იტალიაპოლიტიკასაზოგადოება

კონტე: „იტალიამ ეპიდემიის ყველაზე ცუდი პერიოდი გადალახა, მაგრამ ეკონომიკის „გადატვირთვა“ კიდევ უფრო რთული ამოცანა იქნება“

„ჯერ კიდევ არ არის საღამოს წვეულებების და ღამის ცხოვრების დრო“

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ქვეყანაში არსებული სიტუაცია შეაფასა. კონტეს თქმით, იტალიამ ეპიდემიის ყველაზე ცუდი პერიოდი გადალახა, მაგრამ ეკონომიკის „გადატვირთვა“ კიდევ უფრო რთული ამოცანა იქნება, ვიდრე ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლა. მთავრობის მიერ მიღებული ზომების მიზანია, „ქვეყნის საწარმოო ძრავა თავიდან აამუშაოს“.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა იტალიის პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.

„შემაკავებელ ზომებს ყველგან იცავდნენ. თუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უარესი უკან მოვიტოვეთ, ამ მხრივ ჩვენი მოქალაქეების წინაშე ვალში ვართ მათ მიერ გაღებული მსხვერპლისთვის“, – განაცხადა კონტემ. მისი თქმით, კარანტინის შემოღება სწორი იყო და ეს მიღებული შედეგებიდან გამოჩნდა.

ორშაბათიდან, 18 მაისიდან, როგორც ცნობილია, მოიხსნა შეზღუდვების დიდი ნაწილი, რომელიც მთავრობამ 11 მარტიდან შემოიღო. კერძოდ, გაიხსნა საცალო ვაჭრობის მაღაზიები, რესტორნები, ბარები, საპარიკმახეროები; ნებადართულია შეუზღუდავად გადაადგილება რეგიონის ფარგლებში, მგზავრობის აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე.

„ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია დისტანციის შენარჩუნება ქუჩაში. ჯერ კიდევ არ არის საღამოს წვეულებების და ღამის ცხოვრების დრო. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ახალი ფაზის დაწყებამ შესაძლოა [ინფიცირების] მრუდის ზრდა გამოიწვიოს. ეს რისკია, რომელზეც წავედით, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია გავჩერდეთ და ვაქცინას დაველოდოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კონტემ აღნიშნა, რომ იტალია პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობით (ამ დროისთვის ჩატარებულია 3 მლნ 244 ათასამდე ტესტი).

„ჩვენ უნდა გავზარდოთ მოლეკულური ტესტების რაოდენობა. 25 მაისიდან ვიწყებთ 150 ათასი ადამიანის უფასო სეროლოგიურ გამოკვლევებს სამეცნიერო მიზნებით“, – განაცხადა კონტემ.

21 მაისის საღამოს მონაცემებით, იტალიაში აქტიურ პაციენტთა რაოდენობა 60 960-მდე შემცირდა, რაც 1792-ით ნაკლებია გუშინდელთან შედარებით. მათგან 640 მძიმე პაციენტია, რომლებსაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობენ. მძიმე პაციენტების რაოდენობა ისევ შემცირდა, ამჯერად 36-ით.

ერთ დღეში 156 პაციენტი გარდაიცვალა და კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 32 486-მდე გაიზარდა (გუშინ დღიური ზრდა 161 იყო).

2278 ადამიანი კიდევ გამოჯანმრთელდა და  გამოჯანმრთელების მთლიანმა რაოდენობამ 134 560-ს მიაღწია.

გასულ ერთ დღეში ინფიცირების  642 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ – 665), ამრიგად, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით ინფიცირებულთა რაოდენობა 228 006-ს შეადგენს. ასეთი სტატისტიკა წარმოადგინდა დღეს საღამოს სამოქალაქო დაცვის სამსახურმა. ამის შესახებ „ანსა“ წერს.

ნინო ხოშტარია

ვიდეოში პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ქალბატონს, რომელიც მადლობას უხდის მას, ეუბნება, რომ მიღწეული შედეგი მოქალაქეების და მთავრობის ერთობლივი დამსახურებაა, თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი დაძლეული არ არის და  მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო. „ჯერ არ არის საღამოს წვეულებების დრო“, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close