საბერძნეთისაზოგადოება

კორონავირუსი საბერძნეთში: 190 შემთხვევა, 3 გარდაცვლილი, ეპიდემიის აფეთქებას აპრილის შუა რიცხვებისკენ ელოდებიან

ინფექციის გავრცელების ასაკობრივი და გეოგრაფიული სტატისტიკა

13 მარტის დღის ბოლოს მონაცემებით, საბერძნეთში კორონავირუსის 190 შემთხვევაა დადასტურებული. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, პროფესორ სოტირის ციოდრასის ინფორმაციით, გუშინ ქვეყანაში 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ lifo.gr წერს.

190 დადასტურებული შემთხვევიდან 11 პაციენტის ინფიცირებას მკაფიო ისტორია არ აქვს მოგზაურობის ან მანამდე დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტის თვალსაზრისით, 36 პაციენტის გარემოცვას ახლა ადგენენ მათი კონტროლის მიზნით. გაურკვეველი ისტორიის 11 შემთხვევიდან 9 ატიკის რეგიონშია დადასტურებული (დედაქალაქიათენი), 5 მათგანი რეანიმაციაში მოათავსეს. მთლიანობაში რეფერალურ საავადმყოფოებში 47 პაციენტს მკურნალობენ.

რაც შეეხება COVID-19-ით დაავადებულთა ასაკობრივ სტატისტიკას:

47 პაციენტი 65 წელზე მეტისაა, 79 პაციენტი 40-44 წლის ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება და, მეცნიერთა აზრით, მომავალშიც შემთხვევათა უმეტესობა ამ ასაკობრივ ჯგუფშია მოსალოდენელი. აგრეთვე, კორონავირუსი დაუდგინდა 7 ბავშვს, რომელთა ასაკი 17 წლამდეა.

კორონავირუსი გავრცელების გეოგრაფია კი ასე გამოიყურება:

ათენი – 85 პაციენტი

ილია – 40

ახაია – 9

თესალონიკი – 6

აღმოსავლეთ ატიკა – 5

ზაკინთოსი – 4

კასტორია – 3

ერთი ადამიანი – სხვა რაიონიდან.

მთლიანობაში 48 საათის განმავლობაში ჩატარდა 2700 ლაბორატორიული გამოკვლევა (13 მარტის დღის ბოლოს მონაცემები).

ამ დროისთვის საბერძნეთში კორონავირუსის გამო გარდაცვლილია 3 ადამიანი – მეორე და მესამე ლეტალური შემთხვევების შესახებ დღეს გახდა ცნობილი: ახლახან დაიღუპა 67 წლის მამაკაცი, რომელიც ორი დღის წინ მოათავსეს ზაკინთოსის საავადმყოფოში. ვარაუდობენ, რომ მამაკაცი ნათესავისგან დაავადდა ქალაქ რიოში, პატრის მახლობლად, სადაც კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს დილით კორონავირუსისგან გარდაიცვალა 90 წლის მამაკაცი, რომელიც პტოლემაიდის (დასავლეთ მაკედონია) საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

კორონავირუსისგან გამოწვეული პირველი ლეტალური შემთხვევა კი საბერძნეთში 12 მარტს დაფიქსირდა – პატრის საავადმყოფოში გარდაიცვალა 66 წლის მამაკაცი, რომელმაც ტურისტულ ჯგუფთან ერთად იმოგზაურა ისრაელში წმინდა ადგილების მოსალოცად. როგორც ცნობილია, ამ ჯგუფის 23 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.

ტურისტული ჯგუფის ინფიცირებული წევრები ზაკინთოსის მაცხოვრებლები არიან, ამიტომ ზაკინთოსი იმ 4 პრეფექტურას შორისაა, სადაც, მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 მარტიდან საგანგებო ზომები ამოქმედდა.

ექიმების აზრით, საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების გაცილებით მეტი შემთხვევაა, ვიდრე ეს ოფიციალურად არის დადასტურებული, რადგან პაციენტები, რომლებსაც დაავადების მსუბუქი სიმპტომები აქვთ, არასდროს მიაკითხავენ ექიმს და ვერც გაიგებენ, რომ კორონავირუსი ჰქონდათ, თუმცა თავიანთ გარემოცვას დააინფიცირებენ.

სპეციალისტთა თქმით, ყველაფერი აჩვენებს, რომ საბერძნეთი ინფექციის გავრცელების მე-2 ფაზაში შედის, ეპიდემიის შესაძლო აფეთქებას საბერძნეთში ისინი აპრილის შუა რიცხვებისთვის ელოდებიან.

გახსოვდეთ ვირუსით ინფიცირების საუკეთესო პრევენცია:

სოციალური დისტანცირება;

ხელების ხშირად და გულმოდგინედ დაბანა საპნით;

ხელებით არ უნდა შეეხოთ ცხვირის, პირის და თვალის მიდამოებს (ვირუსი ორგანიზმში ლორწოვანი გარსიდან აღწევს);

გაიძლიერეთ იმუნიტეტი! – იმუნიტეტი ვირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

თუ მაინც შეგეყარათ, ნუ დაპანიკდებით, გახსოვდეთ, რომ COVID-19-is შემთხვევათა 80%-ზე მეტი მსუბუქად მიმდინარეობს.

გაითვალისწინეთ კომპეტენტური ორგანოების რეკომენდაციები, სახელმწიფოს მიერ მიღებულ ზომებს დაემორჩილეთ, რომ მთელმა მსოფლიომ მალე დააღწიოს თავი პანდემიას და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close