საქართველოს დამოკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური საზეიმო ღონისძიებები არ გაიმართება
ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, წინა წლებისგან განსხვავებით, მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო ეროვნული დღესასწაული წელს განსხვავებულად აღინიშნება:
„სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.
26 მაისი საქართველოში ეროვნული დღესასწაულია – დამოუკიდებლობის დღე. 102 წლის წინათ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ცნეს წამყვანმა ევროპულმა სახელმწიფოებმა, თუმცა მან სულ რაღაც 2 წელი და 9 თვე იარსება. საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში განხორციელებული ოკუპაციის შედეგად საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და მისი აღდგენა მხოლოდ 1991 წლის 9 აპრილს, ოკუპაციიდან 70 წლის შემდეგ შეძლო.
კომენტარები