საქართველოსაზოგადოება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამი პაციენტი შეიყვანეს, რომლებიც მილანში, სიცილიასა და ირანში იმყოფებოდნენ

წითელი ხიდის და სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ყველა მოქალაქეს ამოწმებენ

ამ დროისთვის თბილისში ინფექციურ საავადმყოფოში 10 პაციენტი იმყოფება, მათგან სამი ახალი შეყვანილია, რომლებსაც ტესტირება დღეს ჩაუტარდებათ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ამ დროისათვის ინფექციურ საავადმყოფოში სულ იმყოფება 10 პაციენტი. აქედან შვიდთან ჩატარებულია კორონავირუსზე ტესტი და მხოლოდ ერთთან არის ვირუსი დადასტურებული, დანარჩენ ექვს შემთხვევაში უარყოფითია. ასევე გვყავს სამი ახალი დამატებული პაციენტი, რომელთაც ტესტირება დღეს ჩაუტარდებათ“, – თქვა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული სამი ახალი პაციენტიდან ერთი მილანში, მეორე სიცილიაში, ხოლო მესამე ირანში იმყოფებოდა.

„ასევე დღეს შემოყვანილია სამი ახალი პაციენტი. ერთს კონტაქტი ჰქონდა ქალაქ მილანთან, მეორეს სიცილიასთან და მესამეს ირანთან. ამ პაციენტებს აღენიშნებოდათ დაბალი ტემპერატურა, მსუბუქად გამოხატული რესპირაციული სიმპტომები. …ჩვენ სიფრთხილის გათვალისწინებით ასეთ პაციენტებს ვაფასებთ, როგორც შესაძლო შემთხვევას, ვათავსებთ კლინიკაში და ვუტარებთ კვლევებს. ამ პაციენტების მდგომარეობა უკვე გაუმჯობესებულია. კლინიკურად მნიშვნელოვანი სიმპტომები არ არის გამოვლენილი, არ დადასტურებულა ასევე არც ა და არც ბე ტიპის ვირუსი. მათ დღეს ჩაუტარდებათ კორონავირუსზე კვლევა და შემდგომში გადაწყდება, როგორ გაგრძელდება მეთვალყურეობა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მედიკოსის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 50 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, პაციენტს ვირუსი კლინიკური გამოვლინების გარეშე აღენიშნება. „მასთან ერთად მყოფ პირს, რომელიც მოგზაურობდა და მოთავსდა ჩვენს ცენტრში, კორონავირუსზე ტესტი უარყოფი აქვს, თუმცა მასთანაც გრძელდება მეთვალყურეობა მთელი საინკუბაციო პერიოდი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, აბასთუმანში საკარანტინო ზონაში გადაყვანილია 12 პაციენტი, რომლებსაც ტესტი ჩაუტარდათ და პასუხი უარყოფითია, არც კლინიკური ნიშნები აქვთ, თუმცა მაინც აკვირდებიან სიფრთხილის გამო.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ საღამოს დაფიქსირდა.  ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მას არანაირი კლინიკური ნიშნები არ ჰქონდა, მაგრამ რადგან ირანის იმ ქალაქში იმყოფებოდა, სადაც ვირუსის გავრცელების კერაა და ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, შეფასდა, როგორც ინფიცირების შესაძლო შემთხვევა და საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში.

მედიის ინფორმაციით, ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის გარდა სახმელეთო გზით მიმოსვლაც შეიზღუდა.

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველო-აზერბაიჯანის წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საქართველოში შემომსვლელ ყველა ადამიანს ამოწმებენ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სიცხეს უზომავენ და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ საზღვრის გადმოკვეთის უფლებას.

როგორც პირველ არხს აზერბაიჯანიდან წამოსულმა ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, შემოწმების შემდეგ ირანის ორ მოქალაქეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს.

გუშინ სარფის საბაჟოზე საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება, აგრეთვე, არ მისცეს ირანის ორ მოქალაქეს, რომელთაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ. ისინი უკანვე თურქეთში გააბრუნეს. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის აჭარაში საეჭვო კლინიკური ნიშნით არავინ იმყოფება, სამედიცინო პერსონალი კი სარფის საბაჟოსა და აეროპორტში მგზავრებს ინტენსიურად ამოწმებს.

1tv.ge-ს მასალების მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close