იტალიასაზოგადოება

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 150 ათასს გადააჭარბა, „მეორე ფაზა“ იწყება

ინფიცირების 152 271 დასტურებული შემთხვევა SARS-CoV2-ის ქვეყანაში გამოჩენის შემდეგ, 4694 ახალი შემთხვევა გასული 24 საათის განმავლობაში (60 ათასამდე ტესტის ჩატარების შედეგად), 619 გარდაცვლილი გასულ ერთ დღე-ღამეში (სულ 19 468), 32 534 გამოჯანმრთელებული, 2079-ით მეტი, ვიდრე გუშინ; 100 269 აქტიური პაციენტი, 1996-ით მეტი, ვიდრე გუშინ; მათგან 3381 – ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 116-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ (რეანიმაციის პაციენტთა რიცხვი მე-8 დღეა, იკლებს), – ასეთია ახალი მონაცემები, რომლებიც 11 აპრილს სამოქალაქო დაცვის სამსახურის ტრადიციულ საღამოს პრესკონფერენციაზე წარმოადგინეს.

ეს მაჩვენებელები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ იტალია ჯერ ისევ ვირუსის გავრცელების შენელების ფაზაშია, გრაფიკული მრუდი ჯერ ისევ პლატოს მდგომარეობაშია და მკაფიო დაშვება ჯერ არ ჩანს. ერთი თვის წინ დაწყებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა დღეს ეს შედეგი მოიტანა.

დაახლოებით 10 დღის წინ კომისარმა ანჯელო ბორელიმ რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ შეიძლება იტალიაში გამოვლენილ შემთხვევებზე 10-ჯერ მეტი ინფიცირებული იყოს, ერთი კვირის წინ კი 3 სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ განსხვავებული მეთოდოლოგიით ჩატარებულმა დამოუკიდებელმა კვლევებმა ერთნაირი შედეგი აჩვენა: ამ კვლევების ავტორთა ვარაუდით, ქვეყანაში რეალურად ინფიცირებულია 5-6 მილიონი ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 10%, რაც საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავებისთვის ძალიან ცოტაა, ვირუსის გავრცელებისთვის კი – სახიფათო რაოდენობა.

14 აპრილიდან იტალია „მე-2 ფაზაში“ გადადის. 3 ტიპის მაღაზიები დაემატა იმ მაღაზიათა რიცხვს, რომლებიც აქამდე იყო ღია – გაიხსნება წიგნების, საკანცელარიო და ბავშვის ტანსაცმლის მაღაზიები. ხელისუფლებამ, აგრეთვე, მიიღო გადაწყვეტილება, გაზარდოს იმ საწარმოო ობიექტების სია, რომელთა მუშაობა ნებადართულია, მათ შორის, დაუშვას იმ საწარმოების გახსნა, რომლებიც შემდეგ სექტორებში მუშაობენ: სატყეო მეურნეობა, კომპიუტერული წარმოება, ლანდშაფტის მოვლა, ჰიდრავლიკური სამუშაოები, ქაღალდის და მუყაოს საბითუმო გაყიდვა.

კომპანიებს, რომლებსაც ჯერ არ შეუძლიათ მუშაობის დაწყება, ნებადართული აქვთ თავიანთი საქონელი საწყობებში გადატვირთონ, დაუშვან სამსახურში კომპანიის თანამშრომლები და ის მესამე პირები, რომლებსაც ევალებათ ზედამხედველობა და ტექნიკური მომსახურება, გადახდების მართვა, აგრეთვე, შენობების დალაგება და დეზინფექცია.

იმ მაღაზიების თანამშრომლებს, რომელთა გახსნის ნებართვაც გაიცემა, ევალებათ შემდეგი წესების მკაცრად შესრულება: უსაფრთხო დისტანციის დაცვა; შენობის დალაგება დღეში ორჯერ, ბუნებრივი ვენტილაცია და განიავება; აუცილებელია ადგილზე ხელმისაწვდომი იყოს ხელისა და კლავიატურის, სენსორული ეკრანების, გადახდის აპარატების სადეზინფექციო საშუალებები; სავალდებულოა პირბადეების გამოყენება დახურულ შენობებში, ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენება საკვები პროდუქტებისა და სასმელების გაყიდვის დროს.

მაღაზიის დახურულ სივრცეში მომხმარებელი დაიშვება ფართობის მიხედვით: თუ მაღაზიის ფართობი 40 კვადრატულ მეტრამდეა, ერთდროულად მხოლოდ ერთ კლიენტს შეუძლია შესვლა, მაქსიმუმ 2 მომსახურე პერსონალის ყოფნის პირობებში.

მათ, ვინც უცხოეთში ცხოვრობს და იტალიაში მუშაობს, შეუძლიათ ქვეყანში დაბრუნდნენ 3 დღით და ეს 3 დღე შეიძლება აუცილებლობის დადასტურების შემთხვევაში კიდევ 2 დღით გაიზარდოს. ამისთვის, კონტეს მიერ 10 აპრილს ხელმოწერილი ბრძანებულების საფუძველზე, აუცილებელია შეივსოს თვითსერტიფიკატი საზღვარგარეთიდან გამომგზავრების დაწყების მომენტიდან. 5 დღის შემდეგ, თუ ადამიანი ვერ ახერხებს იმ ქვეყანაში დაბრუნებას, საიდანაც ჩამოვიდა, უნდა გადავიდეს კარანტინში.

იტალიის ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტი ISS მოქალაქეებს აფრთხილებს, ყურადღება მიაქციონ ჯანსაღ კვებას: დიდი დრო დაუთმეთ საკვებს და განსაკუთრებით საუზმეს, მაგრამ ფრთხილად იყავით, ნუ მოიხმართ ჭარბად ტკბილეულს და მარილიან საკვებს – აი, ერთ-ერთი რეკომენდაცია კარანტინში მყოფი მოსახლეობისათვის, რომელიც მოცემულია ინტერნეტში გამოქვეყნებულ ბროშურაში „კვება Covid-19-ის საგანგებო მდგომარეობის დროს“. ექსპერტები გვახსენებენ, რომ რადგან ნაკლები ვალდებულებები გვაქვს და მთელ დღეს სახლში ვატარებთ, შეგვიძლია დავაბალანსოთ საკვები – უფრო უხვი იყოს საუზმე და მსუბუქი – სადილი, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ზედმეტი კილოგრამები არ ავკრიფოთ და უკეთესად გვეძინოს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close