27 მარტს პაპი ილოცებს სასწაულმოქმედი ჯვარცმის წინაშე, რომელმაც რომი მე-16 საუკუნეში შავი ჭირისგან იხსნა
ვატიკანიდან პირდაპირი ტელეტრანსლაცია მოეწყობა
დღეს, 27 მარტს, იტალიის დროით 18:00 საათზე პაპი ვატიკანში ქრისტეს სასწაულმოქმედი ხის ჯვარცმის წინაშე ილოცებს და კორონავირუსის ეპიდემიისგან ხსნას და მორწმუნეთა გაძლიერებას შესთხოვს. ამისთვის ქრისტეს ჯვარცმა გუშინ რომის სან მარჩელო ალ კორსოს (San Marcello al Corso) ეკლესიიდან ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გადაიტანეს.
ქრისტეს ხის ჯვარცმას 2 სასწაული უკავშირდება: პირველი მოხდა 1519 წელს, როდესაც ტაძარი, სადაც ჯვარცმა იყო, ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა, ქრისტეს ხის ჯვარცმა კი სრულიად უვნებელი გადარჩა; მეორე – 1522 წელს, როდესაც ჯვარცმამ რომი და მთელი ევროპა შავი ჭირის ეპიდემიისგან იხსნა – მორწმუნეთა პროცესიამ ის ქალაქში შემოატარა და შავი ჭირისგან ხსნა შესთხოვა, რის შემდეგაც ეპიდემიამ უკან დაიხია. ამის შემდეგ სცემენ მას თაყვანს იტალიელები.
წმინდა პეტრეს ბაზილიკის ეზოდან ხვალ პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაცია გადაიცემა, როდესაც პაპი მსახურებას შეასრულებს წმინდა პეტრეს ცარიელი მოედნის წინ, თუმცა მოედანი „სავსე იქნება მთელი მსოფლიოს მორწმუნე კათოლიკეთა სულიერი თანდასწრებით“, რომლებიც სატელევიზიო ტრანსლაციის მეშვეობით მიადევნებენ თვალს მოვლენებს. პაპის ლოცვა დასრულდება ევქარისტული კურთხევით Urbi et Orbi.
ყველას, ვინც სულიერად შეუერთდება ამ ლოცვას მედიის საშუალებით, ვატიკანი სრულ ინდულგენციას მისცემს, წესების თანახმად, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოცემულ სამოციქულო პენიტენციარიის დეკრეტშია მოცემული. ამის შესახებ vaticannews-ი წერს.
როგორც ცნობილია,15 მარტს პაპი ვატიკანიდან გამოვიდა და რომში 2 ეკლესიაში ილოცა პანდემიის დასრულებისთვის – სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში ღვთსმშობლის წინაშე და სან მარჩელო ალ კორსოში ქრისტეს სასწაულმოქმედი ჯვარცმის წინაშე.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები