საქართველოში COVID-19-ით მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში დღეს კორონავირუსის გამო კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და პანდემიის მსხვერპლთა რიცხვი ქვეყანაში 5-მდე გაიზარდა. გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია, რომელიც თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. იგი 2 კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, მამაკაცს გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი.
„სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა და ამიტომ მოხდა მისი აპარატზე გადაყვანა. პაციენტს აღენიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის გამო თავისი გართულებები, სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფტიური შოკი და სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია“, – უთხრა ჟურნალისტებს ლალი ტურძელაძემ. მისი თქმით, დიდი შრომის მიუხედავად, რეანიმატოლოგებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს.
პაციენტის ინფიცირების წყარო ე. წ. „ბოლნისის კლასტერი“ იყო.
ამ დროისთვის (22.04.2020; 13:30 სთ) საქართველოში დაფიქსირებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევა; გამოჯანმრთელდა 98, გარდაიცვალა 5 პაციენტი. დღეს გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცის გარდა, დანარჩენი ოთხი გარდაცვლილი ქალია, 73, 79, 81 და 86 წლის პაციენტები, რომლებსაც, ექიმების თქმით, COVID-19-თან ერთად სხვა სერიოზული პათოლოგიებიც ჰქონდათ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მამაკაცი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა კი საქართველოში 4 აპრილს დაფიქსირდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები