იტალიასაზოგადოება

იტალია: მთავრობა საყოველთაო კარანტინს 3 მაისამდე აგრძელებს, თუმცა მაღაზიები გაიღება

პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს ახალი დეკრეტით, საგანგებო ზომები 13 აპრილიდან კიდევ 3 კვირით, 3 მაისამდე გახანგრძლივდა – ეს ნიშნავს, რომ 3 მაისამდე ძალაშია მთავარი წესი: „მე ვრჩები სახლში“.

ამ პერიოდში შენარჩუნებული იქნება თითქმის ყველა შეზღუდვის ზომა, რომელიც აქამდე იყო დაწესებული, თუმცა შესაძლებელია გამონაკლისი დაუშვან ბავშვის ტანსაცმლის, აგრეთვე, წიგნის და საკანცელარიო ნივთების მაღაზიებისთვის, რომლებიც გაიხსნება იმ პირობით, რომ დაცული იქნება ყველა შეზღუდვა, მათ შორის, სოციალური დისტანცირების პირობა.

რაც შეეხება ახალ სტატისტიკას: გასულ 24 საათში იტალიაში 570 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ-19-ით (გუშინდელი მაჩვენებელი იყო 610), მთლიანობაში მსხვერპლთა რაოდენობამ 18 849-ს მიაღწია.

მოქმედი პაციენტების რიცხვი 98 273-ია, 1396-ით მეტი, ვიდრე გუშინ (წინა დღის ზრდა იყო 1615), უკვე გამოჯანმრთელდა მთლიანობაში 30 455 ადამიანი – 1 985-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს (გუშინ ზრდა 1979-ს უდრიდა).

დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 3951 ახლი შემთხვევა და მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 147 577-ს მიაღწია. ამ დროისთვის ჩატარებულია 906 864 ტესტი. ეს მაჩვენებლები გახდა ცნობილი დღეს სამოქალაქო დაცვის სამსახურის პრესკონფერენციაზე.

კომისარ ბორელის თქმით, საავადმყოფოებზე ზეწოლა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შემცირდა, რადგან შემცირდა როგორც, ზოგადად, ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა, ისე ინტენსიური თერაპიის პაციენტთა რაოდენობა. ჯანმრთელობის უმაღლესი ინსტიტუტის (ISS) ხელმძღვანელი სილვიო ბრუზაფერო კი აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების შენელების ტენდენცია აშკარაა, რაც ზომების ეფექტიანობაზე მიუთითებს, თუმცა მრუდის დაშვება მაშინ დაიწყება, როდესაც ინფიცირების ინდექსის მაჩვენებელი 1-ის ქვემოთ ჩამოვა (ამჟამად ის 1,1-1-ის ფარგლებშია). „მონაცემები მიუთითებს შემცირებას, მაგრამ არ შეამციროთ სიფრთხილე!“ – ასეთია მისი გზავნილი.

სიცილიის გუბერნატორ ნელო მუსუმეჩის გუშინდელი ბრძანებულებით, რეგიონში აღდგომის დღესასწაულის წინ ზომები გამკაცრდა: სახლიდან გამოსვლა ნებადართულია დღეში ერთხელ ოჯახის მხოლოდ ერთი წევრისთვის (თუ საუბარი არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელ გადაადგილებაზე, როგორიცაა, მაგ., ექიმთან ვიზიტი). აიკრძალა საჭმლის გამოძახება სახლში აღდგომის კვირა დღეს და აღდგომის ორშაბათს.

მუსუმეჩის, ფონტანასა (ლომბარდია) და როსისგან (ტოსკანა) განსხვავებით, არ შემოაქვს სავალდებულოდ ნიღბის ტარება, რადგან, მისი თქმით, სიცილიის რეგიონში არ არის საკმარისი ნიღბები, რომ მოსახლეობა უზრუნველყონ, თუმცა ნიღაბი და ერთჯერადი ხელთათმანები აუცილებელია პროდუქტების მაღაზიაში მომუშავეებისთვის – მათ პირბადე შენობის გარეთაც, ღია სივრცეშიც უნდა ატარონ.

რეგიონის პრეზიდენტი, აგრეთვე, კეტავს ყურეს: 9 აპრილიდან აღდგომის ორშაბათამდე ზღვით ტრანზიტი სიცილიიდან კალაბრიისკენ და უკან ნებადართულია მხოლოდ ჯანდაცვის მუშაკების, პოლიციელებისა და არმიის წარმომადგენელებისთვის.

* * *

იტალიის ხელისუფლება კმაყოფილია ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების გადაწყვეტილებით, გამოიყოს 540 მილიარდი ევრო (ძირითადად, საკრედიტო სახსრები) ევროპის ქვეყნებში პანდემიის ეკონომიკური შედეგების დასაძლევად, თუმცა აუცილებლად მიაჩნია უფრო მეტის გაკეთება – ამის თაობაზე დღეს ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა.

საჭიროა შეიქმნას „აღორძინების ფონდი“, ყველა ამოცანის გადასაწყვეტად საჭიროა 1,5 ტრილიონი ევრო, – განაცხადა, თავის მხრივ, იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა რობერტო გუალტერიმ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close