ლეგენდარულმა ტენორმა ანდრეა ბოჩელიმ სააღდგომო LIVE-კონცერტი მილანის ცარიელ ტაძარში გამართა (ვიდეო)
უსინათლო ტოსკანელი ბიჭის გზა წარმატებისკენ
კათოლიკურმა სამყარომ აღდგომის დღესასწაული 12 აპრილს იზეიმა, თუმცა ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კარანტინის გამო ტაძრები დახურულია, მათ შორის, მილანის საკათედრო ტაძარიც – სახელგანთქმული დუომო. იტალიელმა საოპერო ვარსკვლავმა ანდრეა ბოჩელიმ Live-კონცერტი ცარიელ კათედრალში გამართა.
წარმოდგენა, სახელწოდებით „ბოჩელი: მუსიკა იმედისთვის“, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყო და მისი მოსმენა რეალურ დროში youtube-ზე იყო შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის დადგომა ცნობილმა ტენორმა ანდრეა ბოჩელიმ ქართველებს და საქართველოს ბათუმიდან მოვილოცა. მაშინ მან გამონაკლისი დაუშვა – პირველად თავისი შემოქმედებითი კარიერის ისტორიაში, ახალ წელს სახლში არ შეხვდა და ჩვენთვის იმღერა…
დღემდე ბოჩელიმ უამრავ კონცერტში მიიღო მონაწილეობა ლეგენდარულ მომღერლებთან ერთად, გამოდიოდა მსოფლიოს უდიდეს სცენებზე და თავისი საოცარი ხმის წყალობით თაყვანისმცემელთა უზარმაზარი არმია ჰყავს. მის კონცერტს დუომოდან 3 მილიონამდე ადამიანი უსმენდა ონლაინ რეჟიმში
მოუსმინეთ, დატკბით და თან წაიკითხეთ ტოსკანელი სოფლელი ბიჭის ისტორია, რომელმაც სიბრმავის მიუხედავად მსოფლიო საოპერო მწვერვალები დაიპყრო.
აქვე შეგახსენებთ,რომ ანდრეა ბოჩელის ფონდმა შემოწირულობები შეაგროვა და 140 000 ამერიკულ დოლარზე მეტი გადასცა იტალიის საავადმყოფოებს საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.
გზა წარმატებისკენ
ანდრეა იხსენებს, რომ დედამისს (ედი ბოჩელი) ბავშვის გაჩენას არ ურჩევდნენ ჯანმრთელობის მოსალოდნელი პრობლემების გამო და მადლობას უხდის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სიცოცხლის უფლება მისცა. ბავშვს მხედველობის პრობლემები ჰქონდა, ექიმებმა თანდაყოლილი გლაუკომის დიაგნოზი დაუსვეს და 12 წლისა, ფეხბურთის თამაშის დროს, სრულიად დაბრმავდა, თუმცა ანდრეას არ უყვარს ამ თემის აფიშირება და ყველანაირად ცდილობს, ისე იცხოვროს, როგორც სრულიად ჯანმრთელმა ადამიანმა.
ბოჩელი 1958 წელს დაიბადა ტოსკანის რეგიონში, პატარა სოფელ ლაჯატიკოში, რომელიც პიზიდან სამხრეთით, 40 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მისი ოჯახი მიწათმოქმედებას, ძირითადად, მევენახეობა-მეღვინეობას ეწეოდა. მათ მარანში ღვინო 1730 წლიდან იწურება. ბოჩელის დედა და უმცროსი ძმა დღემდე მშობლიურ სოფელში ცხოვრობენ. დღეს მათ წარმატებული ბიზნესი აქვთ. ისინი ყოველწლიურად დაახლოებით 25 ათას ბოთლ სანჯოვეზეს, კაბერნესა და მალვაზიას ასხამენ.
რამდენიმე წლის წინათ სახელგანთქმული იტალიელი მომღერალი ანდრეა ბოჩელი სკანდალში გაეხვია. მისი საოჯახო ბიზნესი მრავალმილიონიანი აფიორის მსხვერპლი გახდა. როგორც აღმოჩნდა, თაღლითები მის მამულში წარმოებული ღვინის სახელს იყენებდნენ. ისინი ბოთლებში ერთევროიან სუფრის ღვინოს ასხამდნენ, ჭურჭელს შესაბამის ეტიკეტებს აკრავდნენ და თითო ბოთლს 120 ევროდ ყიდდნენ.
ბავშვობაში კი ანდრეას სულ სხვა ცხოვრება ჰქონდა…
პატარა ბიჭი დიდ ინტერესს იჩენდა მუსიკისადმი – 6 წლიდან უკრავდა ფორტეპიანოზე, მოგვიანებით ფლეიტას და საქსოფონსაც დაეუფლა. როგორც დედამისი აღნიშნავს, მუსიკა ერთადერთი რამ იყო, რაც მას კომფორტს უქმნიდა.
