fbpx
კინო/ფილმებიარტისტი

შეუდარებელი ოტელო – რატომ აუნთო ასანთი ჩარლი ჩაპლინმა ლონდონში აკაკი ხორავას?

გიორგი სააკაძე, ტარიელ გოლუა, არსენა, კარლ მოორი, ივანე მრისხანე, კაპიტანი ბერსენევი, სკანდერბეგი, მეფე ლირი, ოიდიპოსი, ოტელო – ეს აკაკი ხორავას მიერ შექმნილი სცენური და კინოსახეების არასრული სიაა, თუმცა მას მხოლოდ ოტელოს სახე რომ შეექმნა, მისი სახელის შარავანდედით შესამოსად ესეც იკმარებდა, რადგან ხორავას ოტელო მსოფლიო შექსპიროლოგიამ ნამდვილ შექსპირისეულ სახედ აღიარა.

აკაკი ხორავა უდიდესი არტისტი იყო, იშვიათი გარეგნობით, მგზნებარე ტემპერამენტით, საოცარი ხავერდოვანი ხმით, გმირული სულისკვეთებით, სცენური მომხიბვლელობით, გარდასხვის განსაკუთრებული ოსტატობითა და მასშტაბურობით. როგორც მისი თანამედროვენი აღნიშნავენ, „ის იყო ადამიანი, რომელმაც სიყვარულიც იცოდა და მტრობაც, დამარცხებაც უგემია და გამარჯვებაც უზეიმია, სიკეთეც უთესია და უმადურობაც მოუმკია, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ დიდი წვლილი აქვს შეტანილი ერის სულიერ ფასეულობათა საგანძურში“.

აკაკი ხორავა 1895 წლის 17 აპრილს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ოჩხამურში დაიბადა. მამა – ალექსი ხორავა იძულებული იყო ქალაქში წასულიყო, რათა ოჯახი ერჩინა. იგი სახარაზო სახელოსნოში მუშაობდა, აკაკის აღზრდაზე კი, ძირითადად, დედა – კესარია შურღაია ზრუნავდა. ხელმოკლეობის მიუხედავად მამამ თავის ვაჟს განათლების მისაღებად ყველანაირი პირობა შეუქმნა. თავიდან ბიჭი სოფლის სკოლაში შეიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისის გიმნაზიაში მიაბარეს.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა ჯერ კიევის უნივერსიტეტში გააგრძელა, სამედიცინო ფაკულტეტზე, მერე კი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ არტისტობაზე ოცნებას თავი ვერ დაანება. მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, მათ შორის, თბილისის მუშათა კლუბში, სახალხო თეატრში, რომელსაც იმ პერიოდში ცნობილი ქართველი დრამატურგი, მსახიობი და საზოგადო მოღვაწე შალვა დადიანი ხელმძღვანელობდა. სწორედ შალვა დადიანი იყო მომავალი მსახიობის პირველი უშუალო მასწავლებელი სასცენო ხელოვნებაში.

აკაკი ხორავამ მიაგნო თავის ჭეშმარიტ მოწოდებას და გადაწყვიტა პროფესიონალი მსახიობი გამხდარიყო, გადაწყვეტილების განსახორციელებლად კი თბილისში, აკაკი ფაღავას ცნობილ სტუდიაში შევიდა. სტუდიის პედაგოგებმა მაშინვე შეამჩნიეს ახალგაზრდა მსახიობის განსაკუთრებული ნიჭი და, სხვათა შორის, რუსთაველის თეატრის დასში ჩასარიცხად რეკომენდაციაც მისცეს.

ხორავა-ოტელო

პირველი როლი რუსთაველის თეატრის სცენაზე აკაკი ხორავამ შალვა დადიანის პიესაში („გეგეჭკორი“ – მოსამართლე ხეცია) ითამაშა. შემდეგ უკვე  არაერთი საინტერესო სახე შექმნა თეატრსა და კინოში, მათ შორის, ვენეციელი მავრი – ოტელო, რომლის შესრულებამაც მსოფლიო სახელი მოუტანა.

ოტელო, 1947 წ.

