საქართველოსაზოგადოება

პაატა იმნაძე – კორონავირუსით ინფიცირებული ჩემი კოლეგა გმირია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო მუშაკის ყველა კონტაქტი დადგენილია.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ექიმმა გააკეთა ყველაფერი, რათა პაციენტისთვის მოევლო, თუმცა, სამწუხაროდ, თავის დაცვა ვერ შეძლო.

„ეს ჩემი კოლეგა არის გმირი, რადგან ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკური კონტაქტი იყო გაძნელებული. ამ ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ ამ პაციენტისთვის მოევლო. სამწუხაროდ, ვერ შეძლო ბოლომდე დაცული ყოფილიყო უშუალო ფიზიკური კონტაქტისაგან ამ პაციენტთან. გამგები გაიგებს, იქ რა ხდებოდა. რა თქმა უნდა, მისი ყველა კონტაქტი გარკვეულია და მიკვლეულია, მაგრამ თვითონ ეს ჩემი კოლეგა არის გმირი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მედიცინის მუშაკის კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი საქართველოში, კერძოდ, აჭარაში, 30 მარტს დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფექციური საავადმყოფოს ექთანი, 50 წლამდე ქალი დაინფიცირდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ექთანს კავშირი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ ერთ-ერთ პაციენტთან, რომელიც არის „დაუმორჩილებელი და აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები“.

მისივე თქმით, ინფიცირებული სამედიცინო მუშაკის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

წყარო: 1tv.ge

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close