იტალიასაზოგადოება

მილანში, FIERA di MILANO-ს ტერიტორიაზე დროებითი საავადმყოფო გაიხსნა, როდის „გაიხსნება“ იტალია? (ვიდეო)

2107 ინფიცირებული და 1109 გამოჯანმრთელებული გასულ ერთ დღე-ღამეში

გასულ ერთ დღე-ღამეში იტალიაში 1109 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მთლიანობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 15 729-ს მიაღწია. 

დაფიქსირდა ინფიცირების 2107 შემთხვევა და ამჟამად იტალიაში COVID-19-ით დაავადებული 77 635 პაციენტია. ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 105 792-ს მიაღწია. ასეთი მონაცემები გამოცხადდა დღეს საღამოს სამოქალაქო დაცვის სამსახურის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.

ეპიდემიის დაწყებიდან დაფიქსირებულია 12 428 ლეტალური შემთხვევა, ​​837-ით მეტი, ვიდრე გუშინ (გუშინდელი ზრდა 812-ს შეადგენდა).

შემცირდა ჰოსპიტალიზებული პაციენტების დღიური მაჩვენებელიც – თუ 26 მარტს ერთ დღეში საავადმყოფოებში 1276 პაციენტი მოათავსეს, გუშინ ახალი ჰოსპიტალიზებულების რიცხვი 409-ს შეადგენდა, დღეს – 397-ს. რეანიმაციაში  26 მარტს 120 პაციენტი მოათავსეს, დღეს – 42. ეს ნიშნავს, რომ მალე დაიწყებს კლებას გარდაცვალების მაჩვენებელიც. ეს რიცხვები ტექნიკური სამეცნიერო კომიტეტის  (CTS) წარმომადგენელმა რობერტო ბერნაბეიმ წარმოადგინა პრესკონფერენციაზე.

„როდის დავიწყებთ იტალიის „გახსნას“? – იკითხა მან, – ეს არის თემა, რომელზეც კომიტეტმა გუშინდლიდან დაიწყო მუშაობა ჯანდაცვის მინისტრის თხოვნით, ჩვენ ვმუშაობთ, რომ მარტივი, ეფექტიანი და შინაარსიანი დასკვნები გამოვიტანოთ. მუშაობა დაწყებულია“.

„[მონაცემების] გრაფიკული მრუდი გვიჩვენებს, რომ პლატოზე ვიმყოფებით. ეს არ ნიშნავს, რომ პიკს მივაღწიეთ და დამთავრდა, რადგან ჩვენ ახლა დაშვება უნდა დავიწყოთ, სიმაღლიდან დაშვება კი დაიწყება ადგილზე ზომების მიღებით“, – ამის შესახებ ჯანმრთელობის უმაღლესი ინსტიტუტის (ISS) ხელმძღვანელმა სილვიო ბრუზაფერომ განაცხადა ინსტიტუტში ეპიდემიის ეპიდემიოლოგიურ საკითხთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე… „ვამბობთ რომ პიკს (მწვერვალს მივაღწიეთ), მაგრამ მწვერვალი არ არის ერთი წერტილი, არამედ პლატოა, რომლიდანაც ახლა ქვემოთ დაშვება უნდა დავიწყოთ… მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ეპიდემია შეიძლება ისევ განახლდეს პლატოს სიტუაციიდან, თუ უარს ვიტყვით შეზღუდვებისა და იზოლაციის ზომებზე“.

როგორც ცნობილია, გუშინ იტალიაში საყოველთაო კარანტინი 3 აპრილის ნაცვლად 12 აპრილამდე, კათოლიკურ აღდგომამდე გახანგრძლივდა.

დღეს მილანში, მილანის ცნობილი ბაზრობის – Fiera di Milano-ს პავილიონში სპეციალურად COVID-19-ით დაავადებული პაციენტებისთვის დროებითი საავადმყოფო გაიხსნა, რომელზეც საუბარი რეგიონის პრეზიდენტმა ატილიო ფონტანამ და სოციალური უზრულველყოფის საკითხების მრჩეველმა ჯულიო გალერამ ეპიდემიის აფეთქებისთანავე დაიწყეს.

მილანის არქიეპისკოპოსმა მონსინიორ მარიო დელფინიმ ახალი საავადმყოფო აკურთხა.

[arve url=”https://www.youtube.com/watch?v=-SAjTnuQ6Vc” /]

„ლომბარდიაში ჩვენ უკან არაფერზე დავიხევთ, ეს არის გამოჯანმრთელებისთვის და ვირუსის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის საიმედო გზავნილი. აქ ყველას უმკურნალებენ“, – განაცხადა ლომბარდიის პრეზიდენტმა ატილიო ფონტანამ.

ჰოსპიტალი რეკორდულ დროში აიგო, ყოველდღიურად 24-საათიან რეჟიმში მუშაობით.

„ჩვენ ცუნამი დაგვატყდა თავს ისე, როგორც არცერთ სხვა რეგიონს, მაგრამ ბრძოლას არ ვწყვეტთ. ჩვენ ავაშენეთ საავადმყოფო მილანის ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც არაფერი იყო“, – უთხრა მედიას ლომბარდიის სოციალური უზრუნველყოფის უფროსმა ჯულიო გალერამ.

„ფიერა დი მილანოს“ ფონდის პრეზიდენტის, ენრიკო პაცალის თქმით, როდესაც საავადმყოფო სრული დატვირთვით ამუშავდება, მასში ინტერნსიური თერაპიის 200 საწოლი იქნება (არა უმეტეს 400-ისა, საჭიროების შემთხვევაში, როგორც პროექტითაა გათვალისწინებული), ეს იქნება ინტენსიური თერაპიის ყველაზე დიდი საავადმყოფო იტალიაში და შესძლოა ევროპაშიც, სადაც 200-ზე მეტი ექიმი-ანესთეზიოლოგი და 500-მდე მედდა იმუშავებს. პირველ ეტაპზე გაიხსნება 8 პალატა 53 საწოლით. მეორე ეტაპზე გაიხსნება პავილიონი 104 საწოლით, მესამე ეტაპზე – კიდევ ორი დარბაზი 48 საწოლით.

საავადმყოფოს ასაშენებლად 1200-მა დონორმა 21 მილიონი ევრო გაიღო.

ნიკო აბაშიშვილი

წყარო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close