fbpx
ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ინტერვიუ ქართველ მამაკაცთან ევთანაზიამდე რამდენიმე საათით ადრე

უდავოა, რომ სიცოცხლის უფლება ყველა ადამიანს აქვს და ამ უფლებას უამრავი კანონი და კონსტიტუცია იცავს.

თუმცა ხანდახან ცხოვრება გაუსაძლისი ხდება და ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს ნებით ასრულებენ, მაგრამ ბევრ ქვეყანაში მათ არა აქვთ სიკვდილის უფლება.

ზოგი ფიქრობს, რომ სიკვდილის უფლების არქონა ასოცირდება თავისუფლების შეზღუდვასთან, რადგან ადამიანი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არჩევანს ნებით ვერ აკეთებს.

სიცოცხლის საკუთარი ნებით დათმობას (ევთანაზია) საზოგადოების დიდი ნაწილი დანაშაულად მიიჩნევს. ქვეყნები, სადაც ევთანაზია კანონითაა დაშვებული, თითზე ჩამოსათვლელია.

ბელგიაში ევთანაზია კანონითაა დაშვებული.

„პრაიმტაიმი“ ბელგიაში მცხოვრებ ქართველს ევთანაზიამდე დაახლოებით 12 საათით ადრე შეხვდა.

72 წლის ივანე ბოლქვაძე ბელგიის ფლანდრიულ ნაწილში, ქალაქ იპერიდან 10 წუთის სავალზე მდებარე დასახლებაში ცხოვრობდა, მეუღლესთან ერთად. მასთან სასაუბროდ მიმავალს ფეხები უკან მრჩებოდა… ვიცოდი, ძალიან მძიმე მოსასმენი იქნებოდა იმ ადამიანის მონათხრობი, რომელმაც რამდენიმე საათის შემდეგ სიკვდილს უნდა ჩახედოს თვალებში, საკუთარი ნებით.

ბატონი ვანოს თქმით, ემიგრაციაში წასვლამდე ის ქუთაისსა და თბილისში ცხოვრობდა.

– 1986 წელს წამოვედი ემიგრაციაში. ჩემს ახლო ნათესავს ჰყავდა პოლონელი ცოლი და მათი მიწვევით ჯერ ვარშავაში წავედით. იქ საბუთები გაგვიკეთეს, იქაური მოქალაქეების სახელითა და გვარით ვცხოვრობდით. ძალიან ძვირი დაგვიჯდა, მაგრამ გარისკვად ღირდა. რამდენიმე წელი იქ ვიცხოვრეთ, შემდეგ გერმანიაში გადავედით. მაშინ გერმანია ჯერ კიდევ ორად იყო გაყოფილი და დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩავედით, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ გერმანია გაერთიანდა კიდეც. აირია იქ ყველაფერი, ძალიან გამკაცრდა სიტუაცია, მღვრიე წყალში თევზის დაჭერის მსურველების მიმართ კონტროლი გაძლიერდა და ვინაიდან ყალბი საბუთებით ვიყავით, შარს მოვერიდეთ და ქვეყანა დავტოვეთ. 1991 წლის აპრილში გადმოვედით ბელგიაში. აქ ბევრი ქალაქი გამოვიცვალეთ და ბოლო 18 წელი იპერში ვცხოვრობდით.

აქაური საბუთები და მოქალაქეობა 2006 წელს მივიღეთ. მანამდე არალეგალები ვიყავით.

სამი შვილი გვყავდა დატოვებული საქართველოში და წარმოიდგინეთ, რომ გარეგნულადაც კი მხოლოდ სურათებით ვიცნობდით. მაშინ კომუნიკაციის ასეთი საშუალება არ იყო. მერე, მოგვიანებით უფროსი შვილებიც აქ ჩამოვიდნენ საცხოვრებლად, უმცროსი ვაჟი ისევ საქართველოში ცხოვრობს. არ თმობს სამშობლოს და ალბათ სწორადაც იქცევა.

თქვენ როდის იყავით ბოლოს საქართველოში?