მუსიკით გატაცების მიუხედავად, პრაგმატული მოსაზრებებით, ოჯახმა ყმაწვილს სამართლის შესწავლა გადააწყვეტინა, რომ ადვოკატის პროფესია და სტაბილური შემოსავლები ჰქონოდა. ლიცეუმის დამთავრების შემდეგ ანდრეამ პარიზის უნივერსიტეტში ჩააბარა და იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. ღარიბი სტუდენტი საღამოობით ბარებში პიანინოზე უკრავდა და ასე შოულობდა ფულს, რომ ოჯახს დახმარებოდა. 1 წელი სასამართლოშიც მუშაობდა, სადაც მომავალ მეუღლეს, ენრიკა ჩენზატის შეხვდა. 5 წლის შემდეგ წყვილმა ოჯახი შექმნა. მათ ორი ვაჟი – ამოსი და მატეო შეეძინათ.
ეს ის პერიოდია, როდესაც ბოჩელის პოპულარობა იზრდება: ხშირი ტურნეები, გადაღებები, სატელევიზიო ჩაწერები სულ უფრო მეტ დროს ითხოვდა და საოჯახო იდილიაც დაირღვა: ენრიკამ გაყრა მოინდომა და 2002 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
ანდრეა ბოჩელის მარტოობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 33 წლის ასაკში მან 18 წლის ვერონიკა ბერტი, მაესტრო ივანი ბერტის ქალიშვილი გაიცნო. ანდრეასა და ვერონიკა შორის რომანი გაჩაღდა და მათ ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. ვერონიკა ცნობილი ტენორის არა მარტო მეუღლე გახდა, არამეს მისი კომერციული დირექტორიცაა.
რამდენიმე წელში ბოჩელის შვილები მამის ახალ ოჯახში გადავიდნენ საცხოვრებლად. 2012 წელს ბოჩელი მესამედ გახდა მამა – მას ქალიშვილი, ვირჯინია შეეძინა.
რაც შეეხება უსინათლო მომღერლის მუსიკალური კარიერის „ოფიციალურ“ დასაწყისს, თავად ანდრეა ამას შემთხვევითობად თვლის. ბედმა იგი ცნობილ მუსიკოსთან, ძუკეროსთან (Zucchero, Adelmo Fornaciari) 1992 წელს შეახვედრა. ეს უკანასკნელი მოსმენებს აწყობდა და მომღერლებს არჩევდა ახალი ნაწარმოების, „Miserere“-სთვის, რომლიც ლუჩანო პავაროტისთვის იყო შექმნილი, მაგრამ ცნობილმა მაესტრომ მოისმინა დამწყები მომღერლის შესრულება და თქვა: „მადლობა შეუდარებელი სიმღერისთვის, მაგრამ ეს ანდრეამ შეასრულოს“. 1994 წელს სწორედ „Miserere“-თი შედგა ანდრეას დებიუტი სან რემოს პოპფესტივალზე.
ამავე წელს ანდრეა, ბრაიან ფერისთან, ალ ჟიროსა და სხვა ცნობილ მუსიკოსებთან ერთად ტურნეში გაემგზავრა ევროპაში. ბოჩელი 500 000 მაყურებლის წინაშე გამოვიდა. ეს იყო ნამდვილი ტრიუმფი საერთაშორისო მასშტაბით: მისმა ლირიკულმა სიმღერამ „Con te partir?“ პირველი ადგილი რამდენიმე კვირის მანძილზე შეინარჩუნა და გაყიდვების რეკორდი ევროპის მრავალ ქვეყანაში მოხსნა.
ამ სიმღერის იტალიურ-ინგლისური ვერსია „Time to say goodbay“, რომელიც ბოჩელიმ სარა ბრაიტმანთან ერთად ჩაწერა, ასევე გაყიდვების ლიდერი გახდა – სამ მილიონამდე დისკი ექვსმაგი პლატინით. ალბომის „Romanza“-ს გამოშვების შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო „ბოჩელომანია“. 2006 წელს კი ლაიატიკოში გაიხსნა „Teatro del silenzio“, რომლის საპატიო პრეზიდენტი ანდრეაა და ყოველი წლის ივლისში მართავს კონცერტს.
კლასიკური მუსიკის და იტალიური ჰიტების ყველაზე გაყიდვადი მომღერალი ანდრეა ბოჩელი ამჟამად თავის მამულში ცხოვრობს, იმ დასახლებასთან ახლოს, სადაც დაიბადა. მუსიკის გარდა მისი გატაცება ცხენებია – მას ფერმაში ცხენსაშენიც აქვს.
ანდრეა ბოჩელი ძველებურად ატარებს კონცერტებს, დადის ტურნეებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აცხადებს: „ჩემს მსმენელებთან და თაყვანისმცემლებთან ურთიერთობაა ის, რაც ნამდვილად მინდა. მსურს მათ სულს ჩავწვდე ისევე, როგორც ოდესღაც, ჩემი უსაყვარლესი შემსრულებლები სწვდებოდნენ ჩემს სულს. ისინი მაიძულებდნენ მეტირა და მეოცნება. მეც ამის მიღწევა მინდა“.
მანანა ბანძელაძე
ვიდეო: ანდრეა ბოჩელი 1994 წელს სან რემოს ფესტივალზე ასრულებს სიმღერას «Il mare calmo della sera», რომელიც სპეციალურად მისთვის დაწერეს ძუკერო ფორნაჩარიმ (Zucchero Fornaciari), ჯამპიერო ფელიზატიმ (Giampiero Felisatti) და გლორია ნუტიმ (Gloria Nuti). სწორედ ამ სიმღერით გაიმარჯვა ანდრეა ბოჩელიმ 1994 წელს სან რემოს ფესტივალზე.
კომენტარები