fbpx
საზოგადოებასაქართველო

23 ნოემბერს გიორგობას მხოლოდ საქართველოში აღნიშნავენ – რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს მფარველ წმინდანზე

„ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ!“
წმინდა გიორგის ცხოვრება და წამება

III-IV საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები და ქრისტიანობისთვის წამებული წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. მას თაყვანს სცემდნენ არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები: კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები. წმინდა გიორგის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წიგნში – ყურანშიც კი მოიპოვება.

წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში დაიბადა, მთიან ქვეყანაში, რომელიც ძალიან წააგავს საქართველოს. მამა, გერონტიოსი, რომელსაც რომის არმიაში მაღალი თანამდებობა ეკავა, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო. ერთ-ერთი დევნის დროს მან მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. ქმრის სიკდილის შემდეგ დედა, პოლიტრონია, პალესტინაში, თავის საგვარეულო მამულში გადასახლდა, ქალაქ ლიდის (ლიდა, ახლანდელი ქალაქი ლოდი ისრაელში, რომელსაც არაბების მიერ დაპყრობამდე გეორგიოპოლი – გიორგის ქალაქი – ერქვა) მახლობლად, სადაც ღვთისმოშიშობითა და სიყვარულით ზრდიდა პატარა გიორგის. დედისადმი განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა წმინდა გიორგის სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა.

გიორგი სრულიად ახალგაზრდა გამწესდა სამხედრო სამსახურში და ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305 წწ.) ყურადღება მიიპყრო. იმპერატორმა იგი თავის პირად მცველად დანიშნა და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.

კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. სენატის საბჭოზე ნიკომედიაში მან სრული თავისუფლება მიანიჭა პროვინციის მმართველთ ქრისტეს მიმდევართა დასასჯელად და მხარდაჭერაც აღუთქვა. გიორგიმ ეს რომ შეიტყო, გაათავისუფლა თავისი მონები, ქონება გლახაკებს დაურიგა, სენატში გამოცხდდა, საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ მყოფს მოუწოდა, მიეღოთ ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება: „რა არის ჭეშმარიტება?“ – ჰკითხა ერთ-ერთმა წარჩინებულმა. „თავად ქრისტეა ჭეშმარიტება, დევნილი თქვენ მიერ“, – იყო პასუხი.

საყვარელი მხედართმთავრის კადნიერი სიტყვებით თავზარდაცემულმა დიოკლიტიანემ სცადა დაერწმუნებნა იგი, განდგომოდა ქრისტეს და მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის, მაგრამ ამოდ. მაშინ განრისხებულმა იმპერატორმა მისი ძელზე ჩამოკიდება და ლახვრით გასერვა ბრძანა, სანამ მისი ნაწლავები მიწაზე არ დაცვივდებოდა, მაგრამ როგორც კი მახვილი აძგერეს, ის ასხლეტილი ტყვიასავით იმწამსვე უკუიქცა, სხეულს კი მხოლოდ სისხლის ცვარი გადმოედინა. ამის შემდეგ წმინდა გიორგი საპყრობილეში ჩააგდეს, ფეხებზე ხუნდები დაადეს, მკერდზე კი – უზარმაზარი ლოდი, რომელიც ოთხმა კაცმა გაჭირვებით დაძრა ადგილიდან. სრულიად უვნებელმა გიორგიმ სამადლობელი ლოცვა აღუვლინა უფალს.

მეორე დღეს ნაწამები წმინდა გიორგი კვლავ იმპერატორს წარუდგინეს. „უმალ შენ მოუძლურდები ჩემი ტანჯვით, ვიდრე მე, შენ მიერ გვემული“, – ასე პასუხობდა იგი დიოკლიტიანეს ყოველ შეკითხვას. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა ყველაზე მძიმე სატანჯველით ეწამებინათ იგი. შიშველი გიორგი მბრუნავ ურმის თვალზე დააკრეს, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილები იყო აღმართული. სხეულდასერილი წმინდანი თავიდან ხმამაღლა ჰმადლობდა უფალს, შემდეგ დადუმდა და გულში ლოცულობდა. დიოკლეტიანემ იფიქრა, აღესრულაო, მისი სხეულის  ბორბლიდან ჩამოხსნა ბრძანა, თვითონ კი აპოლონის ბომონს მიაშურა სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად.

