დღეს დილიდან ქაოსია იტალიის 27 საპატიმროში, ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. ზოგიერთი პატიმარი კორონავირუსთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციის გამო ამნისტიას ითხოვს. სერიოზული არეულობებია მილანის სან ვიტორეს და რომის რებიბიის ციხეებში, სადაც მატრასების დაწვის გარდა ზოგიერთი პატიმარი ციხის საავადმყოფოში შეიჭრა – ამის შესახებ ციხის პოლიციის გაერთიანება იტყობინება.
არეულობა კვირას დაიწყო მოდენის საპატიმროში. 60-მა პატიმარმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანძარი გააჩინა და გაქცევა ცადა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მათ 500 პატიმრის გაქცევა აღკვეთეს.
გამოცემა „კორიერა დე ლა სერას“ ცნობით, ამბოხებულების ნაწილმა მეტადონისა და სხვა წამლების საწყობში შეღწევა მოახერხეს.
დღეს პროტეტი გაგრძელდა სალერნოში, მოდენაში, ნეაპოლსა და ფროზინონეში, აგრეთვე, ვერჩელიში, ალესანრიასა და ფოჯაში.
ფოჯიდან ზოგიერთმა პატიმარმა გაქცევა მოახერხა, თუმცა პოლიციამ მათი დაკავება ციხის გარეთ ტერიტორიაზე შეძლო.
6 პატიმარი გარდაიცვალა მოდენის ციხეში. ციხის ადმინისტრაციის წყაროს ცნობით, 3 მათგანი მოდენის ციხეში, 3 კი – პარმის, ალესანდრიის და ვერონის საპატიმროებში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
„ანსა“ წერს, რომ ციხის ადმინისტრაციის წყაროს ცნობით, 3 გარდაცვალება პირდაპირ არ შეიძლება ციხეში ამბოხს დაუკავშირდეს, თუმცა გამოძიება ჯერ ახლა დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, ერთი პატიმარი ოპიოიდური ნივთიერების ბოროტად გამოყენების, მეორე კი – ბენზოდიაზეპინის გამოყენების გამო გარდაიცვალა. მესამეს მოწამვლის ნიშნების აღენიშნებოდა, თუმცა მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
პავიის ციხის პატიმრები კამერებში დაბრუნდნენ. პროკურატურა გამოიძიებს ამბოხის მიზეზებს, რათა არეულობების დინამიკა დაადგინოს.
ოჯახის წვერებთან პაემნების შეწყვეტამ გამოიწვია პროტესტი პოჯორეალეს ციხეშიც, სადაც ზოგიერთი პატიმარი პენიტენციური დაწესებულების შიდა სასეირნო ზონის კედლებზე აძვრა. ამის პარალელურად, იმავე მიზეზით, საპროტესტო აქციები გამართეს პატიმართა ნათესავებმა ციხის გარეთ. ისინი თავიანთი ოჯახის წევრებისთვის ამნისტიას ან შინაპატიმრობას ითხოვდნენ. მათ ტრავმაის ხაზებზე მოძრაობა დაბლოკეს.
ადგილზე იმყოფებიან პოლიცია, კარაბინერები და არმიის ჯარისკაცები. მიმდინარეობს გამოძიება.
ნინო ხოშტარია
არეულობა ფოჯის (Foggia) საპატიმროში
კომენტარები