ბოლოს 3 წლის წინ ვიყავი, მაგრამ საერთო ჯამში, 35 წლის მანძილზე, რაც ემიგრაციაში ვარ, სულ ხუთჯერ ან ექვსჯერ ვარ იქ ნამყოფი. მკითხავთ, ალბათ, რატომ… წლების განმავლობაში, უსაბუთობის გამო, ვერ ვახერხებდი ჩასვლას, მერე გულიც გაცივდა, ნოსტალგია გაქრა, უკვე აღარ მენატრებოდა იქაურობა. ფაქტობრივად, არც არავინ მყავდა იქ, გარდა შვილებისა, რომლებიც თავად ჩამოდიოდნენ აქ, ჩვენთან. წლები ვიმუშავე ავეჯის ფაბრიკაში. ჩემი მეუღლე ოჯახებში დამხმარედ მუშაობდა და ახლაც მუშაობს.

ყველაზე მტკივნეულ თემას მინდა შევეხოთ, მაგრამ თუ გადაიფიქრეთ, აღარ გავაგრძელოთ საუბარი.

რასაც თქვენ გულისხმობთ, ეგ მტკივნეული თემა არ გახლავთ, მაგას შევეჩვიე.

დიდი ხანია, რაც ევთანაზიის გადაწყვეტილება მიიღეთ?

3 წლის წინ დამისვეს პროსტატის ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი. იმის შემდეგ მკურნალობის კურსი ჩავიტარე და რამდენჯერმე ქიმიოთერაპიაც, მაგრამ დაახლოებით 1 წლის წინ, როდესაც ყელის კიბოს დიაგნოზიც დამისვეს, ექიმმა მითხრა, რომ ჩემი შემთხვევა უიმედოა და განკურნებას არ ექვემდებარება. იმის შემდეგ ვფიქრობდი, რომ საჭირო იყო ევთანაზია. წვალებასა და წამებას ჯობს, დავისვენო. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ხნით ადრე დავტოვებ წუთისოფელს. ჩემი მკურნალი ექიმის თქმით, ყველაზე მეტი, 6 თვის სიცოცხლე დამრჩა და ამ საშინელ ტკივილებს ვერ ვუძლებ. სენი მთელ ორგანიზმს მოედო, ხომ ხედავთ, ჩურჩულით ვლაპარაკობ, ინვალიდის სავარძელში ვზივარ და ვიდრე ლოგინს მივეჯაჭვები და ოჯახისთვის ზედმეტ ტვირთად ვიქცევი, მანამ ჯობს, სამუდამო სამყოფელში გავემგზავრო.

გადაწყვეტილების მისაღებად 2 კვირა დამჭირდა. შემდეგ ექიმს გავუმხილე. ზოგიერთ ქვეყანაში ევთანაზია ხდება ექიმის არაპირდაპირი ჩარევით. ის უნიშნავს პაციენტს პრეპარატებს, რომლის მიღებაც ლეტალურ შედეგს იწვევს და პაციენტი თავად წყვეტს, როდის მიიღოს ის. ზოგიერთ ქვეყანაში კი ექიმებს შეუძლიათ, სასიკვდილო კოქტეილი თავად შეუშვან პაციენტის სისხლში. აქაური კანონმდებლობით, ექიმს ევთანაზიის გადაწყვეტილების მიღება შეუძლია მხოლოდ თავისი პაციენტებისთვის, რომელთაც ხანგრძლივად მკურნალობს. ამასთან, პაციენტი ბელგიის მოქალაქე უნდა იყოს და მუდმივად ცხოვრობდეს ამ ქვეყანაში და უნდა იყოს უიმედო მდგომარეობაში – მისი განკურნების იმედი გადაწურული უნდა იყოს, უნდა განიცდიდეს გაუსაძლის ფიზიკურ და მორალურ ტკივილს, რომლის შემსუბუქებაც შეუძლებელია. ეს კი სპეციალურმა კომისიამ უნდა დაადგინოს. როდესაც ექიმს ჩემი სურვილი გავანდე, დიდხანს მესაუბრა, დარწმუნდა, რომ ნაუცბათევი გადაწყვეტილება არ მქონდა მიღებული და მხოლოდ ამის შემდეგ დამთანხმდა. შესაბამისი საბუთები გავაფორმეთ, პროცედურები გავიარეთ და თარიღის დადგენა მე მომანდო. ამის შემდეგ გავიდა ხანგრძლივი 1 წელი და 1 თვის წინ უკვე თარიღიც შევატყობინე.