წმ. გიორგის ბორბალზე წამება;
საგურამოს წმ. ილია მართლის სახელობის
ტაძრის ფრესკა

დილის ათი საათი იქნებოდა, როდესაც მოულოდნელად ჩამობნელდა, ჭექა-ქუხილმა შეაზანზარა იქაურობა, ცოტა ხანში კი ზეციდან ხმა მოისმა: „ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ!“ ბორბალთან უფლის ანგელოზი გამოჩნდა, ხელი შეახო მოწამეს, სრულიად განკურნა, ეამბორა, უთხრა: „გიხაროდენ!“ – და გაუჩინარდა. წმინდა გიორგი უვნებელი წამოდგა ბორბლიდან და თაყვანი სცა ჭეშმარიტ ღმერთს.

ამის შემდეგ წმინდა გიორგი ბომონში მივიდა, სადაც დიოკლეტიანე თავის თანამზრახველებთან ერთად აპოლონის კერპს მსხვერპლს სწირავდა. იმპერატორმა თვალებს არ დაუჯერა, როცა საღ-სალამათი მოწამე იხილა. ვერც მისანმა ათანასემ დამალა გაოცება. ამგვარი სასწაულის მხილველმა მხედართმთავრებმა ანატოლიმ და პროტოლეონმა კი, რომლებიც მანამდე ქრისტიანობას მალავდნენ, საჯაროდ აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და იმპერატორისგან სასჯელიც დაიმსახურეს – თავის მოკვეთა. ამის შემდეგ წმინდა გიორგი ღრმა ორმოში ჩააგდეს და თავზე გამოუწვავი გახურებული კირი დააყარეს, ხოლო როცა სამი დღის შემდეგ კირი ამოყარეს და წმინდანი სრულიად უვნებელი იხილეს, იმპრატორისავე ბრძანებით, წვერწამახული ლურსმნებგაჩრილი რკინის გავარვარებული ჩექმები ჩააცვეს და საპყრობილემდე ცემით მიიყვანეს.

მეორე დღეს დიოკლეტიანემ კვლავ ისურვა წმინდა გიორგის ნახვა. წამებულმა დაუზიანებელი ფეხი უჩვენა და ღიმილით უთხრა, ჩექმა ძალიან მომეწონაო. ამის გამო ისე სცემეს ხარის გამხმარი ძარღვებით, რომ წმინდანის სისხლი და ხორცი მიწას შეერია, მაგრამ მისი სიმტკიცე მაინც ვერ გატეხეს.

მაშინ, ათანასეს რჩევით, დოკლეტიანემ ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად მიცვალებულის აღდგენაც კი უბრძანა მკვდრეთით. როდესაც მიწა იძრა და მიცვალებული მკვდრეთით აღდგა, ამ სასაწაულის მოწმეებმა ერთხმად ადიდეს ღმერთი, ათანასემ იმწამსვე აღიარა ქრისტიანულ სარწმუნოება, წმინდა გიორგის დაუჩოქა და სთხოვა, ცოდვები მიეტევებინა მისთვის. დიოკლეტიანემ ათანასეც და მკვდრეთით აღმდგარი კაციც სიკვდილით დასაჯა, წმინდა გიორგი კი კვლავ საპყრობილეში ჩააგდო იმ განზრახვით, რომ თუკი საბოლოოდ არ უარყოფდა ქრისტეს, მეორე დღეს სიკვდილით დასჯიდა.

იმ ღამეს წმინდა გიორგის თავად მაცხოვარი ეჩვენა. უფალმა გვირგვინით შეუმკო თავი მოწამეს და უთხრა: „ნუ გეშინინ, მხნე იყავ, განძლიერდი. მალე მიხილავ და მიიღებ შენთვის განკუთვნილ ადგილს“.

