9 ადამიანი დაიღუპა გერმანიის ქალაქ ჰანაუში (ფედერალური მიწა ჰესენი), მაინის ფრანკფურტიდან აღმოსავლეთით, ტერორისტული თავდასხმის შედეგად. 8 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი მძიმედ დაჭრილი კი – მოგვიანებით. პირველი ინციდენტი გუშინ საღამოს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე მოხდა.
კიდევ 5 ადამიანი სერიოზულად არის დაშავებული.
პოლიციამ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა ეჭვმიტანილის დაკავების მიზნით, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს ჰანაუს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში. მის გარდა სახლში აღმოჩნდა კიდევ ერთი გარდაცვლილი – 72 წლის ქალი. სამართალდამცველთა მონაცემებით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 34 წლის გერმანელია, ტობიას რ., რომელსაც სანადირო თოფის ტარების ნებართვა ჰქონდა და, სავარაუდოდ, დანაშაული ქსენოფობიურ ნიადაგზე მოხდა, რადგან ჩილიმის (კალიანი, ghalyân) მოსაწევ 2 დაწესებულების ვიზიტორები, სადაც თავდამსხმელმა სროლა ატეხა, ძირითადად, ქურთები იყვნენ. პოლიცია მსხვერპლთა ვინაობის დადგენაზე მუშაობს. სამართალდამცველთა ინფორმაციით, სხვა ეჭვმიტანილი არ ჰყავთ.
მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები