იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 100000-ს გადააჭარბა (ვიდეო)
სტატისტიკური მონაცემები რეგიონების მიხედვით
იტალიაში გასულ 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 1083 ახალი შემთხვევის შედეგად 218268-მდე გაიზარდა ინფიცირების შემთხვევათა მთლიანი რაოდენობა (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით); კიდევ 194 ადამიანი დაიღუპა ახალი კორონავირუსის გამო და ლეტალური შემთხვევების ჯამურმა მაჩვენებელმა 30395-ს მიღწია, მათ შორის, ლომბარდიაში – 14924-ს (+85).
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გასულ ერთ დღეში 4008-ით გაიზარდა და 100 000-ს გადააჭარბა (103031). აქტიურ პაციენტთა რაოდენობაც მნიშვნელოვნად, 3119-ით შემცირდა და ამ დროისთვის 84842-ს შეადგენს.
ერთ დღეში კიდევ 134-ით მოიკლო კრიტიკულად მძიმე პაციენტების რიცხვმა და ამჟამად მთელი იტალიის მასშტაბით ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 1034 პაციენტია მოთავსებული კოვიდ-19-ის დიაგნოზით (მათგან 330 ლომბარდიაშია, 70-ით ნაკლები გუშინდელთან შედარებით). ასეთია სამოქალაქო დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ახალი, 9 მაისის მონაცემები.
ამ ცხრილში, რომელიც „ანსამ“ გამოაქვეყნა, შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას რეგიონების მიხედვით.
იტალიის მოქალაქეთა 58% მიიჩნევს, რომ ქვეყნაში უკვე შესაძლებელია მოიხსნას ეკონომიკური საქმიანობის შემზღუდავი ყველა ზომა. ამის შესახებ Corriere della Sera დღეს წერს, Ipsos-ის სოციოლოგიური კვლევის ანგარიშზე დაყრდნობით.
საწინააღმდეგო აზრისაა მოქალაქეთა 24% – ისინი ფიქრობენ, რომ შეზღუდვების მოხსნა ჯერ ადრეა.
აღსანიშნავია, რომ კარანტინის მოხსნას უფრო მეტად ემხრობიან იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები, სადაც ინფექცია უფრო მეტად გავრცელდა და სადაც კარანტინი უფრო ადრე შემოიღეს, ვიდრე პანდემიისგან ნაკლებად დაზარალებული სამხრეთის რეგიონების მცხოვრებლები.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წელს საზაფხულო ფასდაკლებები პირველ აგვისტოს დაიწყება – ეს არის ერთიანი თარიღი მთელი იტალიისთვის. გადაწყვეტილება რეგიონების კონფერენციაზე მიიღეს, რომელიც ემილია რომანიის რეგიონის პრეზიდენტის, სტეფანო ბონაჩინის ხელმძღვანელობით ჩატარდა. როგორც წესი, იტალიაში ზაფხულის ფასდაკლებების სეზონი ივლისის დასაწყისში იხსნება ხოლმე.
დაგეგმილ დროს, 4 ივლისს ზაფხულის ფასდაკლებების დაწყების წინააღმდეგ 4000-ზე მეტი დაწესებულების 94% გამოვიდა.
მეორე მხრივ, დიზაინერები დ მეწარმეები ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა შენარჩუნდეს ფასეულობა Made in Italy და გადაწყდეს გაყიდვების პრობლემა მაღაზიებში მათი გახსნის შემდეგ.
ნინო ხოშტარია
ტურინი: რუფინის პარკში (parco Ruffini) ხალხმრავლობაა ლოქდაუნის შემსუბუქების პირველ შაბათს. პოლიცია ცდილობს, სიტუაცია გააკონტროლოს.
კომენტარები