სტრასბურგში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საცხოვრებელ სახლში დღეს დილით, დაახლოებით 5 სთ-სა და 40 წუთზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4-მა კი დაზიანება მიიღო, მათგან ერთი 58 წლის ქალის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ამის შესახებ Dernières Nouvelles d’Alsace-ი იუწყება.
მეხანძრეები ადგილზე (Meinau-ს კვარტალი, პროვანსის ქუჩა) ოპერატიულად მივიდნენ და მე-8 სართულზე მდებარე ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, გაჩენილი ხანძარი, მათი წყალობით, სხვა ბინებზე არ გავრცელებულა. მომხდარის მიზეზებს იკვლევენ, თუმცა პრიორიტეტულ ვერსიად საყოფაცხოვრები გაზის აფეთქება განიხილება.
ქალაქის ხელისუფლებამ კორპუსის მცხოვრები 80-ზე მეტი ადამიანი შენობიდან გაიყვანა და დროებით მეზობლად მდებარე სკოლის დარბაზში მოათავსა. რამდენიმე საათში მე-5 სართულამდე ბინების მაცხოვრებლები საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ.
სულ რაღაც ერთი კვირის წინ სტრასბურგის სარკინიგზო სადგურის სიახლოვეს მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 7-მა კი ტრავმები მიიღო.
ნინო ხოშტარია
კომენტარები