18 მაისიდან იტალიაში შეზღუდვების მოხსნის ახალ ეტაპთან დაკავშირებით გუშინ, 16 მაისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში მსჯელობა მიმდინარეობდა რეგიონებსა და ცენტრალურ მთავრობას შორის. პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ, დისკუსიის შემდეგ, სთხოვა მათ განეხილათ ერთობლივი ტექსტი, რომელიც რეგიონებმა შეიმუშავეს.
გვიან საღამოს მთავრობამ რეგიონების ერთობლივი ტექსტი მოიწონა და მინისტრთა საბჭომ, პრემიერ კონტესა და ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანცას წინადადებით, მხარი დაუჭირა ბრძანებულება-კანონს, რომელსაც შემოაქვს მომავალი გადაუდებელი ზომები კოვიდ-19-თან დაკავშირებული საგანგებო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის წინააღმდეგ. ბრძანებულებას რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ უკვე მოაწერა ხელი.
ბრძანებულების თანახმად, 18 მაისიდან ყველანაირი შეზღუდვა უქმდება რეგიონის ფარგლებში ადამიანთა გადაადგილებზე, თუმცა ერთი რეგიონიდან მეორეში გადაადგილება საზოგადოებრივი თუ კერძო ტრანსპორტით 2 ივნისის ჩათვლით ისევ აკრძალულია (განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, როგორიც არის, მაგ., სამსახურებრივი მივლინება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შექმნილი გადაუდებელი აუცილებლობა). 3 ივნისიდან კი სხვადასხვა რეგიონს შორის მიმოსვლა შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების შედეგად, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე.
ახალი ბრძანებულება და სხვადასხვა საქმიანობის განახლება
გუშინ გვიან საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც დიდი ხნის შემდეგ პირველად ჩატარდა არა ვიდეოფორმატში, არამედ ჟურნალისტების ფიზიკური დასწრებით, პრემიერ-მინისტრმა კონტემ მთავრობის ახალ ბრძანებულებაზე ისაუბრა.
ახალი დოკუმენტის ტექსტის თანახმად, ორშაბათიდან, 18 მაისიდან სრულად ამუშავდება ბარები, რესტორნები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები და იხსნება შეზღუდვები ადამიანების გადაადგილებაზე: ხვალიდან შესაძლებელია მეგობრებთან, ახლობლებთან შეხვედრა და სახლიდან ავტოსერტიფიკატის დოკუმენტის გარეშე გასვლა, მათ შორის, ლომბარდიასა და პიემონტშიც (ლომბარდიის პრეზიდენტი ატილიო ფონატანა ძალიან კმაყოფილი დარჩა, სწორედ მან წარმოადგინა რეგიონების ერთიანი დოკუმენტი «per non andare in ordine sparso»/„ნუ დაიწყებთ სიარულს უთავბოლოდ“ და ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას პრობლემების გადაწყვეტის რებუსის ამოხსნისთვის გასაღები მისცა).
18 მაისიდან ეკონომიკური, საწარმოო და სოციალური აქტივობა უნდა განახლდეს სახელმძღვანელო პრინციპებისა და პროტოკოლების შესაბამისად, რომლებიც რეგიონების ან რეგიონებისა და ავტონომიური პროვინციების კონფერენციის მიერ არის დამტკიცებული ინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად მოცემულ სექტორში, ნაციონალურ დონეზე მიღებული სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.
ამ წესების დარღვევა გამოიწვევს სამეურნეო ან საწარმოო საქმიანობის შეჩერებას უსაფრთხოების პირობების აღდგენამდე და ჯარიმას 400-იდან 3000 ევრომდე, რომელიც 1/3-ით გაიზრდება, თუ დარღვევა ხდება სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით.
პრემიერის განცხადებით, 25 მაისიდან იტალიაში გაიხსნება სპორტდარბაზები, აუზები და სპორტული ცენტრები, 15 ივნისიდან კი – კინოთეატრები და თეატრები.
პრემიერმა Decreto Rilancio-ზეც ისაუბრა, რომელიც 55-მილიარდიან პაკეტს მოიცავს. მისი თქმით, მთავრობა ყველა სიძნელეს ამ დეკრეტით ვერ გაუმკლავდება, თუმცა ხელს შეუწყობს მათ დაძლევას. „ამ ბიუჯეტით ჩვენ ვაშენებთ ხიდს, რათა დავძლიოთ კრიზისის შედეგები“, – განაცხადა კონტემ და აღნიშნა, რომ მთავრობა მუშაობს, რათა გაამარტივოს ადმინისტრაციული მოქმედებები. კონტეს თქმით, შემდეგი ნაბიჯი იქნება „ევროპული გეგმა ქვეყნის სრულად აღსადგენად“. პრემიერმა დასძინა, რომ ქვეყნის ჯანსაღი ძალების მხარდაჭერის იმედი აქვს.
პრესკონფერენციის მსვლელობისას პრემიერ-მინისტრი საინფორმაციო სააგენტო „ანსას“ ჟურნალისტების გაფიცვის საკითხსაც შეეხო („ანსა“ 15 მაისიდან 17 მაისამდე გაიფიცა „გადატვირთვის დეკრეტში“ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის საკითხის უგულებელყოფის გამო). პრემიერმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა გაზეთს პრობლემა შეექმნა, არსებობს სამეწარმეო და ეკონომიკური საქმიანობის პრობლემები… „გადატვირთვის“ დეკრეტში ჩვენ გავითვალისწინეთ ეს საკითხი, ჩვენ ამას ყურდღება მივაქციეთ, რადგან მთავრობისთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ინფორმაცია (a libera informazione)“, – განაცხადა იტალიის მთავრობის მეთურმა
ნინო ხოშტარია
წყარო: repubblica.it
კომენტარები