„ერთი ჩემპიონი ქალის ისტორია“ – პირველი ქალი სპორტული ჟურნალისტის, თამარ ბალავაძის წიგნის პრეზენტაცია

საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, თამარ ბალავაძის წიგნის „ერთი ჩემპიონი ქალის ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი გამოიცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით.
„ერთი ჩემპიონი ქალის ისტორია“ მოგვითხრობს ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონ და პრიზიორ, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებულ ქალებზე. ავტორი მაღალი პროფესიონალიზმით, ძალიან საინტერესოდ აღწერს როგორც მათ ბიოგრაფიას, ისე სპორტული კარიერის მნიშვნელოვანი მიღწევებს. წიგნში სულ გაერთიანდა 23 ნარკვევი სპორტის ოლიმპიურ სახეობებში ყველაზე წარმატებულ სპორტსმენ ქალებზე საქართველოდან.
პრეზენტაცია სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გახსნა. „თამარ ბალავაძე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტული ჟურნალისტია, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაციაში. მან როგორც სატელევიზიო კომენტატორმა და საინტერესო გადაცემების, ასევე ოლიმპიურ თემატიკაზე 50-მდე ფილმის ავტორმა შექმნა ერთგვარი მატიანე ჩვენი სპორტისა. ამჯერად, ქალბატონი თამარი მოგვევლინა ახალ ამპლუაში, როგორც ძალიან კარგი და საჭირო წიგნის ავტორი. ეს არის ამ ფორმატის და თემატიკის პირველი ქართული გამოცემა ჩვენი საამაყო სპორტსმენი ქალბატონების შესახებ. სეოკ-მა იმთავითვე დაუჭირა მხარი მის მიერ წარმოდგენილ პროექტს და, საერთაშორისო ოლიმპიური სოლიდარობის ჩართულობით, ხორცი შევასხით ამ საქმეს“, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, ვეტერანი სპორტსმენები და სპორტული მედიის წარმომადგენლები.
კომენტარები