ევროკომისია საფრანგეთის ვეტოს დაძლევის მიზნით ქვეყნების გაწევრიანების წესებში ცვლილების შეტანას გეგმავს. ამის შესახებ REUTERS-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კომისია ცვლილებების პროექტს დღეს, 5 თებერვალს წარადგენს. ახალი წესების მიხედვით, ბლოკის არსებულ წევრებს ახალი სახელმწიფოების მიღების მხრივ მეტ უფლებამოსილებას მისცემენ. კერძოდ, მათ გაწევრიანების პროცესის შეჩერება ან თავიდან დაწყება შეეძლებათ.
რაც შეეხება საფრანგეთს, პარიზში აცხადებენ, რომ ქვეყნის მთავრობას ცვლილებების პროექტი არ უნახავს.
ევროკომისია ცვლილებებზე მას შემდეგ დაფიქრდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოქტომბერში ბლოკში სერბეთის, კოსოვოს, მონტენეგროს, ალბანეთის, ბოსნიის და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა და ვეტო დაადო. მაშინ მან განმარტა, რომ ახალი წევრების მიღების არსებულ წესებს რეფორმა სჭირდება.
შემდეგი სამიტი ამ საკითხზე მაისში, ზაგრებში გაიმართება. ევროკომისიის წევრებს იმედი აქვთ, რომ ცვლილებების მიღების შემდეგ მაკრონი ვეტოს გააუქმებს.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები