6 მაისს წმინდა გიორგის მოწამებრივად გარდაცვალების დღეა
„წმინდა გიორგის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!“ - ილია მეორე
„ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლი, ღვაწლით შემოსილო, დიდი მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ!“
თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი საქართველოს განსაკუთრებული მფარველია. მის თაყვანისცემას ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნის დასაწყისში დაედო საფუძველი. საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს აღნიშნავდნენ გიორგობას, რომელიც წმინდანის სახელობის რომელიმე ტაძართან ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული.
6 მაისს (ზვ. სტ. 23 აპრილი) მთელი ქრისტიანული სამყარო და, მათ შორის, საქართველოს ეკლესიაც წმინდანის გარდაცვალების დღეს აღნიშნავს, რომელიც მოწამებრივად აღესრულა სწორედ ამ დღეს, 303 (ან 304) წელს ქრისტეს შემდეგ, როდესაც ქრისტიანები მასობრივად იდევნებოდნენ. მას 8-დღიანი მძიმე წამების შემდეგ იმპერატორ დიოკლეტიანეს ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.
ანდერძის თანახმად, წმინდა გიორგის ცხედარი პალესტინაში, ქალაქ რამალაში დაკრძალეს და იგი შეიქნა კურნებებისა და სასწაულების წყაროდ. კონსტანტინე დიდის მეფობის დროს იერუსალიმის მახლობლად, ქალაქ ლიდაში (დღევანდელი ქალაქი ლოდი ისრაელში) წმინდა გიორგის სახელზე დიდი ტაძარი ააშენეს და მისი წმინდა ნაწილები იქ საზეიმოდ გადაასვენეს. ტაძარი იერუსალიმის მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის.
წმინდა გიორგი – სიმართლისა და გამარჯვების სიმბოლო – ქართველი კაცის სანუკვარი იდეალების გამოხატულებად იქცა. ჩვენი ეკლესიების უმეტესი ნაწილი სწორედ წმინდა გიორგის სახელზეა აგებული.
წმინდა გიორგი III-IV საუკუნეში (დაახლ. 275-303) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იმ დროს მეფობდა იმპერატორი დიოკლეტიანე, რომელსაც ეგონა, რომ თუ კერპთაყვანისმცემლობას დაიცავდა, ამით თავის ქვეყანას დიდ სამსახურს გაუწევდა. და აი, დიოკლეტიანემ შეიტყო, რომ მისი უახლოესი მხედართმთავარი გიორგი ქრისტიანია. ჯერ დაპირებითა და მოფერებით, შემდეგ მუქარითა და წამებით ეცადა მის გადაბირებას, მაგრამ წმინდა გიორგი ვერაფერმა გატეხა – იგი ქრისტეს ერთგული დარჩა. განრისხდა დიოკლეტიანე და გიორგი სასიკვდილოდ გაიმეტა. როდესაც სასტიკი წამების შემდეგ იგი სისხლისგან იცლებოდა, უფლის ხმა ესმა: „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთანა ვარ!“
„მეფე უგუნური (დიოკლეტიანე) ესწრაფოდა სიკვდილსა შენსა, ჭირთა დამთმენელო გიორგი – ვკითხულობთ წმინდა გიორგის დაუჯდომელ ლოცვაში – და ვითარცა მგელსა მშიერსა, სწყუროდა სისხლი შენი, ამისთვისცა ბრძანა ურმის თვალსა ზედა წამებაი და საშინელთა სატანჯველთა მიცემაი შენი, ხოლო შენ, უფლისა მიერ ყოველივეს დამთმენელი, სასოებით მტკიცედ ხმობდი ღმერთსა, ალილუია“.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, კირიონის ცნობით, წმინდა გიორგი კაბადოკიელი მწყემსი იყო, ხოლო წმინდა არსენ იყალთოელის მოწმობით, წმინდა ნინო, საქართველოს განმანათლებელი – დიდმოწამის ბიძაშვილი და ქართველმა ერმა სწორედ მისგან შეიტყო წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ. წმინდა ნინო განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა ნათესავს და დიდმოწამის სიყვარული თავის მიერ მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა.
სავარაუდოა, რომ პირველი ტაძარი წმინდა გიორგის სახელზე წმინდა ნინოს თაოსნობით აიგო ბოდბეში (ბოდბის მონასტრის მთავარი ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა). მისი სახელობის ტაძრები აგებულია არა მარტო ქალაქებსა და სოფლებში, არამედ კლდეებზე, მთის მწვერვალებსა და მიუვალ ადგილებში, რომელთა კედლებს წმინდა გიორგის ცხოვრებისა და სასწაულების გამომსახველი უძველესი ფრესკები ამშვენებს.
