მსოფლიომედიცინა

მკვეთრად იმატა კორონავირუსით გარდაცვლილთა და დაავადებულთა რიცხვმა

ჩინეთში გასულ დღე-ღამეში 3-ჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე წინა დღეს

გამართლდა სპეციალისტების პროგნოზი, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია ჯერ ისევ გაუარესდება, სანამ გაუმჯობესება დაიწყებოდეს და რომ პიკი ჯერ კიდევ წინ არის. გასულ ერთ დღე-ღამეში მკვეთრად მოიმატა ჩინეთში კორონავირუსით დაავადების და გარდაცვალების შემთხვევებმა და ამ დროისთვის (13 თებერვლის 13:00 საათი თბილისის დროით) ასეთი სურათია:

დაავადებულია – 60 367 ადამიანი.

გარდაიცვალა 1369 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა და სავადმყოფოებიდან გაეწერა – 6122 ადამიანი

13 თებერვლის დილის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გამოიწვეული პნევმონიისგან ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა სამჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე წინა დღეს.

დაავადების შემთხვევები 10-ჯერ გაიზარდა წინა დღესთან შედარებით და ერთ დღე-ღამეში 14 840-ს მიაღწია.

ლეტალური შემთხვევები ჩინეთის გარეთ აღარ დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის გარდა გარდაცვლილია 2 ადამიანი – ჰონკონგსა და ფილიპინებში.

ევროპაში დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა დიდ ბრიტანეთში და 9-ს მიაღწია. ევროპის სხვა ქვეყნებში მაჩვენებლები არ შეცვლილა: ყველაზე მეტი ინფიცირებული ევროპის ქვეყნებს შორის ამ დროისთვის გერმანიაშია – 16 ადამიანი, საფრანგეთში – 11, ხოლო იტალიაში ისევ 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ყველაზე მეტი ინფიცირებული სინგაპურსა და ჰონკონგშია – 50-50 შემთხვევა. ტაილანდში – 38 შემთხვევა, იაპონიაში – 28.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებას: სინგაპურში გამოჯანმრთელდა 15 ადამიანი, ტაილანდში – 10, იაპონიაში – 9, საფრანგეში – 2, რუსეთში – ორივე ინფიცირებული გაწერეს საავადმყოფოდან; ფინეთში ერთი შემთხვევა იყო და კარგად დასრულდა; ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა დიდ ბრიტანეთში.

იტალიაში ჩინელი ცოლ-ქმარი ჯერ ისევ საავადმყოფოში იმყოფება, იტალიის 29 წლის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ნორმალურია, სიცხეც აღარ აქვს, თუმცა ისიც ჯერ მკურნალობას გადის.

დღეს დილით „ანსამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 20 ჩინელი ტურისტი გაწერეს რომის სპალანცანის საავადმყოფოდან – ისინი 14-დღიან კარანტინში იმყოფებოდნენ, რადგან იმავე ტურისტულ ჯგუფში იყვნენ, რომელშიც ინფიცირებული ჩინელი ცოლ-ქმარი. მათ შორის 5 არასრულწლოვანია.

ამ დროისთვის რომის სპალანცანის სახელობის ჰოსპიტალში უკვე 64 მოქალაქეს ჩაუტარდა ტესტირება. მათგან 46-ის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი იყო და ისინი უკვე გაწერეს. 3 დადასტურებული შემთხვევის გარდა ამჟამად საავადმყოფოში რჩება 14 პაციენტი, რომელთა ტესტირების შედეგებს ელოდებიან.

პალერმოში 28 ჩინელი იმყოფება იზოლაციაში სპეციალურად დაქირავებულ სახლებში. ზოგიერთმა თავად მოინდომა 14-დღიან კარანტინში ყოფნა, რადგან ჩინეთიდან დაბრუნებულებმა, გადაწყვიტეს არ ეკონტაქტონ საკუთარ ოჯახს დაავადების პრევენციის მიზნით.

ერთ-ერთი ჩინელი რესტორატორი „ანსასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ჩინეთში იმყოფებოდა და იქიდან დაბრუნების შემდეგ 14 დღის განმავლობაში არასოდეს გამოსულა სახლიდან და არავისთან ჰქონია კონტაქტი. ახლა საფრთხემ გაიარა და იგი სამუშაოს დაუბრუნდა.

თუმცა იტალიაში ჩინურ დიასპორაში პანიკაა არა ვირუსის, არამედ უსაფრთხოების გამო, რადგან იყო აგრესიის და რასიზმის არაერთი შემთხვევა, როდესაც მათ სიტყვიერის გარდა ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. მაგ., ბოლო შემთხვევა ტურინში, როდესაც ჩინელ წყვილს, 25 და 28 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც სუპერმარკეტში მუშაობენ, უყვირეს, რომ ვირუსით ინფიცირებულები არიან, 28 წლის მამაკაცი სცემეს. „ბოთლები გვესროლეს და მანქანით გაიქცნენ“,- უთხრეს მათ კარაბინერებს.

ნინო ხოშტარია

p. s. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა იაპონიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის გამო. მედიასაშუალებების ინფორმაციით, კორონავირუსის მსხვერპლი გახდა 80 წლის ქალი, რომელიც ტოკიოს სამხრეთით, კანაგავას პრეფექტურაში ცხოვრობდა.

ექიმებმა განმარტეს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობის მკვეთრი ზრდა დათვლის მეთოდიკის ცვლილებამ განაპირობა – თუ 12 თებერვლამდე ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებს ითვლიდნენ, 12 თებერვლიდან იმ პაციენტების რაოდენობაც მიუმატეს, რომელთაც კორონავირუსი კლინიკურად უდასტურდებათ, თუმცა ლაბორატორიული ანალიზის პასუხები ჯერ არ არის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close