როგორ აირჩიეთ თარიღი?

მინდოდა, რომ ჩემი დაბადების დღის შემდეგ მომხდარიყო და შაბათ დღეს. სულ ეს ორი პირობა იყო მნიშვნელოვანი და ჩემი დაბადების დღიდან პირველივე შაბათი – პირველი თებერვალი ავირჩიე.

ისე მშვიდად საუბრობთ… არადა, მეგონა, განიცდიდით…

ბუნებრივია, ვღელავ, თუმცა მზად ვარ ამისთვის.

რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც კონკრეტული თარიღი დაადგინეთ?

ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის რა შეიძლება შეიცვალოს?! არაფერი! უბრალოდ, მოგონებებით ვცხოვრობ ეს დღეები. ხვალ, დღის სამ საათზე ექიმი ინიექციას გამიკეთებს და ყველაფერი კარგად იქნება. ექიმი ვალდებულია, ბოლო ამოსუნთქვამდე პაციენტის გვერდით იყოს. როდესაც გარდაცვალების დროს დააფიქსირებს, შემდეგ შემოუშვებენ ოჯახის წევრებს. მხოლოდ მეუღლემ და უფროსმა შვილმა იციან ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. დანარჩენები მოგვიანებით გაიგებენ. იანვრის შუა რიცხვებში საქართველოდან ჩემი შვილი ჩამოვიდა ოჯახით და 3 დღის წინ ოჯახური ვახშამი მოვაწყვეთ იმ საბაბით, რომ ის საქართველოში ბრუნდებოდა. ისე წავიდა, არ მითქვამს მისთვის. ხვალ შეატყობინებენ, მაგრამ არ ეტყვიან, რომ ნებით დავთმე სიცოცხლე. ის ძალიან მორწმუნე ადამიანია და ვიცი მისი აზრი ამ თემაზე. ვახშამზე ყველამ ერთად მოვიყარეთ თავი და უკანასკნელად დავტკბი მათთან ყოფნით.

რაიმე განსაკუთრებული სურვილი გაქვთ?

კლინიკა, სადაც მე ვმკურნალობდი, ბრიუსელშია. იქამდე მანქანით უნდა მივიდეთ ან – მატარებლით. მე მატარებელი ავირჩიე… არ მინდა მანქანით წასვლა. უკანა გზაზე ერთი ბილეთით ნაკლები იყიდეს, რადგან მე 2 დღით კლინიკის მორგში მომიწევს ყოფნა, ისინი კი უკან დაბრუნდებიან. მე ის მაინტერესებს, ბოლო წამებში რაზე ვიფიქრებ… აზრს დავალაგებ ხოლმე, აი, ამაზე ფიქრში დავხუჭავ თვალებს-მეთქი. მერე მგონია, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვან რამეზე ფიქრიც შეიძლება. მორწმუნე ადამიანი არ ვარ და ამიტომ ღმერთსა და მასთან შეხვედრაზე ვერ ვიფიქრებ, თუმცა ვინ იცის…

შემძრა თქვენმა მონაყოლმა…

ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, საშიში არაფერია. საშიში ესაა, ახლა რომ ლაპარაკის დროს ასეთ ტკივილს განვიცდი… ეს ჩემი მონაყოლი ხვალამდე ხომ არ გამოქვეყნდება? ბარემ წავიკითხავდი. თუმცა, იყოს…

გჯერათ სიცოცხლის სიკვდილის შემდეგ?

უკვე გითხარით, რომ მორწმუნე ადამიანი არა ვარ… არ მჯერა, რომ აქაური ცხოვრების გაგრძელება სადმე სხვაგან შეიძლება…

p. s.  ჩვენი საუბრიდან 2 დღის შემდეგ იმ ადამიანს შევეხმიანე, ვინც რესპონდენტთან დამაკავშირა. მან მითხრა, რომ საკუთარი განაჩენის სისრულეში მოყვანას ბატონი ვანო ვაჟკაცურად შეხვდა და დამწუხრებული ოჯახის წევრების გამხიარულებასაც კი ცდილობდა, ბოლო წუთამდე…

ვუსამძიმრებთ ბატონი ვანოს ოჯახს…

ავტორი: მარი ჯაფარიძე

primetime.ge

კომენტარები
თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close