ლიტერატურა/წიგნები

„ოთარაანთ ქვრივი“ და „სამანიშვილის დედინაცვალი“ რისკ-ჯგუფში შედიოდნენ ასაკის გამო, ილარიონი კი ცალკე გადავიდა იზოლაციაში…

ქართული კლასიკის სათაურებით მოთხრობილი ჩვენი დროის დრამა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ქართული კლასიკის სათაურებით ჩვენი დროის დრამა ააწყო. მწერალი იმედოვნებს, რომ ეს ექსპრომტი სახლში გამოკეტილ თანამემამულეებს გაახალისებს.

nostal. ge სიამოვნებით გიზიარებთ  გიორგი კეკელიძის ამ პოსტს:

„იყო დრო – „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ერთად ვცხოვრობდით. მერე ოთხი ადამიანის შეკრება აიკრძალა და ილარიონი ცალკე გადავიდა იზოლაციაში. ეს ის დღე გამოდგა – „ექვსი შინაბერას და ერთი მამაკაცის“ კლასტერი კარანტინში რომ მოათავსეს. ეგ კი არა, „მესამე ძმა კეჟერაძეც“ განმარტოვდა თავის დასაზღვევად და თან დაიბარა „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“, იცოდეთ, უძმებოდ „ჩაკლული სული“ უფრო მქვიაო. ვერც ილარიონი იყო უკეთეს დღეში – ყბაჩას დააბარა, მარკეტ დიონიოსოში ორი კვირის სამყოფი ფქვილი მიყიდეო, მაგრამ რად გინდა – „ყბაჩამ დაიგვიანა“. დაიგვიანა და რომ მოვიდა, უთხრა, დიდი რიგი იყო, ფქვილს ვერ მივუსწარი, ვერც სხვა რამე პროდუქტს და მხოლოდ „დიონისოს ღიმილი“ მოგიტანეო. ატკივდა შიმშლისგან კუჭი – მით უფრო, რომ იქვე მცხოვრები ლუარსაბი და დარეჯანი, დღეში შვიდჯერ იძახებდნენ საჭმელს რაღაც მოტოებით. იფიქრა, სოფლის აქიმთან გადავალ, შემილოცავსო, მაგრამ გაახსენდა რომ ახლა მხოლოდ „შელოცვა რადიოთი“ შეიძლებოდა – დისტანციურად. ღამით ინსპექციამ დაურეკა, ისევ ოთხი ხომ არ ხართო და ამანაც „ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე, მე და ღამე, მე და ღამეო“. ინსპექცია დაკმაყოფილდა. თან ილარიონიც და მისი კარის მეზობლები, „ოთარაანთ ქვრივი“ და „სამანიშვილის დედინაცვალი“ რისკ-ჯგუფში შედიოდნენ ასაკის გამო და მით უფრო ეკრძალებოდათ ეზოს დატოვება. დილით კიდევ უფრო ატკივდა კუჭი, იფიქრა, გზაზე მაინც დავუძახებ ვინმესო და ღობესთან მივიდა. ყოველთვის ხმაურიან შარაზე ამჯერად არავინ იდგა. მხოლოდ შორს, შორს, ისე რომ თვალს ძლივს მიაწვდენდი და ხმას მით უფრო – „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“.

ქართული კლასიკის სათაურებით ჩვენი დროის დრამა ავაწყვე, რომ კვლავაც ცოტა გაგახალისოთ. თქვენი#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close