fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიის ახალი სტატისტიკა – ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების კლების ტენდენცია ნარჩუნდება

„სინათლის სხივი გამოჩნდა გვირაბის ბოლოს“ - ჯულიო გალერა

დღეისათვის იტალიაში კორონავირუსული ინფექციისგან უკვე 7432 ადამიანი განიკურნა, რაც 408-ით მეტია, ვიდრე გუშინ, გარდაიცვალა 601 ადამიანი (გუშინ ეს მაჩვენებელი 651 იყო) და გარდაცვლილთა რაოდენობა 6077-ს შეადგენს, ინფიცირებულია 3780 ადამიანი (მცირედით, მაგრამ კლების ტენდეცია მეოთხე დღეა ნარჩუნდება, გუშინ ახალი ინფიცირებულების რაოდენობა 3957 იყო); ინფიცირების შემთხვევებმა მთლიანობაში 63 927-ს მიაღწია, – ეს მონაცემები გააცნო საზოგადოებას კომისარმა ბორელიმ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ინფორმაცის „ანსა“ ავრცელებს.

ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ვირუსის გავრცელება ისეთი მასშტაბით, როგორც ჩრდილოეთ რეგიონებშია, სამხრეთში არ განმეორდეს; მიღებული ზომების მიზანი და ჩვენი ქვეყნის ამოცანაა სამხრეთში ვირუსის ასე ფართოდ გავრცელების თავიდან აცილება – განაცხადა ISS-ის პრეზიდენტმა სილვიო ბრუზაფერომ სამოქალაქო დაცვის სამსახურის პრესკონფერენციაზე დღეს საღამოს.

„დღეს შემცირების ტენდენცია დასტურდება, – ამბობს ლომბარდიის სოციალური უზრუნველყოფის საკითხების მრჩეველი ჯულიო გალერა – ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პირველი პოზიტიური დღეა; ახლა ჯერ გამარჯვების სიმღერა ადრეა, მაგრამ, როგორც იქნა, ვხედავთ შუქს გვირაბის  ბოლოს“.

პაციენტი ნომერი პირველი პავიის სან მატეოს საავადმყოფოდან გაწერეს – 38 წლის მამაკაცი კოდონიოდან, რომელიც იტალიაში პირველ დადასტურებულ შემთხვევად ითვლება, დღეს სახლში დაბრუნდა. მატია (ასე ჰქვია მას) 19 თებერვალს მოათავსეს ქალაქ ლოდის საავადმყოფოში, 2 დღის შემდეგ კი პავიის რეანიმაციაში გადაიყვანეს კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში. 9 მარტიდან მან უკვე აპარატის დახმარების გარეშე დაიწყო სუნთქვა. მატია მალე მამა გახდება – მისი მეუღლე დღე-დღეზე ბავშვს ელოდება.

აპრილში შეზღუდვების პირველ შედეგებს დავინახავთ

„მოგვიწევს 4 აპრილამდე მოცდა, რათა დავინახოთ უფრო მკაცრი ზომების შედეგები, რომლებიც 11 მარტს მივიღეთ (9 მარტის ზომების შემდეგ), – ასეთია რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის და ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის ექსპერტის, ფიზიკოს ჯორჯო პარიზის შეფასება. – გარდაცვალებულთა რიცხვი იზრდება, უფრო ნაკლები ტემპებით, ვიდრე ადრე, მაგრამ შეიძლება ზრდა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იყოს“.

იტალიაში ეპიდემიის დაწყებიდან, Istituto Superiore di Sanità (ISS)-ს მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირდა 4824 მედიცინის მუშაკი, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 9%-ს შეადგენს. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე ჩინეთში (არსებული მონაცემებით, ჩინეთში ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 3,8% იყო სამედიცინო სფეროს მუშაკი). იტალიაში კორონავირუსისგან ამ დროისთვის 19 ექიმია გარდაცვლილი.  იტალიის ზოგადი პრაქტიკის ექიმთა ფედერაციის მდივნის (Fimmg), სილვესტრო სკოტის თქმით, 11 ოჯახის ექიმი დაიღუპა კორონავირუსისგან და სიტუაცია ისევ უარესდება. მისივე ინფორმაციით, 20-მდე ოჯახის ექიმი იმყოფება რეანიმაციაში მძიმე მდგომარეობაში. ექიმები კვლავინდებურად წინა ხაზზე დგანან და ხშირად არასაკმარისად ეკიპირებულები არიანი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

გუშინ საღამოს იტალიაში კუბელ მედიკოსთა 52-კაციანი ჯგუფი ჩავიდა – ექიმები და ექთნები, რომლებსაც ვირუსულ ინფექციებთან, კერძოდ, ებოლასთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვთ. კუბელები ლომბარდიის ქალაქ კრემაში ჩავიდნენ, სადაც სამხედრო ჰოსპიტალში ადგილობრივ ექიმებთან ერთად იმუშავებენ. როგორც ცნობილია, ლომბარდიას ყველაზე მეტად გამოცდილი სამედიცინო პერსონალი სჭირდება, ასე რომ, კუბელი ექიმების დახმარება ძალიან საჭირო და დროულია. მათ იტალიაში გამოფრენის წინ ფიდელ კასტროს სურათით ფოტო გადაიღეს.

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close