ჯუზეპე კონტე – მეორე ფაზის დროს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვჭირდება… მომავალი ჩვენს ხელშია
„ხვალიდან 4 მილიონზე მეტი იტალიელი დაუბრუნდება სამუშაოს, ისინი იმგზავრებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ბევრი კომპანია და საწარმო ისევ ამუშავდება. უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება სავარაუდო ინფიცირებისათვის, რისი თავიდან აცილებაც შეიძლება კიდევ უფრო მაღალი პასუხისმგებლობით“, – დაწერა ფეისბუქზე თავის ოფიციალურ გვერდზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ფაზის დაწყებასთან დაკავშირებით.
„ისე, როგორც არასდროს, ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელში იქნება. რაც უფრო მეტად გავფრთხილდებით, მით უფრო სწრაფად დავიბრუნებთ სხვა თავისუფლებებსაც. ჩვენ არ გავუშვებთ ხელიდან იმას, რაც ასე რუდუნებით მოვიპოვეთ“.
კონტე აღნიშნავს, რომ ქვეყნის გახსნისას, უპირველეს ყოვლისა, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ფიქრია საჭირო. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ“, – წერს პრემიერ-მინისტრი.
„საგანგებო სიტუაციის მეორე ფაზა იწყება. ეს ვირუსთან თანაცხოვრებაა. ეს იქნება ახალი ფურცელი, რომელიც ყველამ ერთად უნდა დავწეროთ, მტკიცედ და პასუხისმგებლობის გრძნობით“.
„ჩვენ დაგვჭირდება თანამშრომლობა, მოქალაქეობრივი შეგნება და თითოეული ადამიანის მიერ წესების პატივისცემა. ყოველთვის უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე მაღალ დონეზე, დავიცვათ სოციალური დისტანცია, ვატაროთ ნიღაბი, როცა და სადაც ეს აუცილებელია, ხშირად და გულმოდგინედ დავიბანოთ ხელები. ჩვენ არ დავთმობთ იმას, რაც ასე რუდუნებით მოვიპოვეთ 50 დღის მანძილზე“, – აცხადებს ჯუზეპე კონტე.
რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რა შეიცვლება ხვალიდან, 4 მაისიდან იტალიაში:
თავის გამოსვლაში 26 აპრილის დეკრეტთან დკავშირებით კონტემ აღნიშნა, რომ ავტოსერტიფიკატი ძალაში დარჩება კარანტინის დასრულებამდე.
გაიხსნება გზები მათთვის, ვისაც საკუთარ სახლში დაბრუნება სურს (მაგალითად, თუ ცხოვრობს და მუშაობს მილანში, მაგრამ საკუთარი სახლი აქვს რომში).
ხოლო ყველა დანარჩენ მოქალაქეს მხოლოდ რეგიონის ტერიტორიაზე შეუძლია გადაადგილება, გამონაკლისია დადასტურებული სამსახურებრივი მიზეზი, ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაუდებელი მდგომარეობა.
პრემიერ-მინისტრის ახალი ბრძანებულება (𝐃𝐩𝐜𝐦 – Decreto del Presidente del Consiglio dei ministri della Repubblica Italiana; იტალიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის დეკრეტი) ადამიანებს ახლო ნათესავების (მათ რიცხვში შედიან საცოლე და საქმრო) მონახულების უფლებას აძლევს, მაგრამ, ამავდროულად, აფრთხილებს მათ, რომ დიდი რაოდენობით ადამიანთა შეკრება და წვეულებები ჯერ კიდევ არალეგიტიმური რჩება.
ნათესავ-ახლობლებთან ვიზიტი დაშვებულია მხოლოდ რეგიონის ფარგლებში, ისევ და ისევ უსაფრთხოების წესების დაცვით: სავალდებულოა პირბადე და მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანცია ადამიანებს შორის.
აკრძალვაში რჩება გუნდური თამაშები, მაგრამ ნებადართულია მარტო ვარჯიში თუნდაც საკუთარი სახლიდან მოშორებით (საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 200 მეტრზე უფრო შორს გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა).
ვისაც 37,5-ზე მაღალი ტემპერატურა აქვს, ვალდებულია დარჩეს სახლში.
მთავრობის ოფიციალურ საიტზე, განყოფილებაში, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლას ეხება, მოცემულია განმარტება გადაადგილებასთან დაკავშირებით:
„თქვენ შეგიძლით დატოვოთ საკუთარი სახლი მხოლოდ იმისთვის, რომ წახვიდეთ სამუშაოზე, გამოხვიდეთ სახლიდან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელი გადაადგილების გამო, საჭიროების შემთხვევაში (რაც მოიცავს ახლო ნათესავების მონახულებასაც) ან იმისთვის, რომ დაკავდეთ სპორტით და ფიზიკური ვარჯიშით სუფთა ჰაერზე.
ასე რომ, ფაზა 2-ის დროს, რომელიც 4 მაისს იწყება, გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ზემოთ ნახსენები რომელიმე მიზეზის გამო. მაგ., გამართლებული მიზეზია სახლიდან გასვლა მაღაზიაში, აფთიაქში ან სუფთა ჰაერზე სპორტით/ფიზიკური ვარჯიშით დაკავების მიზნით.
გასაგებია, რომ ყველა დაშვებული მგზავრობის საფუძველი, რაიმე სახის შემოწმების შემთხვევაში, უნდა იყოს შეტანილი ავტოსერტიფიკაციის ბლანკში (რომელიც თან უნდა გქონდეთ). სამსახურში წასვლის მიზეზით გადაადგილების აუცილებლობაც უნდა დაადასტუროთ დამსაქმებლის მიერ მოცემული დოკუმენტებით.
ნებისმიერ შემთხვევაში, მთელ იტალიაში მოქმედებს საერთო აკრძალვა ადამიანთა შეკრებაზე და, შესაბამისად, აუცილებელია დაიცვათ მინიმალური უსაფრთხო მანძილი – ერთი მეტრი ადამიანებს შორის. ასეთია პასუხი ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვაზე Palazzo Chigi-ს ოფიციალურ საიტზე.
აქვე აღვნიშნავთ, რომ კონფიდენციალობის მიზნით ავტოსერტიფიკაციის ბლანკზე არ უნდა დაწეროთ, ვის მოსანახულებლად მიდიხართ და სამართალდამცველები ამას ვერ მოგთხოვენ.
მთავრობა აღარ გამოსცემს თვითსერტიფიკაციის ახალ ბლანკს მეორე ფაზისთვის, იტალიის მცხოვრებლებმა, რომლებიც ახლო ნათესავების მონახულებას გადაწყვეტენ, უნდა მონიშნონ პუნქტი „დახმარება ნათესავებს“ (მაშინაც კი, თუ სასწრაფო მიზეზი არ არსებობს) იმავე ბლანკში, რომელიც აქამდე გამოიყენებოდა.
აგრეთვე, არ არის აუცილებელი, თან გქონდეთ ავტოსერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ სასეირნოდ ან სუფთა ჰაერზე ვარჯიშისთვის გადიხართ. იმ ადამიანებს, რომლებიც ზღვის სანაპიროზე ცხოვრობენ, შეუძლიათ ზღვაში ბანაობა, ხოლო ვინც მთაში ცხოვრობს, შეუძლია ტყეში წასვლა, თუმცა იქამდე მისღწევად ან ფეხით უნდა წავიდეს, ან ველოსიპედით. მთავარი პირობა ასეთ შემთხვევაში არის ის, რომ მარტო უნდა იყოთ (ან მაქსიმუმ ორი ადამიანი, რომლებიც ურთიერთშორის მინიმუმ 2-მეტრიან დისტანციას დაიცავენ). პლაჟზე გასარუჯად ყოფნა ამ ეტაპზე აკრძალულია.
მეორე ფაზა რომში
4 მაისიდან, 55-დღიანი კარანტინის შემდეგ, იტალიის დედაქალქი რესტარტს იწყებს.
გამოიცა ბრძანებულება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რომელიც ითვალისწინებს ნიღბის სავალდებულო ტარებას, ტრანსპორტის დატვირთვას მგზავრების მაქსიმუმ 50%-ით, სადეზინფექციო გელების დოზატორების დამონტაჟებას გაჩერებებზე და მძღოლის მიერ გაჩერების გამოტოვებას, თუ სატრანსპორტო საშუალებაში უკვე არის მგზავრთა მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა.
წესები მაღაზიებისთვის, რომლებიც ისევ გაიხსნება, ითვალისწინებს კლიენტების და პერსონალის მიერ ხელთათმანების და ნიღბების სავალდებულო ტარებას, ყველგან უნდა იყოს დამონტაჟებული სადეზინფექციო გელის დოზატორი.
აკრძალულია ადგილზე ჭამა ბარებში, რესტორნებში, გრილ-ბარებში, ნაყინის მაღაზიებში, საკონდიტროებში, პიცერიებსა და ა. შ.; ისინი გაიხსნება საჭმლის და სასმელების გასაყიდად მხოლოდ გატანებით.
ტრანსპორტის გარდა ადგილობრივი ადმინისტრაციის საქმიანობის განრიგიც შეიცვლება – ადმინისტრაცია ცვლებში იმუშავებს და წახალისებული იქნება დისტანციური მუშაობა.
