fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

როგორი იქნება პოსტკორონავირუსული სამყარო?

რუსი სოციოლოგებისა და პოლიტოლოგების ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემების წინაშე დადგება საზოგადოება და სახელმწიფო პანდემიის შემდეგ

მართალია, ქვემოთ მოყვანილი ანალიზი რუსეთის სახელმწიფოს ეხება, მაგრამ, რამდენადაც სიტუაცია თითქმის მთელ მსოფლიოში ერთნაირად ვითარდება, გამორიცხული არაა, რომ მოცემული მოსაზრებების ნაწილი სხვა ქვეყნებისთვისაც მართებული იქნება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ისინი ჩვენს მკითხველსაც დააინტერესებს.

ევგენი ვინოკუროვი, ევრაზიის ფონდის სტაბილიზაციისა და განვითარების მთავარი ეკონომისტი, თვლის, რომ მიმდინარე კრიზისის პირობებში, სოციალური დღის წესრიგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური: „იზოლაციის, ასობით ათასი საწარმოს დახურვის და უმუშევრობის გაზრდის გათვალისწინებით, სოციალური განზომილება წინა პლანზე გადმოდის. დღევანდელ გაურკვევლობის ვითარებაში ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, გველოდება თუ არა შემოდგომაზე ვირუსის ახალი აფეთქება“, – ამბობს ექსპერტი. – „2009 წელსაც კი, მსოფლიო კრიზისის პირობებში, გლობალური ეკონომიკა 1%-ით გაიზარდა, რადგან იმ პერიოდში ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკა იზრდებოდა, ასე რომ, ახლა პროგნოზირებული ნულოვანი ზრდა მრავალი ათეული წლის განმავლობაში უპრეცედენტოა“.

„ბევრი უბრალოდ ვერ გადაურჩება უპრეცედენტო დარტყმას მცირე და მიკრობიზნესისთვის და ერთ-ორ თვეში დაიხურება, განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ მოყვება შრომატევადი დარგები – საზოგადოებრივი კვებისა და გართობის სფეროს ობიექტები, ტრანსპორტი“, – აცხადებს ეკონომისტი. – „შეიძლება მასობრივი დათხოვნები დაიწყოს, ხოლო რუსეთში მოსახლეობის სამ მეოთხედს არ აქვს „საჰაერო ბალიში“, რის შედეგადაც ადამიანები ნათესავებისა და მეგობრების დახმარებას მიმართავენ, ან ბანკებსა და მიკროსაკრედიტო ორგანიზაციებში წავლენ – ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ველოდოთ მოსახლეობის დაკრედიტების პროცენტის ზრდას, რაც ბოლო წლების განმავლობაში ისედაც მაღალია“, – დასძენს ვინოკუროვი.

„ვითარება ორმხრივია“, – ამბობს იგორ ზადორინი, კვლევითი ჯგუფის, „ცირკონის“ ხელმძღვანელი, – „ერთი მხრივ, არსებობს კორონავირუსი, ხოლო მეორე მხრივ, არსებობს შიშის პანდემია და დაშინების ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური კამპანია, რომელიც ბევრ ქვეყანაშია და არაპროპორციულია ეპიდემიასთან“. მისი თქმით, „სამედიცინო სტატისტიკა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვისაუბროთ უპრეცედენტო ეპიდემიაზე, შიშის ესკალაცია შეიძლება ავხსნათ გარკვეული დაინტერესებული მხარის ინტერესით“.

„დაავადებების წინაშე შიში ადამიანებისთვის უმთავრესია, შესაბამისად, ინფექციის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორსირებული გავრცელება სხვა საფრთხეებსა და შიშებთან შედარებით, მათგან უფრო მეტ ნდობას იმსახურებს“, – აღნიშნავს სოციოლოგი, – „სწორედ ამიტომ აღმოჩნდა მოსახლეობა მგრძნობიარე გავრცელებული ინფორმაციის მიმართ, შემდეგ კი ჩაირთო პროცესები, რომლებიც იმდენად სოციოლოგიასა და სოციალურ ფსიქოლოგიას კი არ უკავშირდება, არამედ ფსიქიატრიას“. „მედიის როლი და მთავრობების ქმედებები არაპროპორციულია იმ საფრთხეებისა, რასაც შიშის პანდემიის განვითარებასთან მივყავართ, რომელიც გაცილებით მეტ ადამიანს მოიცავს, ვიდრე თვითონ ვირუსი“, – აღნიშნავს ზადორინი.

„მიმდინარე კამპანიამ შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ პერსონალური პასუხისმგებლობა მოქალაქეებიდან მოიხსნას და სახელმწიფოს გადაეცეს“, – განმარტავს ის, – „როცა კოროვირუსული სიტუაციის დასრულების შემდეგ დაავადებულთა და დაღუპულთა საბოლოო რიცხვი შეჯამდება, ბევრი შეიძლება დაფიქრდეს: რა იყო ეს, გამართლებული იყო თუ არა თვითიზოლაცია? და აქ შეიძლება გაჩნდეს სახელმწიფო ორგანოების მიმართ ნდობის დაკარგვის საშიშროება – ხალხი ჩათვლის, რომ ისინი მოატყუეს, დაუშვეს რა პანდემიის შესახებ არაპროპორციული ქმედებები“.

სოციალური კვლევების ექსპერტული ინსტიტუტის საექსპერტო საბჭოს ხელმძღვანელი გლებ კუზნეცოვი პანდემიის დასრულების შემდგომ პრობლემებზე საუბრობს. „უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება საზოგადოების დაყოფა იმ ადამიანებად, რომლებიც სამოქალაქო სამსახურსა და კერძო ბიზნესში მუშაობენ: ბიზნესი სახელმწიფოსგან დახმარებას მოითხოვს, ხოლო სახელმწიფო ამბობს, რომ გადასახადები უნდა იქნას გადახდილი, რომ ხელფასები გაიცეს სახელმწიფო მოსამსახურეებზე და მათზე, ვინც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული. ყველაზე მეტად დაზარალდებიან ისინი, ვინც კერძო ბიზნესით არიან დაკავებულნი“.

ექსპერტის თქმით, კიდევ ერთი რისკი – ხელისუფლებისადმი ნდობის შემცირებაა. „ახლა ხალხს ეუბნებიან, რომ კარანტინი არა მხოლოდ ფორმალური, არამედ მორალური ვალდებულებაცაა, რათა ხანდაზმულთა სიცოცხლე გადავარჩინოთ, მაგრამ ვირუსი ალბათ არსად წავა, კარანტინი კი ოდესმე უნდა მოიხსნას. შემდეგ ვალდებულების მორალური მხარე მოიხსნება, ადამიანები კი კვლავ დაავადდებიან. ეს სამთავრობო უწყებებისთვის ცუგცვანგის მდგომარეობაა (სიტუაცია, როდესაც მოთამაშე იძულებულია გადადგას აშკარად არახელსაყრელი ნაბიჯი ვარიანტების არარსებობის შემთხვევაში): თქვენ ან მოგატყუეთ, როდესაც ვთქვით, რომ კარანტინის დახმარებით ყველას გადავარჩენდით, ან ახლა გატყუებთ, როდესაც გეუბნებით, რომ კარანტინს ვწყვეტთ. ეს შეარყევს ნდობას. გარდა ამისა, დახმარების ღონისძიებები მოსახლეობამდე ნელა აღწევს“, – აღნიშნავს კუზნეცკოვი: „ხალხს ესმის მილიარდებზე, რომლებიც მათ მხარდაჭერაზე იხარჯება, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ ამ ფულს. გამოდის, რომ სახელმწიფოს მხოლოდ შენი კონტროლი შეუძლია შენივე სმარტფონის მეშვეობით და მეტი არაფერი. თუ სახელმწიფოს მუშაობა ეფექტიანი არ იქნება, მაშინ მისი როლი პოსტკორონავირუსულ სამყაროში დაეცემა“.

„ახლა საზოგადოება თითქმის ითხოვს მკაცრ საკარანტინო ზომებს“, – ამბობს ექსპერტი: „და რაც უფრო ძლიერად დაუჭერენ ადამიანები მხარს ამ შემზღუდავ ზომებს, მით უფრო დიდი იქნება იმედგაცრუება, თუ ეს ყველაფერი საზოგადოებას სიღარიბის გარდა, არაფერს მოუტანს. საზოგადოება შეეწინააღმდეგება მთავრობისა და ბიზნესის მოდერნიზებულ ინიციატივებს. მთავარი პრობლემა სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება, როგორც ეს მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში იყო. ანუ ჩვენ დაგვჭირდება არა ციფრული ეკონომიკა, არამედ „მარშალის პირობითი გეგმა“ მთელი ეკონომიკისთვის“.

თამარ ქავჟარაძე

წყარო

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close