5 საქმეზე მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა, მეექვსე საქმეზე განაჩენი მალე უნდა გამოცხადდეს
რა საქმეებისთვის იხდიდა სასჯელს ყოფილი შს მინისტრი?
თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულება, ე. წ. მატროსოვის ციხე დატოვა.
2013 წელს დაკავებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა:
საქმე#1 – ერთ-ერთი საქმე, რომელზეც ვანო მერაბიშვილს ბრალი ჰქონდა წარდგენილი, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტია. 2005 წელს მედიაში გამოქვეყნდა დეპუტატის სტატია, სადაც იგი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ მას ქონება წაართვეს. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა გელაშვილის ცემა ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას დაავალა.
საქმე#2 – კიდევ ერთი რეზონანსული საქმე, რისთვისაც ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდიდა, 26 მაისის აქციების დარბევაა. გამოძიებით ირკვევა, რომ 2011 წლის 26 მაისს ფიზიკური იძულებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით განხორციელდა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მიტინგის დარბევა. მაშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ იქ შეკრებილებს და ძალის გადამეტების შედეგად, არაერთი ადამიანი დასახიჩრდა. არსებობს, აგრეთვე, კადრები, სადაც დავით ახალაია აქციის მონაწილეების სასტიკად დარბევის უკანონო ბრძანებას გასცემს და ქვედანაყოფებს ფულად პრემიებს ჰპირდება.
საქმე#3 – „ტელეიმედის“ ეპიზოდი მერაბიშვილის ერთ-ერთი უმძიმესი ბრალდებაა. მაშინ საქართველოს მასშტაბით მაუწყებელი ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკის გასაკონტროლებლად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პირადად და მისი წარმომადგენლების, მათ შორის, ივანე მერაბიშვილის მეშვეობით აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბადრი პატარკაციშვილთან „იმედის“ დათმობის მიზნით.
2006-2007 წლებში „იმედის“ ეთერში არაერთი მწვავე სიუჟეტი გავიდა, მათ შორის, გირგვლიანის საქმეზე, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა . შემდეგ იყო აქციების დარბევა და „იმედში“ შეჭრა, რაც ტელევიზიის ისტორიაში უმძიმესი ფაქტი იყო.
საქმე#4 – სწორედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეა ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელზეც მერაბიშვილს ბრალი აქვს წაყენებული. კერძოდ, მას ამ საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა-გაყალბებისა და დათა ახალაიას საქმეში მონაწილეობის დაფარვისთვის 2014 წლის 20 ოქტომბერს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
საქმე#5 – საქალაქო სასამართლომ კვარიათის აგარაკის მითვისების საქმესა და დასაქმების პროგრამაში აღმოჩენილი დარღვევების ეპიზოდზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მერაბიშვილს ასევე ბრალი ჰქონდა წაყენებული ამომრჩეველთა მოსყიდვის ეპიზოდზეც.
7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა ამ დრომდე გრძელდება და ბრალდების მეექვსე საქმეზე განაჩენი მალე უნდა გამოცხადდეს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები