fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა უკრაინის მთავრობამ რადადან გაიწვია

უკრაინის მთავრობამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოდან – რადადან გაიწვია მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა, რომელიც ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე იყო წარდგენილი.

„სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებული ხმაურიანი ისტორია წყნარად დასრულდა – დანიშვნა დაიბლოკა და ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა საერთოდ. „ხალხის მსახურის“ ფრაქციაში ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ სააკაშვილის დანიშვნისთვის 140-170 ხმა მოაგროვეს 248-იდან, ამასთან, პარტიულ ჩატში ღია კენჭისყრისას მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მზადყოფნა 100-მა დეპუტატმა გამოთქვა.

ხმები არ არის, იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ახლა გადაწყვიტა, საჯაროდ არ გამოვიდეს სააკაშვილის მხარდასაჭერად. იმისათვის, რომ სააკაშვილმა 226 ხმა მოაგროვოს, „ხალხის მსახურის“ 248-წევრიანი ფრაქციიდან მას გარანტირებული უნდა ჰქონდეს 190-200 ხმა. შესაძლოა ეს მიდგომა მომავალში შეიცვალოს, პრეზიდენტს ხომ ემოციები მართავს, მაგრამ ამ ეტაპზე პრეზიდენტის ოფისმა უკან დაიხია“, – წერს უკრაინული გამოცემის, censor.net.ua-ს მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი იური ბუტუსოვი.

მიხეილ სააკაშვილმა 22 აპრილს თავად დაწერა საკუთარ ფეისბუქგვერდზე, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას ვიცე-პრემიერის თანმდებობა შესთავაზა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება დააზარალებდა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს.

მოგვიანებით უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შესახებ კანონის მეშვიდე მუხლის თანახმად, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც ნასამართლეობის ვადა არ აქვს მოხდილი ან გაუქმებული. შესაბამისად, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკანონო იქნებოდა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2017 წელს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2019 წელს დაუბრუნა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close