ეკონომიკასაქართველო

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო 300 ლარით ერთჯერადად, ხოლო უხელფასოდ დარჩენილებს 200-ლარით ყოველთვიურად დაეხმარება

არაფორმალურ სამსახურში დასაქმებულებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც თავს თვითდასაქმებულად თვლიან, საქართველოს სახელმწიფო ერთჯერადად, 300 ლარით დაეხმარება, ამ მიზნით ბიუჯეტიდან დაახლოებით 75 მილიონი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა მთავრობის მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.

„თვითდასაქმებულთა აღრიცხვიანობა, რა თქმა უნდა, პრობლემაა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, სოციალური დახმარების სააგენტოს აქვს სპეციალური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, არაფორმალურად დასაქმებულები უმარტივესი გზით მიიღებენ დახმარებას, როგორც კი რაიმე სახის შემოსავლის დადასტურებას შეძლებენ.

„ეს შეიძლება იყოს დამლაგებლისთვის ორგანიზაციის წერილი, სადაც ის ალაგებდა, მოვაჭრისთვის იმ ბაზრობის ადმინისტრაციის წერილი, ელემენტარული, სადაც ის შრომობდა. მძღოლისთვის ასევე მსგავსი. რაიმე სახის გადასახადები საბანკო ანგარიშიდან, რაც ადასტურებს, რომ ამ ადამიანს 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უფიქსირებოდა, ჩვენთვის ეს საკმარისი იქნება, რომ ასეთი სახის სოციალური დახმარება გავცეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, ყველა ის დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური და აღარ აქვს შემოსავალი, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს დახმარებას 1200 ლარის ოდენობით – 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარს.

თვეების ათვლა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროიდან მოხდება, თანხის გაცემა კი მაისში დაიწყება, მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახური კომპანიების მიერ ჩაბარებული დეკლარაციების სახით ამ ადამიანებზე შესაბამის ინფორმაციას მიიღებს.

პრემიერის განცხადებით, საგადასახადო დეკლარაციაში მარტივად გამოჩნდება, კომპანიამ თანამშრომელი შეინარჩუნა თუ ვერა, ასევე უხელფასო შვებულებაში გაუშვეს ადამიანი თუ არა.

ქვეყნის მასშტაბით ასეთი 350 ათასი ადამიანია. მათ დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 460 მილიონი ლარი გამოიყოფა.

გარდა ამისა, 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 600-ლარიან (თვეში 100 ლარი) დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველები და შშმ პირები.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close