საბერძნეთში კორონავირუსის მე-3 შემთხვევა დაფიქსირდა – ამჯერად ათენში
კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა საბერძნეთში, ამჯერად ათენში. მედიის ინფორმაციით, ინფიცირებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც ცოტა ხნის წინ იტალიაში იმყოფებოდა. პაციენტი ათენის საავადმყოფოს სპეციალიზებულ განყოფილებაში მოათავსეს. მისი ტესტი COVID-19-ზე დადებითი აღმოჩნდა.
ახალგაზრდა ქალის შესახებ სხვა დეტალები არ ვრცელდება. საბერძენთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფექციური დაავადებების კომიტეტის ხელმძღვანელმა სოტირის ციოდრასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პაციენტი სხვა მხრივ აბსოლუტურად ჯანმრთელია და არანაირი პათოლოგია ან ქრონიკული დაავადება არ აქვს.
მისი თქმით, ადგენენ ვისთან ჰქონდა ახლგაზრდა ქალს კონტაქტი, რათა შესაბამისი ზომები მიიღონ.
როგორც ცნობილია, წინა ორი შემთხვევა გუშინ თესალონიკში გამოვლინდა. ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდათ 38 წლის ქალს და მის შვილს. ქალი ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა.
თესალონიკის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და დროებით დაკეტა ქალაქის 105-ე დაწყებითი სკოლა, სადაც ინფიცირებული ბავშვი სწავლობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში კარანტინში იმყოფება 15 ადამიანი (მათ შორის, თვითმფრინავის მგზავრები), რომლებთანაც ინფიცირებულ ქალს ახლო კონტაქტი ჰქონდა.
კომენტარები