fbpx
პოლიტიკასაქართველო

ქობულეთის 4 სოფელში მკაცრი კარანტინი დაწესდა

აკრძალულია ამ სოფლებში შესვლა და მათი დატოვება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაშიმუხაესტატეშილეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა. ჩიქოვანის თქმით, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა.

„დღეის მდგომარეობით, საქართველოში უკვე არის 252 დადასტურებული შემთხვევა კოვიდინფექციის. ამასთან, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ შემთვევაში იყო საკმაოდ ფართე წრე კონტაქტების და, შესაბამისად, გვიწევს სპეციალურ ღონისძიებებს მივმართოთ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.

გარდა იმ მეზღუდვებისა, რაც დადგენილია საგანგებო მდგომარეობით, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალები“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით,  ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით გამოიკვეთა 203 კონტაქტი, მათ შორის უკვე გამოკვლეულია 187 პირი, მათგან კორონავირუსი საერთო ჯამში 20 ადამიანს დაუდასტურდა.

მინისტრის განცხადებით, მობილიზებულია მედიკოსთა ჯგუფი, რომელიც მკაცრ კარანტინში მოქცეული სოფლების ყველა მცხოვრებს ჩაუტარებს თერმოსკრინინგს.

დღეს აჭარაში ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ორი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, ერთი კი იმპორტირებული შემთხვევაა. დადებითი ანალიზი მარნეულის მკვიდრს დაუდასტურდა, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა, იგი თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით შემოვიდა.

ამ დროისთვის მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ასევე დაწესებულია ლენტეხში, ბოლნისსა და მარნეულში.

საქართველოში კორონავირუსი 252 ადამიანს აქვს დადასტურებული, აქედან 63 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე, ხოლო საქართველოში დადასტურებული შემთხვევებიდან 2 პაციენტი, ავსტრიის მოქალაქეები, ავსტრიაში სპეცრეისით დააბრუნეს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4929 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 405.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close