იტალიასაზოგადოება

იტალიაში, ეპიდემიის დაწყებიდან პირველად, მოქმედ პაციენტთა რიცხვი შემცირდა

ქვეყანა „მეორე ფაზაში“ გადადის; მილანის ქუჩებში ხალხი მომრავლდა (ფოტოები)

იტალიაში დღეს განსაკუთრებული ფაქტი დაფიქსირდა – საგანგებო სიტუაციის დაწყებიდან პირველად მოხდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ მოქმედ პაციენტთა რიცხვი შემცირდა. ამჟამად ქვეყანაში 108 237 კოვიდ-პაციენტია, 20-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ (გუშინ იყო108 257, 486-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს). ამის შესახებ „ანსა“ წერს.

ამ დროისთვის იტალიაში დაფიქსირებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 181228 შემთხვევა, 2256-ით მეტი, ვიდრე გუშინ; გამოჯანმრთელდა კიდევ 1882 ადამიანი და მთლიანობაში ეს მაჩვენებელი 48877-მდე გაიზარდა. გასულ 24 საათში 454 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით, შესაბამისად, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მსხვერპლთა რაოდენობამ 24114-ს მიაღწია. ისევ შემცირდა მძიმე პაციენტთა რიცხვი – ამ დროისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 2573 ადამიანია მოთავსებული, 62-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ, მათგან 901 – ლომბარდიაში (21-ით ნაკლები გუშინდელთან შედარებით). ეს მონაცემები გახდა ცნობილი დღეს, 20 აპრილს სამოქალაქო დაცვის სამსახურის ტრადიციულ საღამოს პრესკონფერენციაზე.

იტალია კოვიდ 19-ის „მეორე ფაზაში“ გადადის. ნელ-ნელა იხსნება დაწესებულებები. მილანის ქუჩებში ხალხი მომრავლდა. ქვეყანა თანდათან იწყებს „გახსნას“…

რეგიონები ცდილობენ გარკვეული ობიექტების ნელ-ნელა ამუშავებას მანამდე, სანამ პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებით გათვალისწინებული „ჩაკეტვის“ ვადა ამოიწურება.

18 აპრილს, საღამოს პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტესა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლებების  წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა ვიდეოკონფერენციის ფორმატში.

რეგიონების წარმომადგენლებმა  პრემიერ-მინისტრს ოთხი მოთხოვნა წარუდგინეს, მათ შორის, სამშენებლო ობიექტების (განსაკუთრებით – ღია ცის ქვეშ) და ზოგიერთი საწარმოო ქსელის გახსნის თაობაზე.

მილანის მეტროს ახალი ხაზის მშენებლობა, ციცი ხაბელაშვილის ფოტო

ოთხშაბათს, 22 აპრილს, მთავრობა და რეგიონების, პროვინციების და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები 5 დღის განმავლობაში მეორედ უნდა შეხვდნენ ვიდეოკონფერენციის ფორმატში, პრემიერ-მინისტრმა ონლაინ უნდა გასცეს მითითებები მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით მაქსიმალური უსაფრთხოების პირობებში.

„მთავრობას ვთხოვეთ, ჩამოეყალიბებინათ სწორი მითითებები კორონავირუსისგან დამცავი აღჭურვილობის საკითხთან დაკავშირებით“, – განუცხადა ემილია-რომანიის რეგიონის გუბერნატორმა სტეფანო ბონაკინიმ ჟურნალ Rainews24-ს. – „მოვიყვან მაგალითს: ემსახურება თუ არა ნიღბები ინფექციის თავიდან აცილებას? შევთანხმდეთ, რომ ისინი საჭიროა, მეტიც, სავალდებულოა და ჯარიმდება ყველა, ვინც არ სცემს პატივს ეროვნულ წესებს“.

„ქვეყნის „ხელახლა გახსნა“ კარგად უნდა დაიგეგმოს და გაანალიზდეს, ასეთ გადაწყვეტილებებს 48 საათით ადრე არ ავრცელებენ“, – თქვა მილანის მერმა ჯუზეპე სალამ.

ციცი ხაბელაშვილი

მილანის ქუჩებში ხალხი მომრავლდა, 18.04.2020, ციცი ხაბელაშვილის ფოტო
მილანის ქუჩებში ხალხი მომრავლდა, 18.04.2020, ციცი ხაბელაშვილის ფოტო
„ყველაფერი კარგად იქნება!“ წარწერა იტალიის დროშაზე, მილანი, 2020 წლის 18 აპრილი, ციცი ხაბელაშვილის ფოტო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close