იტალიასაზოგადოება

იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1075 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინფიცირების ინდექსი მთელი ქვეყნის მასშტაბით 0,8-მდე შემცირდა

5 მაისის საღამოს მონაცემებით, რომელიც სამოქალაქო დაცვის სამსახურმა გამოაქვეყნა, იტალიაში გასულ ერთ დღეში ინფიცირების 1075 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 213 013-ს შეადგენს (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით). ინფორმაციას „ანსა“ ავრცელებს. 

მკვეთრად შემცირდა აქტიურ პაციენტთა რიცხვი – ეს მაჩვენებელი 98 467-ს აღწევს, რაც 1513-ით ნაკლებია, ვიდრე გუშინ. ასეთი მნიშვნელოვანი კლება, ახალი ინფიცირებულების შედარებით მცირე რიცხვის გარდა, გამოჯანმრთელების დღიური მაჩვენებლის ზრდამაც გამოიწვია – გასულ 24 საათში 2352 ადამიანს დაუდასტურდა, რომ კოვიდ-ინფიცირებული აღარ არის, შესაბამისად, გამოჯანმრთელების მთლიანმა მაჩვენებლმა 85 ათასს გადააჭარბა (85 231).

სამწუხაროდ, გაიზარდა გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი – კიდევ 236 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა (გუშინ – 195). ამ დროისთვის კოვიდ-19-ის მსხვერპლთა რიცხვმა იტალიაში 29 315-ს მიაღწია.

იტალია გარდაცვალების მაჩვენებლით დღემდე მე-2 ადგილზე იყო მსოფლიოში აშშ-ის (70759) შემდეგ, თუმცა დღეს მესამე ადგილზე გადაინაცვლა, დიდი ბრიტანეთის შემდეგ, სადაც გასულ ერთ დღეში 693 პაციენტი გარდაიცვალა და მსხვერპლთა რიცხვმა 29 427-ს მიაღწია (აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში  ინფიცირების 194 990 შემთხვევაა დადასტურებული, რაც 18000-ით ნაკლებია, ვიდრე იტალიაში).

52-ით მოიკლო მძიმე პაციენტების რიცხვმა, 1427-მდე; მათგან 509 ლომბარდიაშია, 23-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ.

კორონავირუსის გავრცელების ინდექსი R0 იტალიაში 0,8-მდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ ვირუსის მატარებელი ყოველი 100 ადამიანი, საშუალოდ, კიდევ 80 ადამიანს აინფიცირებს, – განაცხადა დღეს, 5 მაისს ლომბარდიის რეგიონის (დედაქალაქიმილანი) გუბერნატორის მოადგილემ ფაბრიციო სალამ.

თავად ლომბარდიაში კი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად იქცა, ინფიცირების ინდექსი 0,75-მდე შემცირდა. „ეს ჩვენი ერთობლივი მიღწევაა“, – განაცხადა სალამ რეგიონის მცხოვრებლებისადმი მიმართვაში.

ჩინელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ იტალიაში კორონავირუსის გავრცელების გამო შემოღებული შეზღუდვების მოხსნა ნაადრევია. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ჩინეთის პროვინცია ჰუნანში მკვლევარები იტალიის მონაცემების გაანალიზების შემდეგ. კვლევა ჟურნალ Frontiers in Medicine-ში გამოქვეყნდა.

ჩინელ ეპიდემიოლოგთა აზრით, ეპიდემია ამ ევროპული ქვეყნის ტერიტორიაზე აგვისტოს დასაწყისამდე არ დასრულდება, თანაც მოქმედი კარანტინის ზომების დაცვის შემთხვევაში. ისინი ვარაუდობენ, რომ  COVID-19-ის ეპიდემიის დასრულებამდე სამი თვით ადრე შეზღუდვების მოხსნამ შესაძლოა კორონავირუსის მეორე ტალღა გამოიწვიოს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკარანტინო ზომების შემსუბუქება, რომელიც იტალიაში 4 მაისიდან დაიწყო, ძალზე ნაადრევია“, – განაცხადა პეკინის მთავარი სამხედრო ჰოსპიტალის ეპიდემიოლოგმა ძია ვანპინმა.

სხვა აზრის არის ვენეციის რეგიონის გუბერნატორი ლუკა ძაია – მან ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რომ გასულ 24 საათში რეგიონში ინფიცირების მხოლოდ 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ კორონავირუსის გავრცელება ვენეტოს (ვენეცია) რეგიონში, პრაქტიკულად, შეჩერებულია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close