კრიმინალისპორტი

ამჯერად ბრალდებულის სტატუსით: რას წერს მსოფლიო მედია ნიკოლოზ ბასილაშვილზე

ცნობილ ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ადანაშაულებენ. თავად ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს. დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ ჩოგბურთელის ოჯახმა განცხადება გაავრცელა და ნეკა დოროყაშვილის ბრალდებები უარყო.

ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ამბობს, რომ საქმის დეტალებზე უახლოეს მომავალში პრესკონფერენციაზე ისაუბრებს, თუმცა მანამდე ნეკა დოროყაშვილმა თქვა, რომ სპორტსმენმა მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ხოლო ყოფილი მამამთილი დიდტარიანი საგნით გაეკიდა. მისივე თქმით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა იგი შვილის წამოსაყვანად ბასილაშვილის სახლში მივიდა.

ჯერჯერობით უცნობია სასამართლო გამოძიებისა და მტკიცებულებების დეტალები. საქმის მასალებს სახალხო დამცველიც იკვლევს.

ფაქტია, რომ დანაშაულის სპეციფიკურობის გარდა, საქმე ეხება მსოფლიოს 27-ე ჩოგანს, რომელსაც ყოველთვის გულშემატკივრობდა მთელი საქართველო.

ჩოგბურთელის საქმეს დღეს არა მარტო ქართული, არამედ უცხოური მედიაც აშუქებდა.

„ჩოგბურთის ქართველ ვარსკვლავს ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავებიან“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ფრანგული გამოცემა france24. სტატიაში ნათქვამია, რომ ბასილაშვილი 27 ათასი ევროს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ბასილაშვილის საქმეზე წერს „გარდიანიც“. სტატიაში ნათქვამია, რომ ოჯახში ძალადობის გამო დაკავებულ და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ ბასილაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამწლიანი პატიმრობა ემუქრება.

„გარდიანი“ აღნიშნავს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი ჩოგბურთელია.

„ის პირველია, რომელმაც ATP-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე რამდენიმე ტიტული მოიგო და თავის კარიერის განმავლობაში ხუთ მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ბასილაშვილმა და  დოროყაშვილმა 2013 წელს იქორწინეს, 2015 წელს კი მათ შვილი, ლუკა შეეძინათ“, – ნათქვამია სტატიაში.

ბასილაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებით დაინტერსდნენ ისეთი გამოცემებიც, როგორიცაა: The Sun, MSN,  Essentiallysports, Tennis-tourtalk.

როგორ წარიმართება ტიტულოვანი ქართველი ჩოგბურთელის პროცესი და იქონიებს თუ არა ეს ყველაფერი ზეგავლენას მის კარიერაზე მსოფლიო მასშტაბით, ივლისის მეორე ნახევარში გაირკვევა, – წერს უცხოური მედია.

შეგახსენებთ, რომ წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close