საქართველოსაზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

ინფიცირებულებიდან 4 ბავშვია, რაც შედარებით მაღალი პროცენტია

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. მათგან ერთი – პირველი პაციენტი, 50 წლის მამაკაცი, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა, გამოჯანმრთელდა და ინფექციური საავადმყოფოდან 16 მარტს გაწერეს, თუმცა 2 კვირა თვითიზოლაციაში იქნება. კიდევ ერთი პაციენტის გამოჯანმრთელების საბოლოო დადასტურებას ელოდებიან.

stopcov.ge-ს მონაცემებით, რომელიც ცოტა ხნის წინ განახლდა, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 81 პაციენტი.

საქართველოში კორონავიურსის ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ინფექციურში მოთავსებული ორივე პაციენტის კონტაქტი დადგენილია.

„შემოგვემატა ოთხი ახალი ინფიცირებული დადასტურებული შემთხვევა. სულ გამოდის 38 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენთან მოთავსებული პაციენტების ისტორია ასეთია, ეს არის ერთ-ერთი პაციენტის კონტაქტები“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ორ ახალ ინფიცირებულთან, რომლებიც ჩვენთან არიან გადმოყვანილი, შეინიშნება ტემპერატურის მატება დაბალი ციფრებით, 37-იდან 37,5 -მდე, მინიმალურად გამოხატული კლინიკაა. რაც შეეხება ბავშვების მდგომარეობას, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, საბედნიეროდ, სტაბილურია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 21 პაციენტს, აქედან 19 პაციენტთან მიიღეს უარყოფითი პასუხი, ორ პიროვნებასთან კი კორონავირუსი დადასტურდა.

აღსანიშნავია, რომ 38 შემთხვევიდან 4 ბავშვია. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი არასრუწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.

„გვყავს ოთხი ბავშვი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, რაც ნიშნავს, რომ დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კითხვაზე, ითვლება თუ არა დაავადების მაღალ მაჩვენებლად არასრუწლოვანთა რაოდენობა, ეზუგბაია ამბობს, რომ „ეს ჩაითვლება შედარებით მაღალ პროცენტად, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. თუ არ შემოგვემატება ბავშვთა ასაკი, ეს პროცესი დაიწევს და გაუთანაბრდება იმ მონაცემებს, რაც არის სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

როგორც ცნობილია, გუშინ, 17 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კორონავირუსის შეჩერების ეტაპიდან ვირუსის გავრცელების შენელების ფაზაზე გადავდივართ, რაც ნიშნავს, რომ მოსალოდნელია ვირუსის გავრცელება და მთავრობა ამისთვის სათანადო ზომებს გაატარებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, თუ რატომ მისცეს მთავრობას რეკომენდაცია, შეჩერების ეტაპიდან ვირუსის გავრცელების შენელების ფაზაზე გადასულიყვნენ.

იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აფასებენ არა მხოლოდ ციფრებით, არამედ ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით.

მისი განმარტებით, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მაქსიმალურად თავიდან ავირიდოოთ ის, რაც მოხდა ბევრ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში, როდესაც მოკლე დროში შემთხვევების უკონტროლო, ზვავისებური მატება დაიწყო.

„ბევრი კითხვა გამოიწვია, 35 შემთხვევაზე რატომ ვამბობთ ამას, ჩვენ ვაფასებთ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას არა მარტო ციფრებით, არამედ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გვერჩია მთავრობისთვის, გადავსულიყავით შემდეგ ფაზაზე ანუ გავრცელების შენელების ფაზაზე. ეს არის ყველაფერი გაკეთებული, რათა მაქსიმალურად თავიდან ავირიდოთ ის, რაც მოხდა ძალიან ბევრ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში, როდესაც შემთხვევების უკონტროლოდ ზრდა დაიწყო უცბად, ზვავისებური მატება შემთხვევების. სწორედ ამიტომ გახდა  დამატებითი ღონისძიებების მიღება საჭირო, მათ შორის, გარკვეული შეზღუდვების გაფართოება, ვთქვათ სამარშრუტო ტაქსების მოძრაობაზე, გარკვეული იმ ობიექტების დამატება შეზღუდვებში, რომლებშიც ადრე არ იყო შეზღუდვები, სადაც ადამიანები იკრიბებიან. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად თავიდან ავირიდოთ ქვეყანაში შემთხვევების ზვავისებური მატება, რისი გამოცდილებაც არის ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, დღეიდან, ორი კვირის განმავლობაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. შეზღუდვები შეეხება უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, გარდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისა; შერეული ოჯახებისა, რომელშიც ერთ-ერთი მეუღლე ან არასრულწლოვანი შვილი არის საქართველოს მოქალაქე; ჰუმანიტარული მისიით მომავალი პირებისა, თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები); მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებისა – გაცემული საქართველოს შესაბამისი ორგანოს მიერ; სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირებისა; საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებისა.

ოფიციალური დელეგაციების საკითხი გადაწყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად.

1tv.ge-ს მასალების მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close