მეორე დღეს, დასჯის წინ წმინდა გიორგიმ მთელი გულით შესთხოვა უფალს, შეენდო მტარვალთათვის, რომელთაც არა უწყოდნენ, რას იქმოდნენ და სთხოვა, ჭეშმარიტი რწმენის შეცნობამდე მიეყვანა ისინი, შემდეგ კი მორჩილებით მოუდრიკა ქედი ჯალათის მახვილს. დიდმოწამის წამება 303 წლის 23 აპრილს, პარასკევ დღეს, დილის შვიდ საათზე დასრულდა.

ანდერძის თანახმად, წმინდა გიორგის ცხედარი პალესტინაში, ქალაქ რამალში დაკრძალეს და იგი შეიქმნა კურნებებისა და სასწაულების წყაროდ. კონსტანტინე დიდის მეფობის დროს, იერუსალიმის მახლობლად, ქალაქ ლიდაში (დღევანდელი ქალაქი ლოდი ისრაელში) წმინდა გიორგის სახელზე დიდი ტაძარი ააშენეს და მისი წმინდა ნაწილები იქ საზეიმოდ გადაასვენეს.

გველეშაპის განგმირვა

ჯერ კიდევ წმინდა გიორგის წამებამდე, ქალაქ ლასიაში უკეთური, უსჯულო და კერპთმსახური სელინოსი მეფობდა, რომელიც ულმობლად ეპყრობოდა ქრისტიანებს, ამიტომაც თავისი ბოროტი საქმეების შესაფერად მიეგო კიდეც უფლისგან. ქალაქის მახლობლად ტბაში ბოროტი ვეშაპი გამოჩნდა, რომელიც ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მისი მოკვლა ვერავინ შეძლო.

ქალაქის მაცხოვრებლებმა მეფე დაადანაშაულეს, ხსნის გზას არ ეძიებს ხალხის გადასარჩენადო. ამგვარი მხილებით დამფრთხალმა მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგ-რიგობით მიეცათ მხეცისთვის შესაწირად და როდესაც ჯერი მასზე მიდგებოდა, თავის ერთადერთ ასულს ისიც შეწირავდა. ეს დღეც დადგა. დარდისგან დამწუხრებულმა მამამ ძვირფასი სამოსით მორთო სასიკვდილოდ განწირული შვილი და მოთქმით და გოდებით უკანასკნელი თხოვნით მიმართა თავის ქვეშევრდომებს, რომ არაფერს დაინანებდა, ოღონდ მისი ქალიშვილისთვის ეს მძიმე ხვედრი აეცილებინათ, მაგრამ არავინ თანაუგრძნო, რადგან ეს წესი თვით მის მიერ იყო დადგენილი.

როდესაც სამსხვერპლოდ გამზადებული ქალი ტბიდან ვეშაპის გამოსვლას ელოდა, უფლის ნებით, ამ დროს იქ კაბადოკიისკენ მიმავალი წმინდა გიორგი გამოჩნდა. მან ტბიდან წყალი შეასვა ცხენს და თვალცრემლიანი ქალიშვილი რომ იხილა, ტირილის მიზეზი ჰკითხა. ქალმა უცნობ ჭაბუკს სთხოვა, სწრაფად გასცლოდა ამ საშიშ ადგილს, მაგრამ წმინდა გიორგიმ უთხრა, რომ არ მიატოვებდა, თუნდაც მასთან ერთად მომკვდარიყო. მაშინ ქალმა თავისი გასაჭირის შესახებ მოუთხრო. წმინდა გიორგი დაინტერესდა, რომელ ღმერთს მსახურებდნენ მამამისი და მისი ქვეშევრდომები. როდესაც წმნდანმა მათი აღმსარებლობის წარმართული ბუნება გაარკვია, ქალი დაამშვიდა, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას ბოროტი მხეცისგან.

გიორგიმ მაცხოვრის მიმართ ლოცვა აღავლინა, რათა მხეცის დამარცხების ძალა მიენიჭებინა მისთვის და უფლისგან პასუხად მიიღო: „შესმენილ იქნა შენი ვედრებაი, გიორგი, ჰყავ რაიცა გნებავს, მე შენთანა ვარ“.

როდესაც წმინდა გიორგი ვეშაპის მოსაკლავად გაეშურა, გამოსახა მასზე ჯვარი და თქვა: „უფალო, ღმერთო, გადააქციე ეს მხეცი ჩემს მორჩილად“ და როგორც კი ეს სიტყვები წარმოთქვა, სულიწმინდის შეწევნითა და მისი ლოცვით ბოროტი ვეშაპი წმინდანის ფეხებთან დაეცა.

„წმინდა გიორგი და დრაკონი“, პაოლო უჩელო, 1450 წ.

წმინდა გიორგიმ ქალს უთხრა, თავისი სარტყელი ყელზე მოება მხეცისთვის და ქალაქში ისე წაეყვანა. ამ სანახაობით დამფრთხალი ქალაქის მცხოვრებნი წმინდანმა დაამშვიდა და უთხრა: „იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ყოვლად ძლიერი ჭეშმარიტი ღმერთი და მე მოვკლავ ამ ვეშაპს“. მაშინ მეფემ და მისმა ქვეშევრდომებმა შეჰყვირეს: „გვწამს მამა, ძე და სული წმიდა“. წმინდა გიორგიმ იშიშვლა ხმალი, მოკლა გველეშაპი და ქალიშვილი მამას დაუბრუნა. შემდეგ თხუთმეტი დღის განმავლობაში 45 ათასი კაცი მონათლა, მეფემ კი ჭეშმარიტი ღმერთის სადიდებლად ძვირფასი ტაძარი ააშენა. როდესაც ტაძრის მშენებლობა დასრულდა, წმინდანი შევიდა საკურთხეველში და საკურნებელი წყარო აღმოადინა.

სწორედ ამ სასწაულის აღსანიშნავად გამოსახავენ ხატებზე წმინდა გიორგის, ცხენზე მჯდომარეს შუბით ხელში, რომლითაც საზარელ მხეცს კლავს. დრაკონის მლახავი წმინდა გიორგის სახე ქრისტეს ეკლესიის ბოროტებასა და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლოა, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე – მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა და ცდილობდა ჯალათის ხელით ადამიანთა გულებიდან ამოეგლიჯა ქრისტეს სახელი.

საქართველო – წმინდა გიორგის ქვეყანა

აურაცხელია წმინდა გიორგის სასწაულების რიცხვი. ყოველი ქვეყანა და ყველა ეკლესია აღსავსეა მისი საკვირველებითა და წყალობით, მათ შორის, ცხადია, საქართველოც, სადაც, სხვა მართლმადიდებელი ქვეყნებისგან განსხვავებით, დიდმოწამის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ – 6 მაისს (23 აპრილს) და 23 ნოემბერს (10 ნოემბერს) ვზეიმობთ. ნოემბრის გიორგობა, ანუ წმინდანის ბორბალზე წამების დღე, მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოში აღინიშნება. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში დიდმოწამის სახელზე წირვა-ლოცვა აღევლინება.

წმინდა გიორგის განსაკუთრებულ თაყვანისცემას საქართველოში ჯერ კიდევ IV საუკუნის დასაწყისში დაედო საფუძველი. საქართველოს ძველთაგანვე წმინდა გიორგის ქვეყანას, „გეორგიას“ უწოდებდნენ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, კირიონის ცნობით, წმინდა გიორგი კაბადოკიელი მესხი იყო, ხოლო წმინდა არსენ იყალთოელის მოწმობით, საქართველოს განმანათლებელი წმინდა ნინო დიდმოწამის ბიძაშვილი გახლდათ და ქართველმა ერმა სწორედ მისგან შეიტყო წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ.

გადმოცემით, სწორედ წმინდა ნინოს დაუდგენია ეს დღე დღესასწაულად. იგი განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და საქართველოსაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული.

სავარაუდოა, რომ პირველი ტაძარი წმინდა გიორგის სახელზე ბოდბეში წმინდა ნინოს თაოსნობით აიგო (ბოდბის მონასტრის მთავარი ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა).

წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი ბოდბეში,
სადაც დაკრძალულია წმიდა ნინო

მისი სახელობის ტაძრები აგებულია არა მარტო ქალაქებსა და სოფლებში, არამედ კლდეებზე, მთის მწვერვალებზე და მიუვალ ადგილებში, რომელთა კედლებს წმინდა გიორგის ცხოვრებისა და სასწაულების გამომსახველი უძველესი ფრესკები ამშვენებს. „არა არიან ბორცვნი და მაღალნი გორაკნი, რომელსა ზედა არა იყოს შენნი ეკლესიანი წმინდანის გიორგისანი“, – წერს ვახუშტი ბატონიშვილი.

წმინდა გიორგის სახელზე აგებული უამრავი ტაძრიდან ერთ-ერთი უძლიერესია შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ, ურჯულო მტრის შემოსევისას, ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი, დაბანაკებული იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმინდა გიორგის ეკლესია იყო აგებული, გულმხურვალედ ევედრებოდა წმინდა მოწამეს მოსალოდნელ ბრძოლაში შეწევნას. გამთენიისას ყველამ იხილა მხედარი, რომელიც მთის წვერიდან შურდულივით დაეშვა. ეს იმდენად შთამბეჭდავი სანახავი იყო, რომ თავზარდაცემული მტერი გაიქცა. გამხნევებულმა ქართველმა მეომრებმა ადვილად დაამარცხეს მტრის განახევრებული ლაშქარი.

გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი მთლიანად გაბრწყინდა და მასში ყველამ შეიცნო წმინდა დიდმოწამე გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას – შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესიას.

მოწამის ხილულ შეწევნაზე დიდგორის ბრძოლაში დავით აღმაშენებლის მემატიანეც მოგვითხრობს: „რამეთუ ხელი მაღლისაი შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ჰფარვიდა მას და წმიდა დიდმოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინა-უძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსვრიდა ზედა-ზედა მოწევნილთა უშჯულოთა წარმართთა, რომელ თვით იგი უშჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისისა“.

საქართველოს მეფეების, ბაგრატიონების გერბზე წმინდა გიორგი გამოსახულია, როგორც გველეშაპის შემმუსვრელი. წინათ დიდმოწამის ხატი ქართული ლაშქრის დროშებზე აბრეშუმით იყო ამოქარგული. ბრძოლის დროს რუსთავის ეპისკოპოსს დროშა ეჭირა, მღვდლებს კი – ხატები. არცთუ იშვიათად წმინდა გიორგის გამოსახულება მეომართა ფარებზე იყო ამოტვიფრული.

ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში  შემორჩენილია 365 წმინდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმინდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებულ წმინდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული. ლეგენდის მიხედვით, წმინდანის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილები მოხვდა, სალოცავები დააწესა.

ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებით იმართებოდა და იმართება ახლაც: ქართლში – გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა; კახეთში – ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში – ილორობა და სხვა.

წმინდა გიორგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევამოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. იგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან, აგრეთვე, დემონური ძალებისგან დახსნისათვის.

გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს მოგილოცავთ, ძვირფასო თანამემამულენო! „წმინდა გიორგის ლოცვით ღმერთი იყოს მფარველი საქართველოსი! წმინდა გიორგის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!“ – ილია მეორე.

თამარ ოთიაშვილი

მომზადებულია „წმინდანთა ცხოვრების“ მიხედვით.

p. s. საქართველოს სახელმწიფო გერბის მთავარი ფიგურა არის წმინდა გიორგი, რომელიც ჰერალდიკასა და ვექსილოლოგიაში (ასევე საკრალურ და საერო სიმბოლიკაში) სიმბოლურად გამოისახება – თეთრ ფონზე წითელი სწორკუთხა ჯვარი (ჰერალდიკაში – ვერცხლის ველზე მეწამული (წითელი) სწორკუთხა ჯვარი).

საქართველოს სახელმწიფო გერბი

წმინდა გიორგი, როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო, ანუ საქართველოს განმასახიერებელი და მფარველი, პირველად მეფე გიორგი III-ის (1115-1184 წწ.) დიდ სახელმწიფო საბეჭდავზე გვხვდება. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, „ქართველთა მეფენი ღერბთა მათთა დასწერდეს სახესა წმიდის ამის მთავარმოწამისა გიორგისასა… და იქმნა სახეი მისი შეწყნარებული პირველ ოდენად ქართველთა სახელმწიფოსა“.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close