აკაკი ხორავამ ოტელო (რეჟისორი შ. აღსაბაძე) პირველად 1937 წელს ითამაშა. მას შემდეგ მსახიობის ყოველი გამოსვლა შექსპირისეული ვენეციელი მავრის როლში ხელოვნების ჭეშმარიტ დღესასწაულად იქცეოდა ხოლმე. სპექტაკლის დასრულების შემდეგ აპლოდისმენტები დიდხანს არ წყდებოდა, მაყურებელი საყვარელ მსახიობს თეატრის შესასვლელთან ელოდებოდა და ხშირად ახალგაზრდებს იგი ხელში აყვანილი მიჰყავდათ სასტუმრომდე.

აკაკი ხორავას სცენაზე შექსპირის სხვა გმირებიც აქვს განსახიერებული, მაგრამ მავრის როლი მისთვის საყვარელი სცენური სახე და ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. აკაკი ხორავას ოტელოს წლების განმავლობაში აღტაცებაში მოჰყავდა მსმენელი და მაყურებელი. 1947 წელს ჟურნალი „პრავდა“ წერდა: „აკაკი ხორავამ ოტელოს როლში მიაღწია მწვერვალს, სადამდეც მსოფლიო თეატრალურ ისტორიაში ცოტა თუ ასულა“.

ხორავა-ოტელოს განუმეორებლობა 1949 წელს ლონდონში შექსპირის იუბილესთან დაკავშირებულ ფესტივალზეც გაცხადდა. მსახიობმა სცენაზე მონოლოგი წაიკითხა „ოტელოდან“. დარბაზში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ხორავას წაკითხული მონოლოგი ცუდად იყო შესრულებული. „ვიდექი გაოგნებული, ვერ გამეგო, რა ხდებოდა ჩემს თავს, მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა… ჩავთვალე, რომ არ გამომივიდა. ამ დროს დგება ჩარლი ჩაპლინი, რომელიც კომისიის თავმჯდომარე იყო, გაჰკრავს ასანთის ღერს და აანთებს. კომისიის დანარჩენი წევრებიც იმავეს აკეთებენ. დარბაზიც მათ მიბაძავს. თურმე ეს მათი შეფასების უმაღლესი გამოხატულება ყოფილა, მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი“, – იხსენებდა შემდგომში თავად აკაკი ხორავა.

* * *

აქვე აღვნიშნავთ, რომ აკაკი ხორავას განუზომელი ღვაწლი მიუძღვის როგორც რუსთაველის თეატრის, ისე თეატრალური ინსტიტუტის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ თეატრალური ინსტიტუტის ისტორია 1923 წლიდან იწყება, მისი ნამდვილი და მტკიცე დაფუძნება აკაკი ხორავას სახელთანაა დაკავშირებული. 1939-1949 წლებში ხორავა თეატრალური ინსტიტუტის დირექტორი იყო, შემდეგ კი, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე, მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის კათედრას ხელმძღვანელობდა – ქართულ თეატრს ახალგაზრდა შემოქმედებით კადრებს უზრდიდა, ცხოვრების საგზურს აძლევდა მათ. ინსტიტუტის საუკეთესო კურსდამთავრებულებს ხშირად რუსთაველის თეატრში იწვევდა და ზოგიერთ მათგანს თავის როლებსაც აძლევდა.

„მამლუქი“, 1958 წ.

„გიორგი სააკაძე“

ყველა დროის უდიდესი ქართველი არტისტი თითქმის ერთდროულად მოვიდა როგორც პროფესიულ თეატრში, ისე კინოში. პირველი როლი ამო ბეკნაზაროვის ფილმში („დაკარგული სამოთხე“) ითამაშა. შემდეგ იყო ვლადიმერ ბარსკის „წარსულის საშინელებანი“ და „ათასის ფასად“, ნიკოლოზ შენგელაიას „ნარინჯის ველი“, შოთა მანაგაძის „ჭირვეული მეზობლები“, დავით რონდელის „მამლუქი“, მიხეილ ჭიაურელის „გიორგი სააკაძე“ და „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“… სამწუხაროდ, სულ რაღაც ოცდაორ ფილმშია გადაღებული და ჩემი თაობაც მხოლოდ ფილმებით იცნობს განუმეორებელ არტისტს.

გიორგი სააკაძე, 1943 წ.

