fbpx
იტალიასაზოგადოება

ახალი ანტირეკორდი იტალიაში – 969 გარდაცვლილი ერთ დღეში

იტალიამ ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

იტალიაში დღეს საღამოს გამოცხადებული ახალი სტატისტიკა კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით კვლავ შემაშფოთებელია – სამოქალაქო დაცვის სამსახურის მონაცემებით, გასულ ერთ დღე-ღამეში გარდაცვალების 969 შემთხვევა დაფიქსირდა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 9134-ს მიაღწია. ინფორმაციას Ansa ავრცელებს. გამოცემა აზუსტებს, რომ გარდაცვალების 50 შემთხვევა (პიემონტში) გუშინდელია და მის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ მონაცემში (662) არ იყოს გათვალისწინებული.

გუშინდელთან შედარებით შემცირდა, თუმცა მაინც მაღალია ინფიცირების დღიური მაჩვენებელი (4401 ახალი ინფიცირებული);  მთლიანობაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 86498-ს მიაღწია. ამ მაჩვენებლით იტალიამ ჩინეთს გაუსწრო (ჩინეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 8200-მდეა) და მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ, სადაც, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუკაზე ახლახან განახლებული მონაცემების თანახმად, კორონავირუსით ინფიცირების 94238 შემთხვევა ფიქსირდება.

გამოჯანმრთელდა კიდევ 589 ადამიანი და მთლიანობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ იტალიაში 10 950-ს მიაღწია.

რაც შეეხება ყველაზე დაზარალებულ რეგიონს: ლომბარდიას მძიმე დღე ჰქონდა – 34 889 ინფიცირებული, 2543-ით მეტი, ვიდრე გუშინ, 4861 გარდაცვლილი, 387-ით მეტი, ვიდრე გუშინ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ლომბარდიის გუბერნატორმა ატილიო ფონტანამ განაცხადა, რომ ინფიცირების გრაფიკული მრუდის დაღმასვლა შეიმჩნევა და მაქსიმუმ 5 დღის შემდეგ ეს კლება უკვე მნიშვნელოვანი იქნება.

მისივე თქმით, მილანის ბაზრობის – fiera di Milano-ს ტერიტორიაზე დროებითი საავადმყოფო სპეციალურად კორონავირუსით დაავადებულთათვის მომავალი კვირის დასაწყისში გაიხსნება.

იტალიაში ოფიციალურად დაუშვეს მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატებით კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების მკურნალობა – ქლოროქინით და ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობას მთლანად სახელმწიფო აანაზღაურებს. ამავე მიზნით დაშვებულია შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების კომბინაციების გამოყენება – ლიპონავირი/რიტონავირი, დარუნავირი/კობიცისტატი, დარუნავირი, რიტონავირი – რასაც, აგრეთვე, ჯანდაცვის ეროვნული სამსახური აანაზღაურებს.

საკარანტინე ზონის მოხსნამ კოდონიოსთვის (ლოდის პროვინცია, ლომბარდია), სადაც 20 თებერვალს ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, შესაძლოა ინფექციის ახალი გავრცელება გამოიწვიოს. Corriere della Sera წერს, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ ინფიცირების შემთხვევათა ზრდა კოდონიოში 1%-მდე შემცირდა, თუმცა ბოლო დღეებში ზრდის ტენდენცია ისევ იყო. „6 დადებითი შემთხვევა გამოვლინდა, – ამბობს კოდონიოს მერი და ლოდის პროვინციის პრეზიდენტი ფრანჩესკო პაჩერინი, – ბოლო რამდენიმე დღეა 268 ინფიცირებულზე გავჩერდით, ეს ნიშნავს, რომ აკრძალვები, რომლებიც წითელ ზონაშია შემოღებული, მუშაობს“.

სამწუხაროდ, იზრდება ინფიცირების შემთხვევები ვენეტოში (დედაქალაქი – ვენეცია). დღეს დილის მონაცემებით, რეგიონში 7497 ინფიცირებული იყო, რაც 295-ით მეტია, ვიდრე გუშინ საღამოს; 313 ადამიანი გარდაიცვალა.

სამწუხარო ფაქტია, რომ იზრდება კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმების რიცხვიც – ამ დროისთვის კორონავირუსით დაღუპულია 44 ექიმი. დღეს ბერგამოში კიდევ ერთი ექიმი დაიღუპა – ჯულიო კალვი.

„ანსას“ ინფორმაციით, მალე მოქალაქეები მიიღებენ ბეიბისიტერის  ბონუსებს –  INPS-ის ცირკულარი ბავშვების მოვლისთვის ბონუსის შესახებ მზადაა და მოქალაქეებს ფულს მალე ჩაურიცხავენ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close