წმინდა გიორგის სახელზე აგებული უამრავი ტაძრიდან ერთ-ერთი უძლიერესია შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ, ურჯულო მტრის შემოსევისას, იმ მთის ძირში დაბანაკებული ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი, რომლის წვერზეც წმინდა გიორგის ეკლესია იყო აგებული, გულმხურვალედ ევედრებოდა წმინდა მოწამეს მოსალოდნელ ბრძოლაში შეწევნას. გამთენიისას ყველამ იხილა მხედარი, რომელიც მთის წვერიდან შურდულივით დაეშვა. ეს იმდენად შთამბეჭდავი სანახავი იყო, რომ თავზარდაცემული მტერი გაიქცა. გამხნევებულმა ქართველმა მეომრებმა ადვილად დაამარცხეს მტრის განახევრებული ლაშქარი.
გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი მთლიანად გაბრწყინდა და მასში ყველამ შეიცნო წმინდა დიდმოწამე გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებული ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისაა.
საქართველო და ქართველი ერი, ღვთისმშობელსა და წმინდა ნინოსთან ერთად, წმინდა გიორგის მფარველობის ქვეშაა.
საქართველოს მეფეების, ბაგრატიონების გერბზე წმინდა გიორგი გამოსახულია, როგორც გველეშაპის შემმუსვრელი. წინათ დიდმოწამის ხატი ქართული ლაშქრის დროშებზე აბრეშუმით იყო ამოქარგული. ბრძოლის დროს რუსთავის ეპისკოპოსს დროშა ეჭირა, მღვდლებს კი – ხატები. არც თუ იშვიათად წმინდა გიორგის გამოსახულება მეომართა ფარებზე იყო ამოტვიფრული. ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში შემორჩენილია 365 წმინდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმინდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებულ წმინდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული.
წმინდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწათმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან, აგრეთვე, დემონური ძალებისგან დახსნისათვის.
წმინდა გიორგი ყველაზე უფრო პატივცემული წმინდანია საქართველოში. იგი ქართველთა მფარველი და სასო, ჩვენი ფარი და მახვილია. ამიტომ არის მოფენილი საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული წმინდა გიორგის სახელზე აშენებული ეკლესია-მონასტრებით, რომელთაც ოქრო-ვერცხლით მოჭედილი ხატები და უნიკალური ჯვრები ამშვენებს. ამიტომ არის, რომ უძველესი დროიდან მოყოლებული, წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი არაერთი ლიტერატურული თხზულება შეიქმნა.
„წმინდა გიორგის ლოცვით, ღმერთი იყოს მფარველი საქართველოსი! წმინდა გიორგის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!“ – ილია მეორე.
მოამზადა თამარ ოთიაშვილმა
p. s. საქართველოს სახელმწიფო გერბის მთავარი ფიგურა არის წმინდა გიორგი, რომელიც ჰერალდიკასა და ვექსილოლოგიაში (ასევე, საკრალურ და საერო სიმბოლიკაში) სიმბოლურად გამოისახება – თეთრ ფონზე წითელი სწორკუთხა ჯვარი (ჰერალდიკაში – ვერცხლის ველზე მეწამული (წითელი) სწორკუთხა ჯვარი).
წმინდა გიორგი, როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო, ანუ საქართველოს განმასახიერებელი და მფარველი, პირველად მეფე გიორგი III-ის (1115-1184 წწ.) დიდ სახელმწიფო საბეჭდავზე გვხვდება. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, „ქართველთა მეფენი ღერბთა მათთა დასწერდეს სახესა წმიდის ამის მთავარმოწამისა გიორგისასა… და იქმნა სახეი მისი შეწყნარებული პირველ ოდენად ქართველთა სახელმწიფოსა“.
ამავე თემაზე: 23 ნოემბერს გიორგობას მხოლოდ საქართველოში აღნიშნავენ – რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს მფარველ წმინდანზე
წმინდა გიორგი სათხოვარს ბევრს უსრულებს – გოგნის „კარუგდებელი“, ძლიერი და მსწრაფლშემსმენელი
წმინდა გიორგი სათხოვარს ბევრს უსრულებს – გოგნის „კარუგდებელი“, ძლიერი და მსწრაფლშემსმენელი
კომენტარები