საბერძნეთი: რა მოგეთხოვებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შემთხვევაში
ნიღბის ტარება სავალდებულო ხდება
„ორშაბათი, 4 მაისი მნიშვნელოვანი თარიღია“, – განაცხადა ბერძნულ მედიასთან საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრმა კოსტას კარამანლისმა. საქმე ისაა, რომ ამ დღიდან უქმდება შეზღუდვები, რომლებიც მოქალაქეთა გადაადგილებას ეხებოდა. ამიერიდან გადაადგილება შესაძლებელი ხდება ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, თუმცა ძალაში შედის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ახალი წესები, რომელთა დარღვევისთვისაც ფულადი ჯარიმაა გათვალისწინებული.
მინისტრის თქმით „საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის გარეშე ვერავინ შევა“. მართალია, კოსტას კარამანლისი მოქალაქეთა პასუხისმგებლობაზე დიდ იმედებს ამყარებს, მაგრამ პარალელურად პოლიცია მკაცრად გააკონტროლებს სიტუაციას და დამრღვევები 150 ევროთი დაჯარიმდებიან.
4 მაისიდან მეტროს სადგურებსა და ავტობუსების ცენტრალურ გაჩერებებზე იქნებიან მგზავრების „დამხმარეები“, რომლებიც სოციალური დისტანციის დაცვას გააკონტროლებენ. ათენში ამ მოვალეობას სულ 300 ადამიანი შეასრულებს.
მეტროს სადგურებში, ვაგონებში, აგრეთვე, ავტობუსებსა და ტროლეიბუსებში მონიშნული იქნება ადგილები, სადაც ნებადართულია ან აკრძალულია დაჯდომა ან დგომა.
მაქსიმალურად გაიზრდება მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რათა არ მოხდეს მგზავრებით მათი გადატვირთვა. ავტობუსებსა და ტროლეიბუსებში კვლავინდებურად იკრძალება წინა კარიდან შესვლა. მუშაობის დასრულების შემდეგ მოხდება სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექცია.
ხელისუფლება ურჩევს მოქალაქეებს, არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, თუკი ამის აუცილებლობა არ არის, ან თუკი აქვთ ვირუსით ინფიცირების ნიშნები.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები