რატომ ვერ გადაარჩინეს ცნობილი ქართველი ექიმი, რომელიც COVID-19-ით გარდაიცვალა
მოსკოვში, სეჩენოვის სახელობის უნივერსიტეტში კორონავირუსით დაღუპულ ქართველ ექიმს ზაალ გეორგაძეს გამოემშვიდობნენ. იგი უნივერსიტეტის №4 კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე იყო სამედიცინო ნაწილში. ამის შესახებ რუსული მედია წერს – გამოცემა „რამბლერი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით: „რატომ ვერ გადაარჩინეს კორონავირუსისგან გამოჩენილი ექიმი ზაალ გეორგაძე“.
იგი 67 წლის იყო და პანდემიის დროს შეეძლო არ ემუშავა, მაგრამ გადაწყვიტა კოლექტივთან ერთად ყოფილიყო, წინა ხაზზე.
მის პროფესიულ ინტუიციაზე ლეგენდები დადის. მას შეეძლო ეგრძნო და შეემჩნია ის, რაც სხვებისთვის დაფარული იყო.
გამოსასვლელი დღეები მისთვის არ არსებობდა, პაციენტები და კოლეგები ნებისმიერ დროს ურეკავდნენ, დღისით თუ ღამით. არავის ეუბნებოდა უარს დახმარებაზე. უყვარდა თავისი საქმე და ადამიანები.
უამრავ პაციენტს დაეხმარა კორონავირუსის დამარცხებაში, მათ შორის, რუსეთის მუფტის მოადგილესაც. ბოლომდე იხარჯებოდა, მაგრამ თავად სახიფათო ინფექციასთან გასამკლავებლად ძალა აღარ დარჩა. მისი გული 9 მაისს გაჩერდა.
კოლეგები ბოლომდე იბრძოდნენ ყველასთვის საყვარელი, „ძვირფასი ზალიკის“ გადასარჩენად.
„ძალიან მენატრები, მამა. მიყვარხარ მთელი გულით. შენ აუცილებლად უნდა გამხდარიყავი ვინმესთვის მფარველი ანგელოზი, ამიტომაც მოგიწია წასვლა. მიყურე ზეციდან, ჩემით იამაყებ!“ – დაწერა სოციალურ ქსელში მისმა ქალიშვილმა ქეთიმ.
ექიმ ზაალ გეორგაძის სახელი შეტანილია იმ მედიკოსთა „ხსოვნის სიაში“, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს დაიღუპნენ, – წერს გამოცემა rambler.ru.
კომენტარები