იტალიასაზოგადოება

იტალიაში გასულ 24 საათში 99 ადამიანი გარდაიცვალა COVID-19-ით

4 რეგიონში კი ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

უმბრია, ბაზილიკატა, სარდინია და კალაბრია – ეს იტალიის ის 4 რეგიონია, სადაც გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მთლიანობაში კი იტალიაში, ჩატარებული ტესტირებების შედეგად, გასულ ერთ დღეში ინფიცირების 451 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 2 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში. ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 225 886-ს შეადგენს. ახალი მონაცემები სამოქალაქო დაცვის სამსახურმა ცოტა ხნის წინ წარმოადგინა. ამის შესახებ „ანსა“ წერს.

გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობაც მინიმალურია 7 მარტის შემდეგ – 99 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით (მათგან 24 – ლომბარდიაში), სულ კი იტალიაში მსხვერპლთა რიცხვი 32007-ს აღწევს.

ამ დროისთვის ქვეყანაში 66 553 აქტიური პაციენტია კორონავირუსული ინფექციით, 1798-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ. მათგან 10 207 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია საავადმყოფოებში სიმპტომებით (-104), 55597 – სახლშია თვითიზოლაციაში (-1681) უსიმპტომოდ ან მსუბუქი კლინიკური ნიშნებით.

გასულ ერთ დღეში კიდევ 2150 ადამიანს დაუდასტურდა გამოჯანმრთელება და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 127 326-მდე გაიზარდა.

749 მძიმე პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებშია მოთავსებული, 13-ით ნაკლები გუშინდელთან შედარებით (მათგან 252 ლომბარდიაშია, 3-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ).

დღეს, 18 მაისს ბერგამოს აეროპორტმა მუშაობა განაახლა – დილით თვითმფრინავი ჩამოფრინდა სოფიიდან (ბულგარეთი). ბერგამოს აეროპორტში სანიტარიული კონტოლის მკაცრი ზომები მოქმედებს. როგორც ცნობილია, ლომბარდიის ეს ქალაქი, რომელიც მილანიდან 40 კმ-ითაა დაშორებული, იტალიაში ეპიდემიის ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო.

ორშაბათიდან, 18 მაისიდან კუნძულ სარდინიაზე ყველა პლაჟის გახსნა შესაძლებელია – შესაბამისი დადგენილება რეგიონის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა. განახლდა ავიაკავშირი იტალიის სხვა რეგიონებთან, თუმცა სარდინიაში იტალიის სხვა რეგიონებიდან ზღვით თუ თვითმფრინავით ჩასულ ყველა მგზავრს (მათ შორის, მათაც, რომლებიც  კუნძულის მკვიდრნი არიან), 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.

სარდინიის ადმინისტრაციამ, სადაც იტალიაში კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება, აგრეთვე, განმარტა, რომ თუ სიტუაცია გაუარესდება, გაუქმებული შეზღუდვები ისევ აღდგება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close