საქართველოსპორტი

MMA-ს ქართველმა ჩემპიონმა ემიგრაციაში შვიდი წელი მშენებლობებზე იმუშავა

28 წლის დვალიშვილის ანგარიშზე 14 ბრძოლიდან 10 გამარჯვებაა!

შერეული საბრძოლო ხელოვნებების (MMA) ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ რიო რანჩოში გამართულ ტურნირზე Fight Night 167 დვალიშვილმა ამერიკელი კეისი კენი დაამარცხა.

მერაბ დვალიშვილს ამერიკელ მეტოქესთან ჯახისას ჯამში 12 გდება დაუგროვდა და სუპერმსუბუქ დივიზიონში ახალი რეკორდიც დაამყარა!

ამ გამარჯვებით დვალიშვილი საუკეთესო თხუთმეტეულში მოხვდა და უკვე უძლიერეს სპორტსმენებთან დაპირისპირების საშუალებაც მიეცემა.

უნდა აღინიშნოს, რომ 28 წლის ქართველმა სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიგო.

UFC-ში მოხვედრამდე დვალიშვილმა  რთული გზა გაიარა, რის შესახებაც მისი ძმა, მიხეილ დვალიშვილი Facebook-გვერდზე წერს და ფოტოებს აქვეყნებს.

მერაბ დვალიშვილი 21 წლის ასკში წავიდა ამერიკაში და შვიდი წელი მძიმე ფიზიკური შრომით ირჩენდა თავს.

„მინდა, მივულოცო ჩემს ძმას ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება. ვიცი რომ ის კიდევ ბევრჯერ, უფრო დიდი მაშტაბებით ასახელებს საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰყავდა სპონსორი, მან შეძლო ემიგრაციაში 7 წელი მშენებლობაზე დამქანცველი მუშაობის პარალელურად, სპორტისთვის თავი არ დაენებებინა და დამოუკიდებლად მიდიოდა და მიდის იმ წარმატებისკენ, რასაც ყველა ვხედავთ.

მიუხედავად ბევრი სირთულის და იმედგაცრუებისა, არ დაკარგა პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული. ამიტომ, ასე ამაყად აფრიალებს ქართულ დროშას და გამოდის არენაზე ქართული მუსიკის თანხლებით… მთავარი წარმატებები მერაბს წინ ელოდება, რადგან ურთულესი გზა უკვე გაიარა და ეხლა ნაყოფის მომკის დრო ახლოვდება… მჯერა ის შეძლებს UFC ჩემპიონის ქამრის მოგებას და საქართველოში ჩამოტანას…!” – წერს მიხეილ დვალიშვილი.

მერაბ დვალიშვილი შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაცია UFC-ს ერთადერთი ქართველი მებრძოლია.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close