მაყურებელს დღემდე აღაფრთოვანებს მისი გიორგი სააკაძე – ერთ-ერთი საუკეთესო კინოროლი აკაკი ხორავას კინოშემოქმედებაში, რომელიც ომის წლებში შეიქმნა. სხვათა შორის, მან ეს როლი თეატრშიც ითამაშა ს. შანშიაშვილის პიესაში „გიორგი სააკაძე“. სწორედ ამ პიესის წარმატებამ დააჩქარა ფილმის გადაღების საკითხი. თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ გიორგი სააკაძის როლს აკაკი ხორავა ითამაშებდა, თუმცა ვის სცენარს (ორი პარალელური სცენარი იქმნებოდა: ერთს გიორგი ლეონიძე წერდა, მეორეს – ანა ანტონოვსკაია და მისი ვაჟი ბორის ჩორნი) მიენიჭებოდა უპირატესობა, ეს სტალინს უნდა გადაეწყვიტა. სტალინის გადაწყვეტილება ანა ანტონოვსკაიას და ბორის ჩორნის სცენარზე შეჩერდა.

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ სტალინმა თავისი სახელობის პრემია სწორედ აკაკი ხორავას გამო დააწესა და 1946 წლის 26 იანვარს პირველი ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატები გახდნენ: ფილმის რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, დამდგმელი ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი და მთავარი როლების შემსრულებლები – აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე და სერგო ზაქარიაძე.

გიორგი სააკაძე აკაკი ხორავას კინოშემოქმედებაში გამორჩეული პერსონაჟი იყო, თუმცა თვითონ ხორავას დიდი მოურავის როლი მაინცდამაინც არ უყვარდა. მისი საყვარელი როლი უფრო ალბანეთის სახალხო გმირი სკანდერბეგი იყო. ამ როლზე მუშაობა ალბანეთის ისტორიის გაცნობით დაიწყო და ყველა დეტალს, ხელის მოძრაობასაც კი უდიდეს ყურადღებას უთმობდა. მაყურებლისთვის ხორავა სკანდერბეგის ნამდვილი სახე გახდა. ეს ორი სახელი ალბანელებისთვის იმდენად გაიგივდა, რომ ძეგლი აკაკი ხორავას პორტრეტის მიხედვით გამოძერწეს და ზედ წააწერეს: სკანდერბეგ-აკაკი ხორავა.

სკანდერბეგის როლში, 1953

თეატრში აკაკი ხორავას უკანასკნელი როლი იყო კარლ მოორი რ. ებრალიძის პიესაში „თანამედროვე ტრაგედია“, კინოში კი – ყარაჩოხელი გიჟუა, უბრწყინვალესი კინემატოგრაფიული სახე, რომელიც 70 წლის ასაკში შექმნა  მიხეილ ჭიაურელის ფილმში „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“.

* * *

აკაკი ხორავას მეუღლე – ნინო ალექსი-მესხიშვილიც მსახიობი იყო. მათ ერთმანეთი რუსთაველის თეატრში გაიცნეს და 1925 წელს იქორწინეს. შეეძინათ ვაჟი – თემური, რომელსაც ექიმებმა, სამწუხაროდ, სამი წლის ასაკში მძიმე დაავადების დიაგნოზი დაუსვეს და მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა. წყვილს შვილი აღარ ჰყოლია. ისინი ერთად 48 წელი ცხოვრობდნენ.

სიცოცხლის ბოლო ათწლეულში აკაკი ხორავა მძიმედ  დაავადდა – მსახიობს ლიმფური ჯირკვლების კიბო აღმოაჩნდა. რვა წელი ებრძოდა იგი ავადმყოფობას, მაგრამ მაინც თეატრსა და თეატრალურ ინსტიტუტზე ფიქრობდა, ინსტიტუტში მომხდარი ყველა ამბის საქმის კურსში იყო და  მის ყოველდღიურობაზე ზრუნვა სურდა, უნდოდა მეცადინეობაზე მისულიყო… შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე ძლიერ, მამაც ადამიანად დარჩა. როდესაც გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მეგობრებმა ალერსიანად ჰკითხეს, რა საჩუქარი მიეძღვნათ მისთვის, მან დაუფიქრებლად უპასუხა – „სიცოცხლე!“

ეროსი მანჯგალაძემ მშობლიური თეატრიდან გამოსვენებისას წარმოთქმულ გამოსათხოვარ სიტყვაში მას „პირველი არტისტი“ უწოდა.

თბილისში მსახიობის სახლს 1972 წელს ხორავას სახელი ეწოდა.

აკაკი ხორავა დაკრძალულია მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

თამარ ოთიაშვილი 

გიჟუას როლში, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, 1965 წ.
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close