პოლიტიკამსოფლიო

2024 წლიდან პარიზში მთავარი ტრანსპორტი ველოსიპედი გახდება

პარიზის „ყველაზე მწვანე“ მერის წინასაარჩევნო დაპირება

პარიზის მერი ან იდალგო გეგმავს, რომ ქალაქი ისეთ ადგილად აქციოს, სადაც ადამიანები სახლიდან 15 წუთის სავალზე შეძლებენ იპოვონ ყველაფერი, რაც დასჭირდებათ. ამასთან ერთად, მერი იმედოვნებს, რომ მოსახლეობა მანქანით მგზავრობის ნაცვლად ველოსიპედით ან ფეხით სიარულს  ამჯობინებს.

გეგმა სახელწოდებით „15 წუთის ქალაქი/Ville Du Quart D’Heure“ პარიზის მერად იდალგოს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასაჯაროვდა. გეგმის მიხედვით, გარკვეული პერიოდის შემდეგ ნელ-ნელა შემცირდება მანქანებისთვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილები (დაახლოებით 72%) და გაიზრდება სივრცე ველოსიპედისტებისა და ქვეითებისთვის. მერს ქალაქის ეკოლოგიურად გარდაქმნა სურს, რომლის მიზანი ჰაერის გაწმენდა და პარიზელთა ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაა.

პარიზის მერი ან იდალგო

Atelier Parisien d’Urbanisme (Apur)-ის მიერ ჩატარებული 2019 წლის კვლევის თანახმად, პარიზში 83 500 ქუჩის ავტოსადგომია განთავსებული – იდალგო კი მათგან 60 000-ის დახურვას გეგმავს (საერთო ჯამში პარიზში სულ 621 600 საპარკინგე სივრცეა).

„15 წუთის ქალაქის“ კონცეფცია პარიზის უნივერსიტეტის პროფესორის, კარლოს მორენოს „ქრონოურბანიზმის“ იდეას ეფუძნება: საერთო მოხმარების ობიექტები, სამსახურები და საშოპინგე ადგილები სახლთან ახლოს იქნება, რაც დროის დაზოგვას ემსახურება.

ქრონო-ურბანიზმი ხაზს უსვამს ქალაქის ექვსი ფუნქციის მნიშვნელობას: ცხოვრება, მუშაობა, მომარაგება, ზრუნვა, სწავლა, სიამოვნება და ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღება. მორენო აღნიშნავს, რომ „ნავთობის ეპოქის პარადიგმა დიდ გავლენას ახდენს გზებსა და ქალაქგეგმარებაზე“, მაგრამ „ყველგანმყოფი მანქანების ხანა მთავრდება“.

პარიზის მერმა საარჩევნო კამპანიისთვის პროფესორის იდეები გაითვალისწინა, რადგან მას სურს, რომ ქალაქის „ყველაზე მწვანე“ მერად მოიაზრებდნენ.

ის პარიზის მერის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს და ამასთანავე პირველი ქალია ამ პოზიციაზე. საფრანგეთში მუნიციპალური არჩევნები მიმდინარე წლის მარტში გაიმართება.

at.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close