გორში სასტიკად მოკლული ნანიკო ბერიაშვილის მშობლებს გოგონა შეეძინათ
ორი წლის წინ გორში წარმოუდგენელი სისატიკით მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მშობლებს გოგონა შეეძინათ.
როგორც ცნობილი გახდა, ახალშობილს ბარბარე დაარქვეს. ჩვილი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ დაიბადა. გოგონა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემით დაიბადა და იგი თბილისში, ჯოენის კლინიკაში გადაიყვანეს.
newposts.ge-ს ინფორმაციით, მშობიარობა ნაადრევად დაიწყო და წინასწარი დადეგმვის გარეშე საჭირო გახდა საკეისრო კვეთის გაკეთება. მისივე ინფორმაციით, ოპერაციამ სტაბილურად ჩაიარა და დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ, თუმცა მუცლადყოფნის პერიოდშივე დიაგნოსტირებული იყო, რომ გოგონას გარკვეული ჩარევა დასჭირდებოდა, ამიტომ მიზანშეწონილად ჩაითვალა ახალშობილის თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა.
გორში 9 წლის გოგონა 2018 წლის 25 ოქტომბერს სკოლისკენ მიმავალი გზიდან გაუჩინარდა. რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა ის ლიახვის სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს. ხელფეხშეკრულ ბავშვს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოცმული. მეორე დღეს, 26 ოქტომბერს შსს-მ დააკავა 33 წლის ეჭვმიტანილი, იაგო ნებიერიძე, რომელიც მეზობლად მდებარე სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.
ექვსთვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ 2019 წლის 27 მაისს, სასამართლომ გორში 9 წლის გოგოს მკვლელობასა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეუფარდა.
14 წლის წინ გორიდან ზაქრო ბერძენიშვილის გატაცების კვალიც ბრალდებულ იაგო ნებიერიძესთან მიდის.
გამოცემა Qartli.ge დაუკავშირდა 11 წლის მოზარდის დედას, რომელმაც განმარტა, რომ ოჯახი ბიჭის გაუჩინარებას სწორედ მას უკავშირებდა.
„ჩემი შვილი 14 წლის წინ გაუჩინარდა. 11 წლის იყო. ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. ეს პირი სწორედ ჩემი შვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. მაშინ წერილი შემოგვიგდეს სახლში, თქვენ შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 20 ათასი ლარი გადაიხადეთო. ჩვენ ეჭვი მივიტანეთ მასზე. მუშაობდა ჩვენს ავტოფარეხში, ჩემ შვილთან ძალიან დაახლოებული იყო. მას გატაცება ვერ დაუმტკიცდა, თუმცა სასჯელი მოიხადა გამოძალვაზე“, – აცხადებს გაუჩინარებული ბავშვის დედა.
ბრალდებული მაშინ 22 წლის იყო.
ზაქრო ბერძენიშვილს პოლიცია რამდენიმე წელია ეძებს. ნანიკო ბერიაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, თითქოს იაგო ნებიერიძემ 11 წლის ბიჭის ადგილსამყოფელი დაასახელა; პოლიცია ბავშვის ცხედარს გორის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები