მსოფლიოსაზოგადოება

ევროკომისიის სასწრაფო ინიციატივა სამუშაო ადგილების გადასარჩენად

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა იტალიაში, ესპანეთსა და კორონავირუსული პანდემიით შედარებით მეტად დაზარალებულ ქვეყნებში სამუშაოს შენარჩუნების დროებითი ინსტრუმენტი წარმოადგინა. მას ეწოდება „დახმარება საგანგებო სიტუაციებში უმუშევრობის რისკის შემცირების მიზნით“ (ინგლისური აბრევიატურა SURE).

„SURE ხელს უწყობს ევროპაში მოკლევადიან დასაქმებას, ამ ზომამ შეიძლება რეცესიის შედეგები შეამსუბუქოს; ის ადამიანებს სამუშაო ადგილებს შეუნახავს და კომპანიებს საშუალებას მისცემს, ბაზარს ახალი ენერგიით დაუბრუნდნენ, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. – კომისია კრედიტებს გამოუყოფს იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც დროებითი დასაქმების სქემების გაძლიერებას აპირებენ. ეს სქემები უკვე არსებობს, ჩვენ ვგეგმავთ, ისინი მთელი ევროკავშირის მასშტაბით დავნერგოთ. ამ გზით, SURE სარგებელს მოუტანს ყველა ქვეყანას, რომლებიც მის გამოყენებას მოინდომებენ. ამისათვის 100 მლრდ ევროს მობილიზება შეგვიძლია“.

გეგმის პროექტის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნები იმ შემთხვევაში მოითხოვენ ცენტრალურ დაფინანსებას, თუ პანდემიის გამო სახელმწიფო ხარჯები მკვეთრად გაიზრდება. SURE მათ შესთავაზებს ბიზნესის საკრედიტო სქემას, რომლის გარანტიებსაც კონკრეტული სახელმწიფო უზრუნველყოფს.

„იდეა მარტივია, – განმარტავს ფონ დერ ლაიენი. – თუ კომპანიებს არ აქვთ შეკვეთები და საქმიანობას დროებითი გარეგანი შოკის გამო აჩერებენ, როგორიცაა, მაგალითად, კორონავირუსის ეპიდემია, მაშინ მათ კი არ უნდა გაათავისუფლონ თავიანთი თანამშრომლები, არამედ მათი გამოყენება უნდა განაგრძონ, თუნდაც სამუშაო ნაკლები იყოს. თავისუფალ დროს თანამშრომლებმა შეიძლება გაიარონ ტრენინგები, მაგალითად, აითვისონ ახალი უნარ-ჩვევები, რაც სარგებელს მოუტანს როგორც კომპანიას, ისე თვითონ მათ“.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემცირება შეეხო მილიონზე მეტ ევროპელს, რომელთა საწარმოები და დაწესებულებები იხურება მათ პროდუქციასა და მომსახურებაზე მოთხოვნილების დაკარგვის ან კარანტინის გამო.

ამ ინიციატივას მიესალმა ევროკავშირის პროფკავშირული კონფედერაცია, რომელმაც მოუწოდა, რომ ის გავრცელდეს კავშირის ყველა ქვეყანაში, მათ შორის, თვითდასაქმებულ მუშაკებზეც.

უახლოეს მომავალში ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები ევროპელი მუშაკებისთვის გადაუდებელი დახმარების ღონისძიებებს განიხილავენ.

თამარ ქავჟარაძე

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close