ადგილობრივი მთავრობები წაახალისებენ ველოსიპედებისა და ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას მოძრაობის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით.
რელიგია
4 მაისიდან ტაძრებში შესაძლებელი იქნება წესის აგება მიცვალებულისთვის, მაგრამ მრევლის მონაწილეობით მესა ჯერჯერობით აკრძალულია. როდესაც მთავრობამ ამის შესახებ განაცხადა, ეპისკოპოსების კონფერენციაზე კრიტიკული კომენტარები გაისმა მთავრობის მისამართით – მათ ხელისუფლება რწმენის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულეს. ეპისკოპოსებს მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია მორწმუნეთა დაშვება საეკლესიო მსახურებაზე სოციალური დისტანციის გათვალისწინებით და სხვა სანიტარიული უსაფრთხოების დაცვის პირობებში.
ამასთან, 3 რეგიონში, სადაც ადგილობრივმა მთავრობებმა მღვდლებს ნება დართეს, უკვე 4 მაისიდან ჩაატარონ საეკლესიო მსახურება მრევლის მონაწილეობით (კერძოდ, სარდინიაზე), ადგილობრივი ეპისკოპოსი ჯერჯერობით თავს იკავებს ამისგან.
რეგიონები
ვენეტოს გუბერნატორმა რეგიონის მცხოვრებლებს ნება დართო თავიან ქალაქგარეთა აგარაკებზე წავიდნენ.
იტალიის რეგიონების პრეზიდენტები (გუბერნატორი), ძველებურად, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს მთავრობის მიერ მიღებული წესებისა დ დადგენილებების გამკაცრებისა და გაფართოების, ზოგ შემთხვევაში კი – შერბილების კუთხით.
ყველაზე პრობლემურ გუბერნატორებს შორისაა ლუკა ძაია – ვენეტოს (ვენეცია) პრეზიდენტი, რომელმაც ბოლო კვირებში აჩვენა, რომ დამოუკიდებლად სურს გადაწყვეტილებების მიღება: „მთავრობის მიდგომა არასწორია, ჩვენ მასზე უარი უნდა ვთქვათ. ადამიანებმა უნდა ატარონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, მაგრამ ყველაფერი, რის გახსნაც შესაძლებელია, უნდა გაიხსნას“, – აცხადებს ძაია.
მისი თქმით, ხელი მოაწერა კიდევ ერთ დადგენილებას, რადგან კონტეს ბრძანებულების წაკითხვის შემდეგ გაურკვეველია, რის გაკეთება შეიძლება 4 მაისის შემდეგ.
„მე არ მინდა, რომ ეს ჰგავდეს ზღვაში ბანაობას. თქვენ შეგიძლიათ ზღვაში ბანაობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახლი გაქვთ პლაჟზე… შესაძლებელია, ეს ყველგან არ არის მიღებული, მაგრამ აქ ადამიანებს სამუშაოზე უნდათ წასვლა. მესმის, რომ ვიღაცებს გარშემო ძალიანაც არ აინტერესებთ ქუჩაში გამოსვლა, მაგამ ჩვენ აქ მხარს ვუჭერთ ჩვენს ოჯახებს და იტალიის მშპ-ს“, – განაცხადა ვენეტოს მთავრობის მეთაურმა.
დღეიდან ვენეტოში ნებადართულია გადაადგილება მთელი რეგიონის მასშტაბით, მათ შორის, მეორე, ქალაქგარე სახლებში წასვლა… თავისუფლად შესაძლებელია გადაადგილება მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის, ველოსიპედითაც, მაგრამ აუცილებლად ნიღბით და ხელთათმანებით. აგრეთვე, ნებადართულია საჭმლის გაყიდვა ავტომობილის მგზავრებზე (გატანებით, ოღონდ მგზავრები მანქანის სალონიდან არ უნდა გადმოვიდნენ).
იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ გუნდებს ხვალიდან ვარჯიშის განახლების უფლება მიეცემათ, ამის შესახებ La Repubblica და Football Italia წერენ.
ვარჯიშის უფლება ექნებათ როგორც სერია A-ს კლუბებს, ისე უფრო დაბალი დივიზიონის წარმომადგენლებს.
გუნდების ვარჯიში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით უნდა გაიმართოს და კლუბები, რომლებიც ზემოხსენებული ნორმების უზრუნველყოფას ვერ მოახერხებენ, ვერც ვარჯიშებს გამართავენ.
როგორც ცნობილი გახდა, იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულება იგეგმება, თუმცა მატჩების განახლების დრო ჯერჯერობით უცნობია.
ციცი ხაბელაშვილი
კომენტარები