იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ბოლო თვეების მინიმუმზეა
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 125 ათასს გადააჭარბა
გასულ 24 საათში ჩატარებული ტესტირებების შედეგად მთელი იტალიის მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების 675 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო თვეების განმავლობაში.
ამ დროისთვის ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 225 435-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით. ახალ მონაცემებს, სამოქალაქო დაცვის სამსახურის ბიულეტენზე დაყრდნობით, სააგენტო ANSA აქვეყნებს.
შემცირდა გარდაცვალების დღიური მაჩვენებელიც – გასულ ერთ დღეში კორონავირუსისგან 145 ადამიანი გარდაიცვალა (გუშინ – 153) და კოვიდ-19-ის მსხვერპლთა საერთო რიცხვი 31 908-მდე გაიზარდა.
იტალიაში ამ დროისთვის 68 351 აქტიური პაციენტია კორონავირუსული ინფექციით,1836-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ერთ დღეში 2366-ით გაიზარდა და 125 176-ს მიაღწია.
ინტერნსიური თერაპიის განყოფილებებში მოთავსებულია 762 მძიმე პაციენტი, რაც 13-ით ნაკლებია გუშინდელთან შედარებით (მათგან 225 ლომბარდიაშია, 13-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ).
მოკლედ, ყველა მაჩვენებლის მიხედვით შეიმჩნევა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
ხვალიდან იტალია „მეორე ფაზის“ ახალ ეტაპზე გადადის, იხსნება რიგი შეზღუდვები, მათ შორის, ავტოსერტიფიკატი უქმდება და რეგიონის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება დასაშვები ხდება. 25 მაისიდან გაიხსნება სპორტდარბაზები, სპორტული ცენტრები და აუზები.
ნინო ხოშტარია
კომენტარები