თვითიზოლაციაში მყოფი ქალი სილამაზის სალონიდან გამოაგდეს – ქართული დაუდევრობა თუ მავნებლობა?
როდესაც სამოქალაქო პასუხისმგებლობა არ არსებობს, არსებობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა - როგორ ისჯება განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით?
თელავში სილამაზის ერთ-ერთი სალონიდან ქალი გამოაძევეს. თვითიზოლაციის რეჟიმში მყოფი ქალი სალონში თმის შესაჭრელად მივიდა, სადაც მოჰყვა, რომ იტალიაში იმყოფებოდა და საქართველოში პირველ მარტს დაბრუნდა; საუბრისას ქალმა თქვა, რომ მგზავრებიდან ერთ-ერთს, რომლებთან ერთადაც თვითმფრინავში იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოსვლისას კორონავირუსი დაუდგინდა.
სალონის თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკეს და ფაქტი შეატყობინეს, რის შემდეგაც კლიენტს სალონი იძულებით დაატოვებინეს. ქალს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა გაფრთხილება უკვე მისცეს. იმ შემთხვევაში, თუ იგი თვითიზოლაციის რეჟიმს კიდევ ერთხელ დაარღვევს, უკვე კარანტინში გადაიყვანენ.
არსებობს უპასუხისმგებლობების სხვა მაგალითებიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს საზღვართან მოახლოებისას მგზავრთა ნაწილი სიცხის დამწევ საშუალებას იღებდა, რათა მათ ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეჰქმნოდათ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, განსაკუთრებით საშიშია მეორე კონტაქტიდან ვირუსის მესამისთვის გადაცემის შემთხვევები, რადგან ასეთი შემთხვევა თუ მოხდება, შემდეგ სიტუაცია უმართავი გახდება.
ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობას. და თუ არ არსებობს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არსებობს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა!
საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან იმ ნაწილს აქვეყნებს, რომელიც განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების გადადებასა და დამალვას ეხება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა დასჯადია: სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, ასეთი ქმედება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
იქნებ უკვე დროა, სანამ ვირუსი პირველ და მეორე გადაცემებს არ გასცდენია და ვითარების კონტროლი კიდევ შესაძლებელია, კანონის შესაბამისად დაისაჯონ თვითიზოლაციის დამრღვევები, თორემ სალონ-სალონ მოსიარულე „სილამაზის მოყვარულ“ უპასუხისმგებლო ბრიყვებს რა გამოლევს!
მანანა ბანძელაძე
კომენტარები