მთელი ერთი მუხლი მდგრად მობილობას ეხება და ითვალისწინებს მოქალაქეთა წახალისებას ეკოლოგიური გადაადგილების საშუალებების, მათ შორის, ელექტროთვითმგორავის (ე. წ. „სამაკატი“, იტალიურად – monopattino elettrico) შესაძენად. „ბონუსი ელექტროთვითმგორავისთვის“ მიმდინარე წლის ბოლომდე საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, როგორც არაელექტრო, ისე ელექტროველოსიპედები და „მონოპატინები“ 60%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იტალიის უმეტესი ადგილები ელექტროთვითმგორავებით „გაივსო“ – „მონოპატინო“ საკმაოდ პოპულარული გახდა. ავტომაგისტრალის კოდექსში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, ბევრმა კომპანიამ მათი მომსახურება (კერძოდ, ე. წ. შეარსერვისები) ისეთ ქალაქებში დანერგა, როგორიცაა: მილანი, ტურინი, რომი, ვერონა და ბარი.

ბევრი ამ მცირე ზომის ტრანსპორტს „ბოლო ნახევარი მილის გასავლელად“ იყენებს, ზოგჯერ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან შეთავსებით („მონოპატინო“ შეგიძლიათ მეტროში თუ ავტობუსში შეიტანოთ, რასაც ველოსიპედის შემთხვევაში ვერ გააკეთებთ). უფრო მეტიც, შეგიძლიათ მანქანით მგზავრობისას მიუდგომელ ადგილებში მონოპატინოთი განაგრძოთ გზა.

ახალგაზრდა კაცი თვითმგორავით მეტროში

არსებულ სიტუაციაში ამ სახის გადაადგილების საშუალებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რადგან  მათ შეუძლიათ შეამცირონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატვირთვა, რაც კოვიდ-19-ით შექმნილი საგანგებო სიტუაციის დროს მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მთავრობამ, წაახალისოს ამ სატრანსპორტო საშუალებების შეძენა.

ამას გარდა, ხელისუფლება მთელ რიგ სხვა ღონისძიებებსაც ახორციელებს, რომლებიც ხელს უწყობენ ველოსიპედებითა და ელექტრომობილებით კომფორტულ გადაადგილებას ქალაქის პირობებში.

რამდენი შეგიძლიათ დაზოგოთ ბონუსის საშუალებით?

ჩვეულებრივი ველოსიპედის, ელექტროველოსიპედის ან თვითმგორავის შეძენისას პროდუქტის ღირებულების 60%-მდე თანხას დაზოგავთ, მაქსიმუმ 500 ევრომდე. ამ სხვაობას სახელმწიფო გადაიხდის.

მაგალითად, თუ დაინტერესებული ხართ Ninebot Max G30-ის შეძენით, რომელიც, ჩვეულებრივ, დაახლოებით 700 ევრო ღირს, ბონუსის წყალობით მიიღებთ ფასდაკლებას 420 ევრომდე, შესაბამისად, მონოპატინო თქვენთვის მხოლოდ 280 ევრო ეღირება.

მეორე, ყველაზე პოპულარული თვითმგორავის, Ninebot Es2-ის ფასი ინტერნმეტში 389 ევროდან იწყება. თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ 233 და მხოლოდ 156 ევრო გადაიხადოთ.

ვის შეუძლია ბონუსის მიღება?

ამ სახის გადაადგილების საშუალებების შეძენისას ბონუსის მიღება შეუძლიათ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ:

  • მუნიციპალიტეტში, რომლის მოსახლეობა 50 000-ზე ნაკლები არ არის;
  • დედაქალაქის არეალში;
  • ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, რომელიც დედაქალაქის (მათ შორის, რეგიონის დედაქალაქის – მაგ., მილანის) არეალს განეკუთვნება;
  • რეგიონის ან პროვინციის დედაქალაქში.

ზოგი სავაჭრო ობიექტი, რომელსაც შესაბამისი შეთანხმება აქვს, პირდაპირ ფასდაკლებით ყიდის ამ სატრანსპორტო საშუალებებს. მათ შესაძენად პასპორტი უნდა იქონიოთ.

მეორე შემთხვევაში ინახავთ შენაძენის დამადასტურებელ საბუთს – ქვითარს, ჩამოტვირთავთ სათანადო აპლიკაციას, მიჰყვებით მის ინსტრუქციას და ბონუსის თანხა თქვენს ანგარიშზე დაგერიცხებათ.

„მონოპატინოს ბონუსი“ 2020 წლის 4 მაისიდან  2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს ანუ ფასდაკლებას მოქალაქეები მხოლოდ ამ პერიოდში შეძენილ ნივთზე მიიღებენ.

ციცი ხაბელაშვილი

წყარო: teeech.it

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close