აშშ-ში უმუშევრობის დონემ ყველა რეკორდი მოხსნა
კორონავირუსული პანდემიის ფონზე, შეერთებულ შტატებში მხოლოდ გასულ კვირას 6.6 მილიონზე მეტი ამერიკელი დარჩა უმუშევარი. როგორც შრომის სამინისტრო იტყობინება, ბოლო სამი კვირის განმავლობაში უმუშევრობის დახმარების მიღების შესახებ განაცხადების საერთო რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა.
მარტის ბოლოს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს ხელფასის დაცვის პროგრამის შესახებ. მისი რეალიზაციისთვის 349 მლრდ დოლარი გაიცემა. საჭირო დახმარებას მიიღებს მილიონობით მცირე მეწარმე, რომლებიც ამ გზით შეძლებენ გარკვეული დროით თავიანთი ბიზნესის მხარდაჭერასა და თანამშრომლების დასაქმებას, მაგრამ ჩვეულებრივ მოქალაქეებს ეს დიდად ვერ ამშვიდებს.
ისინი შიშობენ, რომ ეს დახმარება საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ თუ სიტუაცია არ გამოსწორდა და ბიზნესი არ ამუშავდა, მომდევნო თვეებში ბინების ქირისა და გადასახადების გასტუმრება შეძლონ, ამას კი ავტომატურად ბინიდან გამოსახლება შეიძლება მოჰყვეს და მაშინ აშშ-ის მცხოვრებთა დიდ ნაწილს უსახლკარობა ემუქრება.
ამჟამად ამერიკელთა 80% კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფება. ეკონომისტები შიშობენ, რომ კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისის გამო ზაფხულში 20-იდან 45 მილიონამდე მოქალაქე აღმოჩნდება მუდმივი სამუშაოს გარეშე.
თამარ ქავჟარაძე
კომენტარები