fbpx
ფსიქოლოგიაშეუცნობელი

როგორ გვატყუებს საკუთარი ჭკუა…

თუ წლების განმავლობაში ერთი და იგივე პრობლემები გაქვს და ვერ ახერხებ მათ მოგვარებას, ეს იმის ნიშანია, რომ  თვალი დახუჭე და არ გსურს მათი დანახვა

ჭკუა გამუდმებით ცდილობს დღევანდელი მომენტიდან და, შესაბამისად, რეალური ცხოვრებიდან გაგვიყვანოს. ჭკუა ცდილობს აგვაშოროს ახლანდელ მომენტში ყოფნის შეგრძნება. ამისათვის ის სხვადასხვა სტრატეგიას იყენებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ისე ვეჩვევით, რომ ვერც კი ვამჩნევთ, ამ სტრატეგიების დახმარებით როგორ ვშორდებით რეალურ ცხოვრებას და ილუზიებში ვიძირებით.

შემოქმედის რეალობაში დასაბრუნებლად უნდა ვიცოდე ამ სტრატეგიების შესახებ – იმისათვის, რომ მზის სინათლეზე გამოვიტანოთ ისინი და აღარ გავბრიყვდეთ. აი, მათი ჩამონათვალი:

თუ იცი ამ სტრატეგიების შესახებ, მით უფრო ადვილია იმის გარკვევა, თუ როგორ მიჰყვები მათ. შეგიძლია გახდე ჭკუის ამ მოქმედებების დამკვირვებელი, გამოავლინო ისინი და უარი თქვა მათზე.

მოდით, განვიხილოთ ყველა ეს სტრატეგია.

როგორ გავიდე არაცნობიერი მდგომარეობიდან

ამ მდგომარეობას ეგო მაშინ წარმოშობს, როდესაც შფოთავს. ეგო კი შფოთავს მაშინ, როდესაც აწმყო არ მოსწონს, არ აკმაყოფილებს, დისკომფორტს უქმნის, არ სურს მისი მიღება. მოქმედებაში მოდის სააზროვნო პროცესი – აზრები, ემოციები, სხეულის რეაქციები და სურვილები.

არაცნობიერი მდგომარეობა სინამდვილეში რეალობის უარყოფაა. ეს არის აწმყოსადმი წინააღმდეგობის გაწევა. საბოლოო ჯამში კი გამოდის, რომ თავიდან იცილებ, ემალები ნამდვილ სიცოცხლეს და ასე გადის წლები.

უმეტესობა ვერ ამჩნევს, როგორ აკეთებს ამას. შენ შეგიძლია თქვა: „მე არაფერს ვერიდები და არაფერს ვეწინააღმდეგები“, მაგრამ თუ დაუკვირდები საკუთარ ფიქრებს და რეაქციებს, მიხვდები, რომ სინამდვილეში გამუდმებით ბრძოლაში ხარ ჩაბმული და ეს ბრძოლა შენ შიგნით მიმდინარეობს.

მაგალითად, დისკომფორტს გრძნობ – ავტობუსით ხანგრძლივი მგზავრობის დროს იძულებული ხარ არასასიამოვნო პოზაში იჯდე ან რამე მსგავსი. არ გინდა ამის შეგრძნება, იტანჯები და მხოლოდ იმაზე ფიქრობ, როდის დასრულდება ეს ჯოჯოხეთი. ანალოგიურად ხდება სხვა მრავალ შემთხვევაში. არ გინდა გრძნობდე იმას, რასაც გრძნობ. სწორედ ეს ნიშნავს, რომ არ ღებულობ სიტუაციას ისეთს, როგორც არის. გინდა, რომ ის სწრაფად დამთავრდეს და სხვა რამით შეიცვალოს.

არ იგრძნო და არ მიიღო ახლანდელი მომენტი – სწორედ ესაა არაცნობიერში ყოფნა.

ასე გატყუებს ჭკუა: შთაგაგონებს, რომ რეალობის არმიღება – ბუნებრივია, მაგრამ, აბა, დაფიქრდი: დედამიწაზე იმისთვის მოვედით, რომ აქ ყველაფერი განვიცადოთ და ყველაფერი მივიღოთ, თუ დროის უმეტეს მომენტებში ყველაფრისგან თავის დაღწევას ვეცადოთ?

ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება – კომფორტულიც (უფრო იშვიათად) და არასასიამოვნოც. მათგან დამალვა რას გაძლევს? ისინი ისევე უნდა მიიღო, როგორც სასიამოვნო მომენტები. არა უბრალოდ მიიღო, თუ ბიბლიას დავუჯერებთ, ორივე შემთხვევაში მადლობა უნდა თქვა („სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა! არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით“ – იობი 2:10). მთავარი არგუმენტი კი აწმყოს მიღებისა ისაა, რომ თუ მას თვალს ვერ უსწორებ – როგორ შეაფასებ, როგორ იპოვი სწორ გამოსავალს?!

თუ წლების განმავლობაში ერთი და იგივე პრობლემები გაქვს და ვერ ახერხებ მათ მოგვარებას, ეს იმის ნიშანია, რომ  თვალი დახუჭე და არ გსურს მათი დანახვა.

პრობლემისთვის თვალის გასწორებას სიმამაცე სჭირდება. რაც ყველაზე საინტერესოა – თურმე ძალიან მშიშარა და გაუბედავ ადამიანსაც კი შეუძლია ეს სიმამაცე გამოიმუშაოს, თუ აწმყოს მიღება ჩვევად ექცევა. შედეგად – დისკომფორტი ქრება და უფრო მეტიც, ჰოი, საოცრებავ! რეალურად იწყებ ცხოვრების ყველა წამით ტკბობას.

უკვე სულიერი განვითარების იმ საფეხურს აღწევ, როდესაც ნებისმიერი მომენტის გამო უფლისთვის გულწრფელი მადლობის გადახდა თავისუფლად, ძალდაუტანებლად შეგიძლია. და ამ დონეზე აღმოაჩენ, რომ აქ მხოლოდ სიხარულია, მხოლოდ სიამოვნება და არანაირი შეფასება, რომელიც ამბობს: ეს ცუდი მომენტია და ეს კარგია, ის კომფორტულია და ეს კი – არასასიამოვნო. ყველა მათგანი შენია, ყველა მათგანი სამყაროს საჩუქარია, რომ რაღაც ისწავლო, რაღაც შეცვალო, უფრო მეტი გახდე, უფრო ძლიერი, უფრო თავისუფალი, უფრო მეტად ის, ვინც სინამდვილეში ხარ.

იბადება აწმყოს სრული სისავსით შეგრძნება. აღარ იქნები იმ ემოციების, რეაქციების, არასასიამოვნო მდგომარეობების მონა, რომელსაც აქამდე ჭკუა გიწესებდა.

სავარჯიშო: როდესაც რაიმე დისკომფორტს და შფოთვას იგრძნობ, დაიწყე ამ რეაქციებზე დაკვირვება, თითქოს გარე დამკვირვებელი იყო. ჰკითხე საკუთარ თავს: „რა ხდება ჩემ შიგნით? რას ვგრძნობ ახლა? რა მიშლის ხელს – მშვიდად ვიყო?“

გააცნობიერე, რომ ორი რეალობა არსებობს: ერთი არის გარეგანი, შენ გარშემო არსებული სამყაროს რეალობა, მეორე კი – შინაგანი, შენი აზრებისა და ემოციების რეალობა. შენი შინაგანი რეალობა განსაზღვრავს, თუ როგორ აღიქვამ გარე სამყაროს.

ორი ვარიანტი გაქვს: ან დაინახავ 1. ჰარმონიულ, მხიარულ, მშვიდობით სავსე რეალობას; ან 2. დამახინჯებულს – შენი შინაგანი შფოთვის, უკმაყოფილების, დისკომფორტის ანარეკლს. არჩევანი შენზეა.

უთხარი შენს თავს: „ეს არის ის, რაც არის. მე ვიღებ აწმყოს ისეთს, როგორც არის“ (გამოიყენეთ აფირმაცია, რომ ცხოვრება უკეთესი გახადოთ). ეს მიმღებლობა გააქრობს დისკომფორტს და ყოფიერების ყოველ მომენტში სიამოვნების მიღების შესაძლებლობას გაგიხსნის.

(გაგრძელება იქნება)

ნაწყვეტი მარკ ბაკნერის წიგნიდან „ტრენინგი ეკჰარტ ტოლეს მიხედვით – გააღვიძე აწმყოს ძალა“

რუსულიდან თარგმნა თამარ ქავჟარაძემ

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close