ვირუსული ფოტო – ჩინელი პოლიციელი და მისი მეუღლე ერთმანეთს გამყოფი მინის მიღმა ესაუბრებიან
პოლიციელი 10 დღის შემდეგ პირველად ხედავს თავის ცოლს, რომელიც მედდად მუშაობს. ეს ფოტო ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალება GUANCHA-ს ქალაქის ერთ-ერთმა მცხოვრებმა გაუგზავნა. ჟურნალისტებმა ფოტო ჩინეთში პოპულარულ სოციალურ ქსელ Weibo-ში ატვირთეს. 2 დღეში მან 20 ათასზე მეტი გაზიარება და ათობით ათასი მოწონება მოაგროვა.
ფოტოს პერსონაჟები – ვანების ოჯახური წყვილია. 47 წლის ვან შუვენი ქალაქ სუინჩჟოუს სამედიცინო უნივერსიტეტის საავადმყოფოში მუშაობს. კორონავირუსის გავრცელების დაწყების შემდეგ უჰანიდან 800 კმ-ის დაშორებით მდებარე სწორედ ამ ქალაქში აღჭურვეს კარანტინის განყოფილება ახალი ტიპის პნევმონიით დაავადებულთა მკურნალობისთვის. ქალაქი უჰანის მსგავსად კარანტინის ზონაშია. შუვენს, ისევე როგორც მის კოლეგებს, პირველი პაციენტის შემოსვლის შემდეგ სამუშაო ადგილი არ დაუტოვებია.
24-საათიან რეჟიმში მუშაობს შუვენის მეუღლე, 48 წლის ვან შენკუნი. იგი პოლიციელია და ქალაქის ქუჩებში კარანტინის წესების დაცვასა და საზოგადოების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ წყვილს 17 წლის ვაჟი ჰყავს, რომელიც პოლიციის აკადემიაში სწავლობს. იმისთვის, რომ როგორმე ენახა მშობლები, ბიჭმა განცხადება დაწერა აკადემიის დირექტორის სახელზე და ახლა იგი მამასთან ერთად სუიჩჟოუს ქუჩებში პატრულირებს.
ფოტოს ავტორი კი ვან შეკუნის კოლეგა აღმოჩნდა – სუიჩჟოუს პოლიციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელი. კოლეგები ერთად მივიდნენ საავადმყოფოსთან საყვარელი მეუღლეების სანახავად მორიგეობის დაწყების წინ.
კომენტარები